1. უიპლის დაავადება
  2. მალაბსორბცია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
უიპლის დაავადება

უიპლის დაავადება (ნაწლავის ლიპოდისტროფია) იშვიათი ბაქტერიული ინფექციით დასენიანების შედეგად ვითარდება. ზიანდება წვრილი ნაწლავი, შესაძლებელია სხვა ორგანოების დაზიანებაც.

  • დაავადების გამომწვევია ბაქტერიული ინფექცია;
  • დამახასიათებელი სიმპტომებია დიარეა, ანთებადი და მტკივნეული სახსრები, ცხელება და კანის გამუქება;
  • დიაგნოზი ეყრდნობა ბიოფსიის მონაცემებს;
  • მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში დაავადება პროგრესირებს, ფატალურია;
  • ანტიბიოტიკებს შეუძლია ინფექციის ელიმინაცია, თუმცა შესაძლოა დაავადების განმეორებით განვითარება.

უიპლის დაავადება, ძირითადად, 30-60 წლის თეთრკანიანი მამაკაცების ხვედრია. მისი გამომწვევია Tropheryma whippelii. ინფექცია ძირითადად აზიანებს წვრილ ნაწლავს, მაგრამ შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოებიც – გული, ფილტვები, ტვინი, სახსრები და თვალები.

სიმპტომები

უიპლის დაავადების სიმპტომებია დიარეა, ანთებადი და მტკივნეული სახსრები, ცხელება და კანის გამუქება. შეწოვის ძლიერი დარღვევა იწვევს წონაში კლებას, სისუსტესთან და დაღლილობასთან ერთად, რაც ანემიითაა გამოწვეული. სხვა ხშირი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, ხველა და სუნთქვისას ტკივილი, რაც ფილტვის მფარავი გარსის (პლევრა) ანთებითაა გამოწვეული. სითხე შეიძლება დაგროვდეს პლევრის ფურცლებს შორის (მდგომარეობა, რომელსაც პლევრის გამონაჟონი ეწოდება). შესაძლებელია ლიმფური კვანძების გადიდება, გულზე – შუილი. ცნობიერების დაბინდვა, მეხსიერების დაკარგვა ან თვალების არაკონტროლირებადი მოძრაობა ტვინში ინფექციის გავრცელებაზე მიუთითებს. მკურნალობის გარეშე დაავადება პროგრესირებს და ფატალურია.

დიაგნოზი და მკურნალობა

უიპლის დაავადების დიაგნოზი ეფუძნება წვრილი ნაწლავის ენდოსკოპიური ბიოფსიის მასალის (ქსოვილის ნიმუშის აღება დრეკადი მილის საშუალებით და მისი მიკროსკოპული კვლევა) შესწავლის შედეგებს ან გადიდებული ლიმფური კვანძის ბიოპტატში ბაქტერიის აღმოჩენას.

უიპლის დაავადების განკურნება ანტიბიოტიკებით შეიძლება. პაციენტს თავდაპირველად ვენაში უკეთდება ცეფტრიაქსონი, რის შემდეგაც, სულ მცირე 12 თვის განმავლობაში, დასალევად ეძლევა ტრიმეთოპრიმ/სულფამეთოქსაზოლი. სიმპტომების უკუგანვითარება სწრაფად ხდება. ანტიბიოტიკებზე თავდაპირველი პასუხის მიუხედავად, დაავადება შეიძლება განმეორდეს.