1. ცელიაკია სპრუ
  2. მალაბსორბცია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ცელიაკია სპრუ

ცელიაკია სპრუ (არატროპიკული სპრუ, გლუტენმგრძნობიარე ენტეროპათია, ცელიაკია) არის მემკვიდრეობითი გლუტენის აუტანლობა (ხორბლის, ქერის და შვრიის შემადგენლობაში შემავალი ცილა), რაც იწვევს წვრილი ნაწლავის ამომფენი გარსის დამახასიათებელ ცვლილებებს და შედეგად შეწოვის დარღვევას (მალაბსორბციას).

  • ნაწლავის ამომფენი გარსი ანთებითი ხდება ცილა გლუტენის მიღების შემთხვევაში. მოზრდილებში სიმპტომები მოიცავს დიარეას, კვების დეფიციტს, და წონაში კლებას. ბავშვებში – მუცლის შებერილობას და უხვ და ძალიან მყრალ განავალს.
  • დიაგნოზი ტიპურ სიმპტომებსა და წვრილი ნაწლავის ამომფენი გარსიდან აღებული ქსოვილის ნიმუშის გამოკვლევას ემყარება.
  • პაციენტთა უმრავლესობა უგლუტეინო დიეტაზე თავს კარგად გრძნობს.
  • ცელიაკია სპრუ სამხრეთ-დასავლელ ირლანდიელებში 150-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში, ევროპაში 300-დან 1-ზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში სავარაუდოდ 250 ადამიანიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში გვხვდება. ის ჯერ კიდევ ძალიან იშვიათია აფრიკაში, იაპონიასა და ჩინეთში. აქ მნიშვნელოვანია გენეტიკური კომპონენტი. ცელიაკიით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს ჰყავს ცელიაკიის მქონე ახლო ნათესავი. ამ დაავადების დროს გლუტენი – ცილა, რომელსაც შეიცავს ხორბალი და უფრო ნაკლებად ქერი, ჭვავი და შვრია – იმუნური სისტემის მიერ გარკვეული ანტისხეულების წარმოქმნას ასტიმულირებს. ეს ანტისხეულები აზიანებენ წვრილი ნაწლავის შიგნითა ამომფენ შრეს და, შედეგად, იწვევენ ხაოების გადასწორებას. გადასწორებული ზედაპირი იწვევს საკვები ნივთიერებების შეწოვის დარღვევას. თუმცა, თუ პაციენტი გლუტენის შემცველი საკვების მიღებას შეწყვეტს, წვრილი ნაწლავის ნორმალური ყაეთნოვანი ზედაპირი და ფუნქცია აღდგება.

სიმპტომები

სიმპტომები ზოგ პაციენტს ბავშვობაში უვითარდება, ზოგჯერ კი მოზრდილობამდე არ ვლინდება. სიმპტომების სიმწვავე წვრილი ნაწლავის დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

მოზრდილებს, რომელთაც დაავადების კლასიკური, ტიპური ფორმა აქვთ, აწუხებთ დიარეა, კვების დეფიციტი და წონაში კლება. თუმცა, ზოგიერთს საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმპტომები საერთოდ არ აქვს. ცელიაკიით დაავადებულთა დაახლოებით 10%-ს კანზე უჩნდება მტკივნეული გამონაყარი პატარა ბუშტუკების სახით, ქავილით. ეს დაავადება ჰერპეტიფორმული დერმატიტის სახელითაა ცნობილი.

ბავშვებს, გლუტენის შემცველი საკვების მიღებამდე სიმპტომები არ აღენიშნებათ. ზოგ ბავშვს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტი აქვს მუცელში, სხვებს – მტკივნეული მუცლის შებერილობა და ღია ფერის, უჩვეულოდ უხვი და მყრალი სუნის განავალი (სტეატორეა).

ცელიაკიის დროს, მალაბსორბციით გამოწვეულმა ნივთიერებათა დეფიციტმა შეიძლება დამატებითი სიმპტომების აღმოცენება განაპირობოს, რაც, როგორც ჩანს, უმეტესწილად ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. ზოგ ბავშვს აღენიშნება ზრდის ანომალია, სახელდობრ სიმაღლეში ჩამორჩენა. რკინის დეფიციტის გამო განვითარებული ანემია იწვევს დაღლილობასა და სისუსტეს. სისხლში ცილების დაბალმა დონემ შეიძლება სითხის შეკავება და ქსოვილების შეშუპება გამოიწვიოს. B12 ვიტამინის შეწოვის დარღვევამ შეიძლება ნერვების დაზიანება და, შედეგად, ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვიოს. კალციუმის შეწოვის დარღვევა იწვევს ძვლის ზრდის ანომალიას, ძვლის მოტეხილობის რისკის მატებას და სახსრების და ძვლების ტკივილს. კალციუმის ნაკლებობამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს კბილების ფერის ცვლილება და მტკივნეული კარიესისადმი მიდრეკილება. ცელიაკიით დაავადებულ გოგონებს, ჰორმონების დაბალი პროდუქციის გამო (მაგალითად ესტროგენი), შეიძლება მენსტრუალური ციკლი არ ჰქონდეთ.

დიაგნოზი

დაავადების არსებობაზე ეჭვის საფუძველია ზემოთ აღწერილი სიმპტომები. სპეციფიკური ანტისხეულების დონის გაზომვა, რომლებიც ცელიაკიით დაავადებულებში გლუტენის მიღებისას გამომუშავდება, შეიძლება დამხმარე ტესტად ჩაითვალოს. დიაგნოზი დასტურდება, ბიოპტატის მიკროსკოპიული გამოკვლევის შედეგებით ვლინდება წვრილი ნაწლავის გადასწორებული ხაოები. პაციენტის მიერ გლუტენის შემცველი საკვების მიღების შეწყვეტის შემდეგ მდგომარეობა უმჯობესდება.

პროგნოზი და მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთა უმეტესობა უგლუტეინო დიეტაზე თავს კარგად გრძნობს, გახანგრძლივებული ცელიაკია შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს პაციენტთა იმ მცირე პროცენტისთვის, რომელთაც ნაწლავის ლიმფომა უვითარდებათ. ცნობილი არ არის, ამცირებს თუ არა მკაცრი უგლუტეინო დიეტა ისეთი გართულებების განვითარების რისკს, როგორიცაა ნაწლავის კიბო ან ლიმფომა.

ცელიაკიით დაავადებულმა პაციენტებმა საკვებიდან უნდა გამორიცხონ გლუტენი, რადგან სულ მცირე რაოდენობის მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები. უგლუტენო დიეტაზე პასუხი, როგორც წესი, სწრაფია. წვრილი ნაწლავის ყაეთნოვანი ზედაპირი და შეწოვის ფუნქცია გლუტენის შეზღუდვისთანავე ნორმას უბრუნდება. გლუტენი ბევრი პროდუქტის შემადგენელია, რის გამოც ცელიაკიით დაავადებულები საჭიროებენ იმ პროდუქტების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც არ შეიძლება მიიღონ აგრეთვე დიეტოლოგის კონსულტაციისას. გლუტენს შეიცავს, მაგალითად, კომერციული წვნიანები, სოუსები, ნაყინი და ჰოთ-დოგი.

ზოგ პაციენტს სიმპტომები უგრძელდება მაშინაც კი, როდესაც გლუტენს არ იღებს. ასეთ შემთხვევებში ან დიაგნოზია არასწორი, ან დაავადების ის სტადია, რომელიც ცელიაკიის სახელითაა ცნობილი. ამ უკანასკნელის დროს შეიძლება ეფექტური გამოდგეს კორტიკოსტეროიდებით, მაგალითად პრედნიზონით, მკურნალობა. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც უგლუტენო დიეტა და წამლით მკურნალობა უეფექტოა, საჭირო ხდება ინტრავენური კვება. ზოგჯერ ბავშვებში დიაგნოზის დასმისას დაავადება უკვე სერიოზული ხასიათისაა და უგლუტენო დიეტის დაწყებამდე ინტრავენური კვებაა საჭირო.