1. ქიმიური კვებითი მოწამვლა
  2. გასტროენტერიტი (საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები)
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ქიმიური კვებითი მოწამვლა

კვებითი მოწამვლა ტოქსინის შემცველი მცენარეული ან ხორცისგან მომზადებული საკვების მიღების შედეგია.

  • მოწამვლა ვლინდება მომწამლავი სახეობის სოკოების ან მცენარეების, ან დაბინძურებული თევზის, ან მოლუსკების მიღების შემდეგ.

  • ყველაზე ხშირი სიმპტომებია დიარეა, გულისრევა და ღებინება, ზოგჯერ კრუნჩხვები და დამბლა.

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების შეფასებას და მიღებული საკვების ნარჩენების გამოკვლევას.

  • გარეული და უცნობი სახეობის სოკოსა და მცენარეების, აგრეთვე, დაბინძურებული თევზის მიღებისთვის თავის არიდება ამცირებს მოწამვლის ალბათობას.

  • სითხეებით ჩანაცვლება და კუჭის ტოქსიკური ნივთიერებებისგან გაწმენდა მკურნალობის საუკეთესო ფორმებია; ზოგი ნივთიერება შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს.

სოკოთი (შხამა სოკო) მოწამვლა

სოკოს ბევრი სახეობაა მომწამლავი. ტოქსიკურობის ხარისხი შეიძლება განსხვავებული ჰქონდეს ერთი და იმავე სახეობის სოკოებს მოკრეფის სეზონის, მომზადების წესის მიხედვით. ძალიან მცოდნე ადამიანებისთვისაც კი ძნელია ველურ ბუნებაში მომწამლავი სოკოების განსხვავება უვნებელთაგან. ხალხური წესები არ არის სანდო.

ყველა მომწამლავი სოკო იწვევს ღებინებას და მუცლის ტკივილს. მოხსენიებულის გარდა სხვა სიმპტომების არსებობა სოკოს სახეობაზეა დამოკიდებული. ძირითადად, სოკოები, რომელთა მიღებიდან სიმპტომები 2 საათის განმავლობაში იჩენს თავს, ნაკლებად საშიშია, ვიდრე ისინი, რომელთა მიღების შემდეგ სიმპტომები მოგვიანებით (უმეტესად 6 საათის შემდეგ) ვლინდება. მოწამვლის ადრეული ნიშნებია ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ – სისხლნარევი განავალი.

ზემოაღნიშნულთაგან პირველად მოხსენიებული სოკოებით (მაგალითად, Chlorophyllum molybdates, პატარა ყავისფერი სოკო, იზრდება ბალახში) მოწამვლა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაზიანების სიმპტომებით ვლინდება, სახელდობრ, აღინიშნება ღებინება, ფაღარათი, ზოგჯერ – სისხლნარევი განავალი. გარდა ამისა, პაციენტი შეიძლება უჩიოდეს თავის ტკივილს ან ტკივილს მთელ სხეულში. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი 24 საათში გაივლის ხოლმე.

ადრეულად გამოვლენილი სიმპტომები ზოგჯერ მიუთითებს ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედებაზე თავის ტვინზე ან ზურგის ტვინზე. ეს ე.წ. ჰალუცინოგენური სოკოებია, ფსილოციბის სახეობისა, რომლებიც შეიცავს ჰალუცინოგენ ფსილოციბინს. ამ სოკოს მიღებიდან 15-20 წუთში პაციენტი ეიფორიული ხდება, უძლიერდება წარმოსახვა, ეწყება ჰალუცინაციები, გულისცემა გახშირებულია, სისხლის წნევა იმატებს. ბავშვებს ზოგჯერ ცხელება აღენიშნებათ. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი თავისთავად გაივლის ხოლმე, რაიმე სერიოზული შედეგის გარეშე. ამიტომაც სპეციფიკური მკურნალობა არ არისსაჭირო. თუ პაციენტი ძალიან აჟიტირებულია, ექიმმა შეიძლება დამამშვიდებელი დაუნიშნოს (მაგალითად, ლორაზეპამი).

მრავალი სახეობის ინოციბით და ზოგიერთი კლიტოციბით გამოწვეული მოწამვლისას ტოქსიკური სუბსტანციაა მუსკარინი. სიმტომები იწყება სოკოს მიღების შემდეგ რამდენიმე წუთიდან 2 სთ-მდე დროის მონაკვეთში. გამოხატულია გაძლიერებული ცრემლდენა და ნერწყვდენა, გუგების შევიწროება (კონსტრიქცია), ოფლიანობა, ღებინება, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში, ფაღარათი, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაბინდვა, კომა. სიმპტომები უმეტესად მსუბუქად არის გამოხატული, 12 სთ-ში გაივლის ხოლმე. მძიმედ გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტებს ექიმები ინტრავენურად უკეთებენ ატროპინს, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში აუმჯობესებს მდგომარეობას მომდევნო 24 სთ-ში. ძლიერი მოწამვლისას მკურნალობის გარეშე რამდენიმე საათში შესაძლებელია ფატალური შედეგი.

მოგვიანებული გასტროინტესტინური სიმპტომების გამომწვევი სოკოებია თეთრი შხამა სოკო (Amanita phalloides) და მისი მონათესავე სახეობები (Amanita, Gyromitra და Cortinarius გვარისა). შხამა სოკოს წილად მოდის სოკოთი მოწამვლით განპირობებული სიკვდილობის 95%. ღებინება და ფაღარათი იწყება 6-24 სთ-ში სოკოს მიღების შემდეგ. ზოგჯერ სისხლში შაქრის დონე სახიფათოდ ქვეითდება. სიმპტომები ცხრება რამდენიმე დღით, მაგრამ შემდეგ ვითარდება ღვიძლის, ზოგჯერ კი თირკმლების უკმარისობა. ღვიძლის უკმარისობა იწვევს კანის გაყვითლებას (სიყვითლე). თირკმლების უკმარისობის მქონე პაციენტს შემცირებული აქვს შარდის გამოყოფა ან საერთოდ არ გამოეყოფა. ზოგჯერ სიმპტომები თავისით ჩაცხრება ხოლმე. იმ ადამიანთა ნახევარი, ვისაც ამ ტიპის მოწამვლა აქვს, 5-8 დღეში კვდება. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტი შეიძლება გადარჩეს, თუ მას ღვიძლს გადაუნერგავენ.

გირომიტრა სოკოები იწვევენ გვიან ღებინებას, დიარეას და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითებას. გარდა ამისა, აღინიშნება ტვინზე ტოქსიკური ზემოქმედების ნიშნები (როგორიცაა კრუნჩხვები), რამდენიმე დღის შემდეგ კი – ღვიძლის და თირკმლების უკმარისობა.

კორტინარიოსის სოკოების უმეტესობა ევროპაში მოიპოვება. გასტროენტერიტის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 3 დღე. თირკმლების უკმარისობა გვერდების ტკივილით და შარდის რაოდენობის შემცირებით შეიძლება დაიწყოს სოკოს მიღებიდან 3-20 დღის განმავლობაში. თირკმლების უკმარისობა ხშირად მკურნალობის გარეშე გაივლის ხოლმე.

მცენარეებით მოწამვლა

ხშირად გამოყენებული მცენარეებიდან რამდენიმეა შხამიანი. ძლიერ ტოქსიკური და პოტენციურად ფატალური მცენარეებია აბუსალათინის მარცვლები, ძირტკბილას მარცვლები, მომწამლავი წიწვი (მათოთი), წყლის ციკუტა, აგრეთვე ოლეანდრი, სათითურა, რომელიც შეიცავს დიგიტალისის გლიკოზიდებს. რამდენიმე მცენარით მოწამვლა შეიძლება სპეციფიკური ანტიდოტით განიკურნოს.

აბუსალათინის მარცვლებში შედის რიცინი – ზედმიწევნით კონცენტრირებული შხამი. რიცინს იყენებდნენ ხოლმე მკვლელობის მცდელობებისას. აბუსალათინის მარცვლებს აქვთ ძალიან მჭიდრო ნაჭუჭი, ამიტომ მარცვალი უნდა დაიღეჭოს, რომ შხამი გამოვიდეს. ძირტკბილასმარცვლები გადაყლაპვისთანავე კლავს ადამიანს. ბავშვი შეიძლება მოკვდეს ერთი მარცვლის დაღეჭვის შემდეგ. აბუსალათინის ან ძირტკბილასმარცვლებით მოწამვლას შეუძლია ძლიერი ღებინების და დიარეის (ხშირად სისხლიანი) გამოწვევა გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოგვიანებით იწყება ბოდვა, კრუნჩხვები, რასაც შეიძლება კომა და ფატალური შედეგი მოჰყვეს. ექიმები ცდილობენ ხოლმე მარცვლების კუჭიდან და ნაწლავებიდან ამორეცხვას, სანამ მათი შეწოვა მოხდება.

ციკუტით მოწამვლის სიმპტომები მიღებიდან 15 წუთში ვლინდება პირის სიმშრალით, მოგვიანებით გულისცემის აჩქარებით, კანკალით, ოფლიანობით, კრუნჩხვებით და კუნთების სისუსტით. ლაქოვანი ციკუტით მოწამვლის დროს აღინიშნება გულისრევა და ღებინება, ბოდვა, კრუნჩხვები, კომა.

ოლეანდრს, სათითურას და მათ მსგავს ნაკლებად ტოქსიკურ მინდვრის შროშანას შეუძლია გამოიწვიოს ღებინება და დიარეა, ცნობიერების დაბინდვა, არითმია, კალიუმის მაღალი დონე სისხლში. ეს მცენარეები შეიცავენ საგულე პრეპარატის დიგოქსინის მსგავს ნივთიერებას. ამ მცენარეებით მოწამლულებს ექიმები ზოგჯერ მკურნალობენ იმავე პრეპარატით, რომელიც გამოიყენება დიგოქსინის გადამეტებული დოზის გამოყენების შემდეგ.

ბევრი სხვა მცენარე იწვევს ნაკლებად ტოქსიკურ ეფექტებს.

ზღვის პროდუქტებით მოწამვლა

გასტროენტერიტი შეიძლება გამოიწვიოს ფხიანმა თევზმა და მოლუსკებმა. ფხიანი თევზით გამოწვეული მოწამვლის 3 გავრცელებული ტიპი არსებობს – სიგუატერა, ტეტროდოქსინი და სკომბროიდი.

სიგუატერა: ამ ტიპის მოწამვლა შეიძლება განვითარდეს 400-ზე მეტი სახეობის თევზის საკვებად გამოყენების შემდეგ, რომლებიც ფლორიდის ტროპიკულ რიფებში, ვესტინდოეთში და წყნარ ოკეანეში ბინადრობენ. ტოქსინი წარმოიქმნება დინოფლაგელატებისგან (უმდაბლესი ერთუჯრედიანი ორგანიზმები), რომლებსაც თევზი საკვებად იყენებს და თავის სხეულში აგროვებს. უფრო დიდი ზომა-წონის თევზი ბევრად საშიშია, სხვებთან შედარებით. თევზის გემოზე ეს გავლენას არ ახდენს. თევზის თანამედროვე დამუშავების პროცედურები, მისი თერმული დამუშავების (შეწვა, მოხარშვა) ჩათვლით, ვერ ანადგურებს ტოქსინს. პირველი სიმპტომები – მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, და დიარეა შეიძლება დაიწყოს თევზისგან მომზადებული საკვების მიღებიდან 2-8 სთ-ში და გაგრძელდეს 6-17 სთ. მოგვიანებით ადამიანს ეწყება ქავილი, ჩხვლეტის, სიცხისა და სიცივის შეგრძნება, თავის, კუნთების, სახის ტკივილი. რამდენიმე თვის შემდეგ შეგრძნებები შეიძლება გაქრეს. ექიმები ზოგჯერ ცდილობენ პაციენტის მკურნალობას მანიტოლის გადასხმით (წამალი, რომელიც ამცირებს შეშუპებას და წნევას), მაგრამ გაურკვეველია, მოაქვს თუ არა ამას სარგებლობა.

ტეტროდოქსინით მოწამვლა: გამომწვევია ტოქსინი,რომელიცძაღლთევზას ორგანიზმში მოიპოვება და იაპონური სამზარეულოს კერძებში შეიძლება აღმოჩნდეს (სუში, რომლის ინგრედიენტია ფუგუ [იგივე ბუშტი-თევზი]). თევზის ეს სახეობა უმეტესწილად იაპონიის საზღვაო აკვატორიაში ბინადრობს. მოწამვლის სიმპტომები სიგუატერას ტიპის მოწამვლის სიმპტომების მსგავსია. სასუნთქი ტოქსინი არ ნადგურდება კერძის თერმული დამუშავებისას ან გაყინვისას. მოწამლული კვდება სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

სკომბროიდით მოწამვლა: ზოგიერთი თევზის (სკუმბრია, ტუნა, ზოლებიანი თინუსი და ლურჯი დელფინი) წყლიდან ამოყვანის (დაჭერის) შემდეგ მისი ქსოვილები იშლება და ქსოვილებში ჰისტამინის დიდი რაოდენობა წამოიქმნება. ჰისტამინი ადამიანის სხეულში მოხვედრისას მყისიერად იწვევს სახის ჰიპერემიას. თევზის საკვებად მიღების შემდეგ რამდენიმე წუთში იწყება გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და გამონაყარი (ურტიკარია). ეს სიმპტომები, რომლებიც ხშირად მიიჩნევა ზღვის პროდუქტებით გამოწვეულ ალერგიულ რეაქციად, გრძელდება 24სთ-ზე ნაკლები დროის განმავლობაში. მომზადებული საკვები ცხარეა და მწარე.

თევზით სხვა მოწამვლებისგან განსხვავებით, მოწამვლის ამ ტიპის თავიდან აცილება შეიძლება, თუ დაჭერის შემდეგ თევზი სათანადოდ შეინახება. ანტიჰისტამინური წამლების (დიფენჰიდრამინი და რანიტინი) გამოყენება შეიძლება შედეგიანი აღმოჩნდეს.

მოლუსკებით მოწამვლა: მოლუსკებით მოწამვლა გვხვდება ივნისიდან ოქტომბრამდე, განსაკუთრებით წყნარი ოკეანის და ახალი ინგლისის სანაპიროებზე. მოლუსკებმა (როგორიცაა მიდიები, ხამანწკები ზღვის სავარცხელა) შეიძლება გადაყლაპონ შხამიანი დინოფლაგელატები გარკვეულ პერიოდებში, სახელდობრ, წყალში წითელი სარტყლის გამოჩენისას – ე.წ. წითელი მოქცევის დროს. დინოფლაგელატები წარმოქმნიან ტოქსინს, რომელიც აზიანებს ნერვებს (ასეთ ტოქსინებს ეწოდება ნეიროტოქსინები). ტოქსინი საქსიტოქსინი, რომელიც მოლუსკებით მოწამვლისას დამბლას იწვევს, არ ნეიტრალდება საკვების მომზადების პროცესში. პირველი სიმპტომი, ნემსების ჩხვლეტის შეგრძნება პირის ირგვლივ, იწყება ჭამიდან 5-30 წთ-ში. ამას მოჰყვება ჯერ გულისრევა, ღებინება და მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, შემდეგ კი კუნთების სისუსტე, რომელიც ზოგჯერ თანდათან ძლიერდება, რასაც საბოლოოდ ზედა და ქვედა კიდურების დამბლა მოჰყვება. სასუნთქი კუნთების მკვეთრი სისუსტის გამო ადამიანი შეიძლება მოკვდეს. გადარჩენილები სრულად გამოჯანმრთელდებიან.

დამაბინძურებელი შენაერთებით მოწამვლა

გასტროენტერიტის მიზეზი შეიძლება გახდეს: ისეთი ხილის და ბოსტნეულის გაურეცხავად გამოყენება, რომლებზეც შესხურებულია დარიშხანი, ტყვია, ან ორგანული ინსექტიციდები; ტყვიით მოჭიქული კერამიკული ჭურჭლით გადატანილი მჟავე სითხეების ან კადმიუმით ამოფენილ კონტეინერებში შენახული საკვების გამოყენება.

მკურნალობა

ქიმიური საკვებით მოწამვლის შემდეგ ადამიანთა უმეტესობა სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელდება მხოლოდ სითხეების და ელექტროლიტების ჩანაცვლებითაც კი. როგორც კი სიმპტომები გამოვლინდება, საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით მიღება. თუ ამ უკანასკნელს ვერ ეგუება, მაშინ ადამიანი უნდა გადაიყვანონ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ინტრავენურად სითხეების გადასხმისთვის.

თუ არის შესაძლებელი, ხშირად კარგი აზრია, რაც შეიძლება სწრაფად კუჭის გათავისუფლება ტოქსიკური ნივთიერებისგან. უმეტესობისთვის ღებინება ასრულებს ამ ფუნქციას. პირველი პირნაღებინები მასის მცირე რაოდენობის შენახვა შეიძლება გამოსადეგი იყოს, თუ მოგვიანებით გამოკვლევები გახდება საჭირო. თუ ადამიანი სათანადოდ ვერ აღებინებს და სიმპტომები ძლიერია, ექიმმა შეიძლება კუჭი დაცალოს ცხვირიდან კუჭში პატარა ზონდის მოთავსებით. საფაღარათო საშუალებები ეხმარება ნაწლავებიდან ტოქსინის უფრო მალე გამოდევნას.

ზოგჯერ, როცა ცნობილია ტოქსინი, ინიშნება სპეციფიკური მკურნალობა.