მწვავე პანკრეატიტი პანკრეასის უეცარი ანთებაა. ის შეიძლება მიმდინარეობდეს მსუბუქად ან ძალიან მძიმედ, მაგრამ, როგორც წესი, ჩაცხრობით მთავრდება.
ჰოსპიტალიზებულთა თითქმის 80%-ში მწვავე პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზია ნაღვლის კენჭები და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული პანკრეატიტი ქალებს შორის, მამაკაცებთან შედარებით, 1,5-ჯერ ხშირია. ნორმაში პანკრეასი თორმეტგოჯა ნაწლავში, პანკრეასის სადინარის გავლით, გამოყოფს პანკრეასის წვენს. ეს უკანასკნელი შეიცავს არააქტიური ფორმის მომნელებელ ფერმენტებს და მათ ინჰიბიტორებს, რომლებიც, თორმეტგოჯა ნაწლავში გადასვლამდე, ყველა გააქტიურებულ ფერმენტს შლის. ოდის სფინქტერში კენჭის ჩაჭედვის გამო განვითარებული პანკრეასის სადინარის დახშობა პანკრეასის წვენის დინებას აჩერებს. დახშობა ხშირად დროებითია და იწვევს მცირე დაზიანებას, რომელიც მალე აღდგება. თუ ბლოკადა გახანგრძლივდა, პანკრეასში დიდი რაოდენობით გროვდება გააქტიურებული ფერმენტები, რომლებიც, ინჰიბიტორების არსებობის მიუხედავად, იწყებენ პანკრეასის უჯრედების მონელებას, რაც მწვავე ანთებას იწვევს.
პანკრეასში არსებული პატარა სადინარების (რომლებიც პანკრეასის სადინარში ჩაედინება) დახშობა და, საბოლოოდ, მწვავე პანკრეატიტის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს წლების განმავლობაში ყოველდღიურად 60 გრამამდე ალკოჰოლის მიღებამაც კი (ნახევარი ბოთლი ღვინო, 4 ბოთლი ლუდი ან დაახლოებით 140 მილილიტრი ლიქიორი). პანკრეატიტის შეტევა შეიძლება განვითარდეს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ან საკვების მიღების შემდეგაც. ქვემოთ მწვავე პანკრეატიტის გამომწვევი სხვა მიზეზებიც არის განხილული.
პანკრეასის გაღიზიანება ბევრ წამალს შეუძლია, თუმცა, ანთება მედიკამენტის მიღების შეწყვეტისთანავე ცხრება. პანკრეატიტის მიზეზი ვირუსებიც შეიძლება გახდეს, თუმცა, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ანთება ხანმოკლეა.
მწვავე პანკრეატიტით დაავადებულ თითქმის ყველა პაციენტს აღენიშნება მწვავე ტკივილი მუცლის ზედა ნახევარში, მკერდის ძვლის (სტერნუმი) ქვემოთ. შემთხვევათა 50%-ში ტკივილი გადაეცემა ზურგში. იშვიათად ტკივილი შეიძლება დაიწყოს მუცლის ქვედა ნახევარში. ნაღვლის კენჭებით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტის დროს ხშირად ტკივილი უეცრად აღმოცენდება და რამდენიმე წუთში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს. ალკოჰოლიზმით გამოწვეული პანკრეატიტის დროს ტკივილი რამდენიმე დღის განმავლობაში თანდათან ვითარდება, შემდგომ მუდმივი, მწვავე, გამჭოლი ხდება და რამდენიმე დღე გრძელდება.
ტკივილი ძლიერდება ხველის, მკვეთრი მოძრაობის და ღრმა სუნთქვისას. დამჯდარ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის წინ გადახრამ შესაძლოა ტკივილი შეამსუბუქოს. პაციენტთა უმეტესობას აქვს გულისრევა და ღებინება. ხშირად ინექციური ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების დიდი დოზაც კი ტკივილს სრულად ვერ თრგუნავს.
ზოგიერთ პაციენტს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მწვავე პანკრეატიტი ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო განუვითარდა, შეიძლება ზომიერად გამოხატული ტკივილის გარდა არ ჰქონდეს არც ერთი სიმპტომი. სხვები თავს ძალიან ცუდად გრძნობენ. ისინი ავადმყოფურად გამოიყურებიან, ოფლიანობენ, აქვთ ჩქარი პულსი (100-140 დარტყმა წუთში) და ზედაპირული, სწრაფი სუნთქვა. ეს უკანასკნელი შეიძლება განვითარდეს იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა ფილტვების ანთება, ჩაჩუტული ფილტვი (ატელექტაზი) ან გულმკერდის ღრუში სითხე (პლევრის გამონაჟონი). ამ დროს შემცირებულია ფილტვის ქსოვილის მოცულობა, რაც ჰაერიდან სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებას აქვეითებს.
სხეულის ტემპერატურა დასაწყისში შეიძლება იყოს ნორმალური, მაგრამ რამდენიმე საათში ის 37.7ºC-38.3ºC-მდე იმატებს. სისხლის წნევა შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი, მაგრამ როდესაც ფეხზე წამოდგომისას ქვეითდება და იწვევს სიფერმკრთალეს. მწვავე პანკრეატიტის პროგრესირებისას პაციენტის ცნობიერება თანდათან იბინდება, ზოგი შეიძლება უგონოდაც იყოს. ხანდახან თვალის თეთრი ნაწილი (სკლერა) მოყვითალო ფერის ხდება.
გართულებები: გააქტიურებულ ფერმენტებსა და ტოქსინებს, როგორიცაა ციტოკინები, პანკრეასის დაზიანების გამო სისხლში შეღწევის საშუალება ეძლევათ, რაც აქვეითებს სისხლის წნევას და აზიანებს მუცლის ღრუს გარეთ მდებარე ორგანოებს (ფილტვები და თირკმლები). პანკრეასის ის ნაწილი, რომელიც ინსულინს გამოიმუშავებს, ძირითადად არ ზიანდება. მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტთაგან ხუთიდან ერთს უვითარდება შებერილობა მუცლის ზედა ნახევარში, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კუჭის და ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების შეზღუდვით (მდგომარეობა, რომელიც ილეუსის სახელითაა ცნობილი).
მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს პანკრეასის ნაწილი კვდება (ნეკროზული პანკრეატიტი). მოხსენიებულის შედეგად, სისხლმა და პანკრეასის წვენმა შეიძლება მუცლის ღრუში გაჟონოს, რაც იწვევს სისხლის მოცულობის შემცირებას და სისხლის წნევის მკვეთრ ვარდნას, ზოგჯერ შოკსაც კი. მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტი შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდეს.
ავადმყოფობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ განსაკუთრებით მაღალია ანთებადი პანკრეასის დაინფიცირების რისკი. ექიმი ეჭვობს ინფექციაზე, როდესაც სხვა სიმპტომების უკუგანვითარების ფონზე პაციენტის საერთო მდგომარეობა უარესდება – მატულობს სხეულის ტემპერატურა და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა. დიაგნოზი დასტურდება სისხლის სინჯში ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების შესწავლით და კომპიუტერული ტომოგრაფიით (კტ). ექიმმა შეიძლება კანის გავლით შეიყვანოს ნემსი პანკრეასში და აიღოს ქსოვილის ნიმუში ინფიცირებული პანკრეასიდან. ინფექციას მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. ინფიცირებული და მკვდარი ქსოვილის მოცილება, როგორც წესი, ქირურგიული გზით ხდება.
პანკრეასის ფერმენტების, სითხის და ქსოვილის ნარჩენების კონგლომერატი ზოგჯერ ცისტას (ფსევდოცისტა) აყალიბებს და ბუშტივით იბერება. თუ ფსევდოცისტა დიდ ზომას აღწევს, იწვევს ტკივილს და სხვა სიმპტომებს, საჭიროა მისი სასწრაფოდ დრენირება, რადგან ფსევდოცისტის ზომაში გაზრდა, დაინფიცირება, სისხლდენა ან გახეთქვა შეიძლება პაციენტის სიკვდილის მიზეზი გახდეს. ფსევდოცისტის დრენირებისას ითვალისწინებენ მის მდებარეობას. დრენირება შეიძლება განხორციელდეს ქირურგიული პროცედურის სახით, კანგავლითი გზით კათეტერის შეყვანით ან ენდოსკოპის (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) საშუალებით, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში თავსდება პირის გავლით კუჭში ან ნაწლავში და ხელს უწყობს ცისტის შიგთავსის გამოდენას.
მწვავე პანკრეატიტის არსებობაზე ექიმს მიანიშნებს დამახასიათებელი მუცლის ტკივილი, განსაკუთრებით ნაღვლის ბუშტის დაავადების ან ალკოჰოლისადმი მიდრეკილების არსებობისას. გასინჯვისას შეიმჩნევა მუცლის კუნთების დაჭიმულობა. მუცელზე სტეტოსკოპით მოსმენისას ნაწლავის ხმიანობა არ ისმის ან ძალიანაა შესუსტებული. მწვავე პანკრეატიტის დამადასტურებელი რაიმე ერთი კონკრეტული ტესტი არ არსებობს. დიაგნოზის დასასმელად ტესტების ერთობლიობა გამოიყენება. სისხლში პანკრეასის ორი ფერმენტის – ამილაზას და ლიპაზას დონე ავადმყოფობის პირველ დღესვე იმატებს და, ჩვეულებრივ, მე-3-7 დღეს ნორმას უბრუნდება.
თუ პაციენტს აქვს პანკრეატიტის გამწვავების რამდენიმე ტალღა (შეტევები), ფერმენტების დონემ შეიძლება აღარ მოიმატოს, რადგან ამ შემთხვევაში პაკრეასის იმდენად დიდი ნაწილი ზიანდება, რომ მცირე რაოდენობით რჩება ის უჯრედები, რომლებიც ფერმენტებს გამოიმუშვებს. სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა ხშირად მომატებულია.
მუცლის ღრუს რენტგენით გამოკვლევისას შეიძლება გამოჩნდეს ნაწლავის გაფართოებული მარყუჟები ან, იშვიათად, ერთი ან მეტი ნაღვლის კენჭი. გულმკერდის რენტგენმა შეიძლება გამოავლინოს ჩაჩუტული ფილტვის ქსოვილი ან სითხის დაგროვება გულმკერდის ღრუში. ულტრასონოგრაფიით დგინდება კენჭების არსებობა ნაღვლის ბუშტში, ზოგჯერ ნაღვლის საერთო სადინარში. ასევე შეიძლება ინახოს პანკრეასის შეშუპება.
კომპიუტერული ტომოგრაფია, პანკრეასის ანთების გამოსავლენად, ძირითადად იმ პაციენტებისთვის გამოიყენება, რომელთაც აქვთ მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტი ან ისეთი გართულება, როგორიცაა უკიდურესად დაქვეითებული სისხლის წნევა. სურათი იმდენად ნათელია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია ექიმს მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტებაში ეხმარება.
მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს დაავადების გამოსავალი ანუ პროგნოზი კომპიუტერული ტომოგრაფიით შეიძლება განისაზღვროს. თუ გამოსახულება გვიჩვენებს, რომ პანკრეასი მცირედ არის შეშუპებული, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ გამოსახულებით დასტურდება პანკრეასის დიდი ფართობის დაზიანება, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.
მწვავე პანკრეატიტის მსუბუქი ფორმის დროს პაციენტების დაახლოებით 5% ან უფრო ნაკლები კვდება. მძიმე და სისხლდენით მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს, ან იმ შემთხვევებში, როდესაც ანთების კერა პანკრეასით არ შემოისაზღვრება, სიკვდილის სიხშირემ შეიძლება 10-50%-ს მიაღწიოს. პირველ რამდენიმე დღეში სიკვდილი, ძირითადად, გამოწვეულია გულის, ფილტვების ან თირკმლების უკმარისობით. პირველი კვირის შემდეგ სიკვდილის მიზეზი, როგორც წესი, არის პანკრეასის ინფექცია, ფსევდოცისტიდან სისხლდენა ან მისი გასკდომა.
მსუბუქად მიმდინარე პანკრეატიტის მკურნალობა, ძირითადად, გულისხმობს ჰოსპიტალიზაციას. ტკივილის მოსახსნელად პაციენტს აძლევენ ტკივილგამაყუჩებელ წამლებს და აშიმშილებენ, რათა დაასვენონ პანკრეასი. ნორმალური კვება შეიძლება დაიწყოს 2-3 დღის შემდეგ, სხვა რაიმე მკურნალობის გარეშე.
საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე ფორმების დროს ჰოსპიტალიზაცია აგრეთვე აუცილებელია. საკვებისა და სითხის მიღება ასტიმულირებს პანკრეასს, ამიტომაც პაციენტს არც ერთი ეძლევა და არც მეორე. ტკივილი და გულისრევა ინტრავენურად შეყვანილი წამლებით კონტროლირდება. ასევე ინტრავენურად შეჰყავთ სითხეებიც. მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს პაციენტი თავსდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, სადაც მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან სასიცოცხლო ფუნქციებს (გულისცემისა და სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა) და შარდის გამოყოფას. ტარდება სისხლის განმეორებითი გამოკვლევები – ჰემატოკრიტი, შაქრის (გლუკოზა) და ელექტროლიტების დონე, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობა, ამილაზას და ლიპაზას დონე. სითხისა და ჰაერის ამოსაღებად შეიძლება საჭირო გახდეს ცხვირიდან კუჭში მილის ჩადგმა (ნაზოგასტრული მილი), განსაკუთრებით მაშინ, თუ გულისრევა და ღებინება გრძელდება და სახეზეა გასტროინტესტინური გაუვალობა. პაციენტს საკვები ეძლევა ინტრავენურად, ნაზოგასტრული მილით ან ორივე გზით.
სისხლის დაბალი წნევის ან შოკის დროს წნევის შესანარჩუნებლად მიმართავენ სითხეების ინტრავენურ გადასხმას, გულდასმით და გამუდმებით აკვირდებიან გულის ფუნქციურ მდგომარეობას. ზოგჯერ ჟანგბადის დამატებაა საჭირო, ხოლო უკიდურესად მძიმე შემთხვევებში – ხელოვნური სუნთქვის აპარატის გამოყენება.
ნაღვლის კენჭებით გამოწვეული მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის ტაქტიკა მისი მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. პანკრეატიტის მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის ქირურგიული გზით მოცილება პანკრეატიტის სიმპტომების ჩაცხრობამდე შეიძლება გადავადდეს. მძიმედ მიმდინარე პანკრეატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია. ნაღველკენჭოვანი დაავადებით გამოწვეული პანკრეატიტების 80%-ზე მეტ შემთხვევაში კენჭის ქირურგიული გზით მოცილება არ ხდება საჭირო, ის სპონტანურად მოსცილდება სანაღვლე გზებს. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით კენჭის ამოღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ჰოსპიტალიზაციიდან 24 საათის შემდეგ მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სახეზეა სანაღვლე გზების ინფექცია (ქოლანგიტი).