ნაწლავის ლიმფანგიექტაზია | მკურნალი.გე
  1. ნაწლავის ლიმფანგიექტაზია
  2. მალაბსორბცია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ნაწლავის ლიმფანგიექტაზია

ნაწლავის ლიმფანგიექტაზია (იდიოპათიური ჰიპოპროტეინემია) არის დაავადება, რომლის დროსაც წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის ლიმფური სადინარების გადიდება და ობსტრუქცია აღინიშნება.

  • დაავადება არასწორად ფორმირებული ლიმფური სადინარების შედეგია;
  • ძირითადი სიმპტომია დიარეა;
  • დიაგნოზი ეყრდნობა ბიოფსიის შედეგებს;
  • დაავადების სპეციფიკური მიზეზის მკურნალობის შემდგომ სიმპტომები იმართება ცხიმის დაბალი და ცილის მაღალი შემცველობის დიეტით, დანამატების მიღებით.

წვრილ ნაწლავში შეწოვილი გადამუშავებული ცხიმები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლიმფურ სადინარებს გაივლის. ზოგჯერ ლიმფური ძარღვები დაბადებისას არასწორად არის ჩამოყალიბებული, რაც მათ გადიდებას იწვევს. უფრო იშვიათად ლიმფური სადინარები სიცოცხლის მოგვიანებით ეტაპზე დიდდება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) ან გულის მფარავი გარსის გასქელება (კონსტრიქციული პერიკარდიტი). გადიდებული ლიმფური ძარღვები ცუდად ატარებს ლიმფურ სითხეს და სითხე უკან ნაწლავებში ბრუნდება, რაც ხელს უშლის ცხიმის და ცილის სისხლში შეწოვას.

სიმპტომები და დიაგნოზი

ნაწლავის ლიმფანგიექტაზიას ახასიათებს დიარეა. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს გულისრევა, ღებინება, ცხიმიანი განავალი და მუცლის ტკივილი. ორგანიზმში რომელიმე ლიმფური სადინარის დახშობის შემთხვევაში შეიძლება შეშუპება (ედემა) განვითარდეს.

სისხლში ცილების შემცველობა დაბალია. ცილების დაბალი დონე ქსოვილთა შეშუპებას იწვევს. სისხლში ლიმფოციტების რაოდენობა შემცირებულია, ქოლესტეროლის დონე სისხლში ნორმალურია ან დაბალი.

დიაგნოზი ემყარება წვრილი ნაწლავის ბიოფსიის მონაცემებს – ვლინდება გადიდებული ლიმფური სადინარები. ნაწლავებში ცილის დაკარგვის ინტენსივობის დასადგენად განავალში განსაზღვრავენ ცილას – ალფა1-ანტიტრიფსინს.

მკურნალობა

როდესაც ნაწლავის ლიმფანგიექტაზია სპეციფიკური მდგომარეობითაა გამოწვეული, მკურნალობა მიმართულია ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად. მდგომარეობა უმჯობესდება ცხიმების დაბალი და ცილების მაღალი შემცველობის დიეტით და კალციუმის, ვიტამინების და გარკვეული ტრიგლიცერიდების (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები) დანამატების მიღებით. ეს უკანასკნელები, ლიმფურ სადინარებში გავლის გარეშე, პირდაპირ სისხლში შეიწოვება.