ტროპიკული სპრუ უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში მცხოვრებლებს შორის გვხვდება და ხასიათდება წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის პათოლოგიური ცვლილებებით, რაც შეწოვის დარღვევასა და ბევრი საკვები ნივთიერების დეფიციტს იწვევს.
ტროპიკული სპრუ უმთავრესად გვხვდება კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შეიძლება დაავადდეს როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ისე სტუმარი. ბავშვები იშვიათად ავადდებიან. გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა გარკვეული მტკიცებულებები ინფექციური გენეზის სასარგებლოდ მეტყველებს.
ტროპიკული სპრუს დამახასიათებელი სიმპტომებია: ღია შეფერილობის განავალი, ქრონიკული დიარეა და წონაში კლება. შეიძლება განვითარდეს სპეციფიკური საკვები ნივთიერებების მალაბსორბციით გამოწვეული სხვა სიმპტომებიც. B2ვიტამინის დეფიციტი იწვევს ენის ტკივილს, ანემია შეიძლება განვითარდეს რკინის, ვიტამინ B12-ისან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შედეგად. ის დაღლილობითა და სისუსტით ვლინდება.
ტროპიკული სპრუს დიაგნოზზე ეჭვი იბადება, თუ ანემია და შეწოვის დარღვევის სიმპტომები აქვს პაციენტს, რომელიც ცხოვრობს ან უკანასკნელ ხანებში სტუმრობდა ისეთ ადგილს, სადაც ეს დაავადება ხშირია. რენტგენით კვლევა ყოველთვის არ გამოავლენს წვრილი ნაწლავის პათოლოგიას. წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიურმა ბიოფსიამ (დრეკადი მილის საშუალებით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება და მისი მიკროსკოპიული კვლევა) შეიძლება გამოავლინოს ზოგიერთი დამახასიათებელი, მაგრამ არასპეციფიკური ცვლილება. პარაზიტული ან ბაქტერიული მიზეზის გამოსარიცხავად ტარდება განავლის ანალიზი.
პაციენტს, რომლის სავარაუდო დიაგნოზი ტროპიკული სპრუა, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. ტეტრაციკლინის მიღება გრძელდება თვეების განმავლობაში. კვებითი დანამატები, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავა და ვიტამინ B12ინიშნება საჭიროებისამებრ. მკურნალობა ეფექტურია, პაციენტი იკურნება.