უიპლის დაავადება (ნაწლავის ლიპოდისტროფია) იშვიათი ბაქტერიული ინფექციით დასენიანების შედეგად ვითარდება. ზიანდება წვრილი ნაწლავი, შესაძლებელია სხვა ორგანოების დაზიანებაც.
უიპლის დაავადება, ძირითადად, 30-60 წლის თეთრკანიანი მამაკაცების ხვედრია. მისი გამომწვევია Tropheryma whippelii. ინფექცია ძირითადად აზიანებს წვრილ ნაწლავს, მაგრამ შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც – გული, ფილტვები, ტვინი, სახსრები და თვალები.
უიპლის დაავადების სიმპტომებია დიარეა, ანთებადი და მტკივნეული სახსრები, ცხელება და კანის გამუქება. შეწოვის ძლიერი დარღვევა იწვევს წონაში კლებას, სისუსტესთან და დაღლილობასთან ერთად, რაც ანემიითაა გამოწვეული. სხვა ხშირი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ხველა და სუნთქვისას ტკივილი, რაც ფილტვის მფარავი გარსის (პლევრა) ანთებითაა გამოწვეული. სითხე შეიძლება დაგროვდეს პლევრის ფურცლებს შორის (მდგომარეობა, რომელსაც პლევრის გამონაჟონი ეწოდება). შესაძლებელია ლიმფური კვანძების გადიდება, გულზე – შუილი. ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დაკარგვა ან თვალების არაკონტროლირებადი მოძრაობა ტვინში ინფექციის გავრცელებაზე მიუთითებს. მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს და ფატალურია.
უიპლის დაავადების დიაგნოზი ეფუძნება წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური ბიოფსიის მასალის (ქსოვილის ნიმუშის აღება დრეკადი მილის საშუალებით და მისი მიკროსკოპული კვლევა) შესწავლის შედეგებს ან გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოპტატში ბაქტერიის აღმოჩენას.
უიპლის დაავადების განკურნება ანტიბიოტიკებით შეიძლება. პაციენტს თავდაპირველად ვენაში უკეთდება ცეფტრიაქსონი, რის შემდეგაც, სულ მცირე 12 თვის განმავლობაში, დასალევად ეძლევა ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი. სიმპტომების უკუგანვითარება სწრაფად ხდება. ანტიბიოტიკებზე თავდაპირველი პასუხის მიუხედავად, დაავადება შეიძლება განმეორდეს.