ტროპიკული სპრუ | მკურნალი.გე
  1. ტროპიკული სპრუ
  2. მალაბსორბცია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ტროპიკული სპრუ

ტროპიკული სპრუ უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა, რომელიც ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში მცხოვრებლებს შორის გვხვდება და ხასიათდება წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის პათოლოგიური ცვლილებებით, რაც შეწოვის დარღვევასა და ბევრი საკვები ნივთიერების დეფიციტს იწვევს.

  • დაავადება შეიძლება ინფექციით იყოს გამოწვეული, თუმცა ჭეშმარიტი გამომწვევი მიზეზი უცნობია;
  • დამახასიათებელი სიმპტომებია: ანემია, ღია ფერის განავალი, ქრონიკული დიარეა და წონაში კლება;
  • ექიმი დიაგნოზის დასმისას ეყრდნობა იმ პაციენტების სიმპტომების შეფასების შედეგებს, ვინც ცხოვრობს ან უკანასკნელ ხანებში სტუმრობდა იმ ადგილს, სადაც ეს დაავადება ხშირია;
  • დაავადების სამკურნალოდ ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინი გამოიყენება.

ტროპიკული სპრუ უმთავრესად გვხვდება კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში, სამხრეთ ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შეიძლება დაავადდეს როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ისე სტუმარი. ბავშვები იშვიათად ავადდებიან. გამომწვევი მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა გარკვეული მტკიცებულებები ინფექციური გენეზის სასარგებლოდ მეტყველებს.

სიმპტომები და დიაგნოზი

ტროპიკული სპრუს დამახასიათებელი სიმპტომებია: ღია შეფერილობის განავალი, ქრონიკული დიარეა და წონაში კლება. შეიძლება განვითარდეს სპეციფიკური საკვები ნივთიერებების მალაბსორბციით გამოწვეული სხვა სიმპტომებიც. B2ვიტამინის დეფიციტი იწვევს ენის ტკივილს, ანემია შეიძლება განვითარდეს რკინის, ვიტამინ B12-ისან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის შედეგად. ის დაღლილობითა და სისუსტით ვლინდება.

ტროპიკული სპრუს დიაგნოზზე ეჭვი იბადება, თუ ანემია და შეწოვის დარღვევის სიმპტომები აქვს პაციენტს, რომელიც ცხოვრობს ან უკანასკნელ ხანებში სტუმრობდა ისეთ ადგილს, სადაც ეს დაავადება ხშირია. რენტგენით კვლევა ყოველთვის არ გამოავლენს წვრილი ნაწლავის პათოლოგიას. წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიურმა ბიოფსიამ (დრეკადი მილის საშუალებით ქსოვილოვანი ნიმუშის აღება და მისი მიკროსკოპიული კვლევა) შეიძლება გამოავლინოს ზოგიერთი დამახასიათებელი, მაგრამ არასპეციფიკური ცვლილება. პარაზიტული ან ბაქტერიული მიზეზის გამოსარიცხავად ტარდება განავლის ანალიზი.

მკურნალობა

პაციენტს, რომლის სავარაუდო დიაგნოზი ტროპიკული სპრუა, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. ტეტრაციკლინის მიღება გრძელდება თვეების განმავლობაში. კვებითი დანამატები, განსაკუთრებით ფოლიუმის მჟავა და ვიტამინ B12ინიშნება საჭიროებისამებრ. მკურნალობა ეფექტურია, პაციენტი იკურნება.