ქრონიკული პანკრეატიტი პანკრეასის ხანგრძლივი ანთებაა, რომელიც საბოლოოდ პანკრეასის სტრუქტურისა და ფუნქციის შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ქრონიკული პანკრეატიტის გამომწვევის განსაზღვრა ან ვერ ხერხდება (იდიოპათიურია), ან დაავადება ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შედეგია. ნაკლებად ხშირია სხვა გამომწვევები: მემკვიდრული წინასწარგანწყობა, ჰიპერპარათიროიდიზმი, პანკრეასის სადინარის დახშობა, განპირობებული მისი შევიწროებით, ნაღვლის კენჭებით ან კიბოთი. იშვიათად, მძიმედ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტის დროს სადინარი იმდენად შეიძლება შევიწროვდეს, რომ ქრონიკული პანკრეატიტი გამოიწვიოს. ტროპიკულ ქვეყნებში (მაგ., ინდოეთი, ინდონეზია და ნიგერია) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის უცნობი ეტიოლოგიის ქრონიკული პანკრეატიტი გვხვდება.
ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები მწვავე პანკრეატიტის სიმპტომების იდენტური შეიძლება იყოს. ის ძირითადად ორი სახისაა. ერთ შემთხვევაში პაციენტს მუცლის შუა მიდამოში აქვს მუდმივიტკივილი, რომლის ინტენსივობაც ვარირებს. ამ დროს უფრო სავარაუდოაქრონიკული პანკრეატიტის ისეთი გართულებები, როგორიცაა ანთებითი მასა და ცისტა ან პანკრეასის სიმსივნე. სხვა შემთხვევაში, პაციენტს აქვს პერიოდული გამწვავებები (შეტევები) მსუბუქად და საშუალოდ მიმდინარე მწვავე პანკრეატიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ზოგჯერ ტკივილი ძლიერია და გრძელდება საათების ან რამდენიმე დღის განმავლობაში. ორივე შემთხვევაში,ქრონიკული პანკრეატიტის პროგრესირებისას, ის უჯრედები, რომლებიც მომნელებელ ფერმენტებს გამოიმუშავებენ, თანდათან ნადგურდება, რასაც საბოლოოდ ტკივილის შეწყვეტა მოჰყვება ხოლმე.
მომნელებელი ფერმენტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად (მდგომარეობა, რომელსაც უწოდებენ პანკრეასის უკმარისობას) საკვები ადეკვატურად ვეღარ გადამუშავდება. გადაუმუშავებელი საკვები სათანადოდ ვერ შეიწოვება (მალაბსორბცია), პაციენტს შეიძლება აღენიშნოს სიმძიმის შეგრძნება, მყრალსუნიანიცხიმიანი განავალი (სტეატორეა), რომელიც ღია ფერისაა და შეიძლება შეიცავდეს ცხიმის წვეთებს. განავალში შეიძლება აღმოჩნდეს მოუნელებელი კუნთის ბოჭკოები. არაადეკვატური აბსორბცია განაპირობებს წონაში კლებას. საბოლოოდ პანკრეასის ინსულინის წარმომქმნელი უჯრედები ნადგურდება და თანდათან ვითარდება დიაბეტი.
ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების ან წარსულში მწვავე პანკრეატიტის გამწვავებების არსებობის, ან პაციენტის მიერ ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების ფაქტს. ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზისთვის სისხლის ანალიზები ნაკლებად გამოსაყენებელია, თუმცა შეიძლება ინახოს ამილაზას და ლიპაზას მომატებული დონე. სისხლის ტესტი შეიძლება გამოვიყენოთ სისხლში შაქრის (გლუკოზა) დონის განსაზღვრისთვის. მოხსენიებული შეიძლება მომატებული იყოს.
კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება ქრონიკული პანკრეატიტის შედეგად განვითარებულ ცვლილებებზე დასაკვირვებლად. სადღეისოდ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ექიმები კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაცვლად ატარებენ მაგნიტურ-რეზონანსულ გამოსახულებით კვლევას (MRI), რომელსაც მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ეწოდება (MRCP). მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიით,კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით, უფრო მკაფიოდ ჩანს ნაღვლისა და პანკრეასის სადინარები.
ქრონიკული პანკრეატიტის პერიოდული გამწვავებების მკურნალობა მწვავე პანკრეატიტის მკურნალობის მსგავსია. ქრონიული პანკრეატიტის ყველა შემთხვევაში, მაშინაც კი, როდესაც ალკოჰოლი არ არის პანკრეატიტის გამომწვევი მიზეზი, პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ალკოჰოლის მიღებას. საკვების მიღების შეწყვეტამ და ინტრავენურად სითხეების გადასხმამ შეიძლება დაასვენოს პანკრეასი და ნაწლავები, შეამსუბუქოს ტკივილით თანხლებული გამწვავებები. დამატებით, ტკივილის მოსახსნელად ზოგჯერ საჭიროა ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების მიღება. ხშირად ეს ღონისძიება ვერ ამსუბუქებს ტკივილს და საჭირო ხდება ოპიოიდების დოზის გაზრდა, რაც პაციენტს დამოკიდებულების განვითარების რისკს უქმნის. ქრონიკული პანკრეატიტის დროს ტკივილის მართვა ხშირად არადამაკმაყოფილებელია.
გამწვავების სიხშირე და ინტენსივობა მოგვიანებით შეიძლება შეამციროს დაბალცხიმიანი საკვების დღეში ოთხჯერ ან ხუთჯერ მიღებამ. თუ ტკივილი გრძელდება, ექიმი ეძებს გართულებებს, სახელდობრ, ანთებითი კერის არსებობას პანკრეასის თავში ან ფსევდოცისტას (პანკრეასის ფერმენტების, სითხის და ქსოვილის ნარჩენების ერთობლიობა). ანთებითი მასა შესაძლოა საჭიროებდეს ქირურგიულ მკურნალობას. თუ პანკრეასის ფსევდოცისტა იზრდება და ტკივილს იწვევს, შეიძლება, საჭირო გახდეს მისი დრენირება.
თუ პაციენტს ტკივილი გაუხანგრძლივდა, მაგრამ არ აქვს გართულებები, ტვინისკენ მიმავალი ტკივილის იმპულსების დასაბლოკად პაციენტს ექიმმა შეიძლება ურჩიოს პანკრეასიდან მომავალ ნერვებში ტკივილგამაყუჩებელი ლიდოკაინისა და კორტიკოსტეროიდების კომბინირებული ინექციის გაკეთება. საკმაოდ ხშირად ეს პროცედურა არაეფექტურია. თუ პანკრეასის სადინარები დილატირებულია ან პანკრეასის მიდამოში ანთებითი მასაა, არჩევანი, შესაძლოა, ქირურგიულ მკურნალობაზე შეჩერდეს. მაგალითად, როდესაც პანკრეასის სადინარები დილატირებულია, პანკრეასსა და წვრილ ნაწლავს შორის შუნტის დადება დაახლოებით 70-80%-ში ხსნის ტკივილს. როდესაც სადინარი არ არის დილატირებული, შესაძლოა, პანკრეასის ნაწილი გახდეს მოსაცილებელი. ამ შემთხვევაში პანკრეასს ის უჯრედებიც სცილება, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ და, შესაძლოა, დიაბეტი განვითარდეს. მათთვის, ვინც შეწყვიტა ალკოჰოლის მიღება და შეძლებს განვითარებულიდიაბეტის მართვას, ექიმებირეზერვად იტოვებენქირურგიულ ჩარევას. მათ, ვინც მომნელებელ ფერმენტებს ადეკვატურად ვეღარ წარმოქმნის, საკვებთან ერთად აძლევენ მომნელებელი ფერმენტების ექსტრაქტის ტაბლეტებს ან კაფსულებს, რომელთა მიღებამ განავალი ნაკლებცხიმიანი შეიძლება გახადოს და საკვების შეწოვა გააუმჯობესოს, თუმცა, ეს პრობლემა იშვიათად ელიმინირდება. საჭიროების შემთხვევაში, პანკრეასულ ფერმენტებთან ერთად, პაციენტმა შეიძლება მიიღოს ჰისტამინ-2-ის (H2) ბლოკერი ან პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (წამლები, რომლებიც ამცირებენ ან აღკვეთენ კუჭის მჟავას პროდუქციას). ასეთი მკურნალობის შედეგად პაციენტი, როგორც წესი, წონაში იმატებს, დღის მანძილზე ნაწლავთა მოქმედება იშვიათდება, განავალში აღარ არის ცხიმის წვეთები და პაციენტი ზოგადად თავს უკეთ გრძნობს. თუ ეს ზომები უშედეგოა, პაციენტმა შეიძლება სცადოს ცხიმის მიღების შემცირება. შეიძლება საჭირო გახდეს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E და K) დამატება.
ქრონიკული პანკრეატიტით გამოწვეული დიაბეტის სამკურნალოდ ორალური ჰიპოგლიკემიური წამლები იშვიათად გამოიყენება. ძირითადად საჭირო ხდება ინსულინის მიღება, თუმცა ამან შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს, რადგანაც ასეთ ადამიანებს გლუკაგონის დონე დაქვეითებული აქვთ. ეს ის ჰორმონია, რომელიც ინსულინის ეფექტს აბალანსებს. სისხლში ინსულინის სიჭარბემ, შესაძლოა სისხლში შაქრის დონე დააქვეითოს, რაც შეიძლება ჰიპოგლიკემიური კომის განვითარებით დამთავრდეს.