კრონის დაავადება | მკურნალი.გე
  1. კრონის დაავადება
  2. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კრონის დაავადება

კრონის დაავადება (რეგიონალური ენტერიტი, გრანულომატოზური ილეიტი, ილეოკოლიტი) ნაწლავის კედლის ქრონიკული ანთებაა, რომელიც საჭმლის მომნელებელ მილს აზიანებს.

  • კრონის დაავადებას არასწორი იმუნური პასუხი განაპირობებს, თუმცა მისი ზუსტი გამომწვევი უცნობია;
  • დამახასიათებელი სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა (რომელიც ზოგჯერ სისხლიანია), მუცლის სპაზმური ხასიათის ტკივილი, ცხელება, უმადობა და წონაში კლება;
  • დიაგნოზი ეფუძნება მსხვილი ნაწლავის დრეკადი დასათვალიერებელი მილით (კოლონოსკოპი) და ბარიუმით რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს;
  • კრონის დაავადება არ იკურნება;
  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ანთების შემცირება. ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

კრონის დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ გავრცელებულია მოსაზრება, რომ იმუნური სისტემის დისფუნქციის გამო ნაწლავი გადაჭარბებული რეაქციით პასუხობს გარემო, კვებით თუ ინფექციურ აგენტებს. ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს შეიძლება იმუნური სისტემის დისფუნქციის გამომწვევი გენეტიკური წინასწარგანწყობა ჰქონდეს. თამბაქოს მოხმარება, როგორც ჩანს, ხელს უწყობს კრონის დაავადების აღმოცენებას და მის გამწვავებებს (შეტევები).

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კრონის დაავადება მთელ მსოფლიოში გახშირდა. ის ყველაზე ხშირად გვხვდება განვითარებული ქვეყნების ჩრდილოეთის კლიმატურ პირობებში მცხოვრებ პოპულაციაში, თითქმის თანაბრად ხშირია ორივე სქესის წარმომადგენლებს შორის, ხშირად გვხვდება ერთი ოჯახის წევრების დაავადება, უმეტესწილად აშკენაზ ებრაელებს შორის. კრონის დაავადებით უფრო ხშირად 35 წლამდე ასაკის პირები ავადდებიან, ძირითადად – 15-25 წლის ასაკში.

კრონის დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს წვრილი ნაწლავის ბოლო მონაკვეთს (თეძო ნაწლავი) და მსხვილ ნაწლავს, მაგრამ შესაძლოა დააზიანოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, პირიდან მოყოლებული ანუსამდე და ანუსის მიმდებარე კანიც კი. კრონის დაავადების ყველა შემთხვევის 35%-ში მხოლოდ წვრილი ნაწლავია დაზიანებული, 20%-ში – მხოლოდ მსხვილი ნაწლავი ან ორივე ერთად, 45%-ში – წვრილი ნაწლავის ბოლო მონაკვეთი და მსხვილი ნაწლავი. დაავადებამ შეიძლება დააზიანოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი მონაკვეთი იმგვარად, რომ დაზიანებულ უბნებს შორის ნორმალური დაუზიანებელი სეგმენტები (დაზიანებისგან თავისუფალი უბანი) დარჩეს. კრონის დაავადების გამწვავების დროს, როგორც წესი, პროცესში ნაწლავის კედლის ყველა შრეა ჩართული.

სიმპტომები

კრონის დაავადების ყველაზე ხშირი პირველი სიმპტომებია: ქრონიკული დიარეა (რომელიც ზოგჯერ სისხლიანია), მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში, ცხელება, უმადობა და წონაში კლება. სიმპტომები შეიძლება რამდენიმე დღე ან კვირა გაგრძელდეს და მკურნალობის გარეშე ჩაცხრეს. ერთეული შეტევის შემდგომ სრული და საბოლოო გამოჯანმრთელება ძალიან იშვიათია. კრონის დაავადება თითქმის ყოველთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე მწვავდება არათანაბარი ინტერვალებით. გამწვავება შეიძლება იყოს მსუბუქი და მძიმე, ხანმოკლე ან გახანგრძლივებული. მძიმე გამწვავებები იწვევს ინტენსიურ ტკივილს, დეჰიდრატაციას და სისხლის დაკარგვას. უცნობია, რა იწვევს სიმპტომების გაჩენას ან ჩაცხრობას, რა არის მორიგი გამწვავების გამშვები მექანიზმი, ან რა განსაზღვრავს მათ სიმძაფრეს. განმეორებითი ანთებითი პროცესები, როგორც ჩანს, ნაწლავის ერთსა და იმავე ადგილზე ჩნდება. თუმცა, დაზიანებული სეგმენტის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ პროცესი შეიძლება მოსაზღვრე მიდამოზეც გავრცელდეს.

გასტროინტენსტინური სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და დიარეა, ბავშვებში ხშირად არ არის ძირითადი სიმპტომი და, შესაძლოა, საერთოდ არ იქნეს გამოხატული. სანაცვლოდ, ძირითადი სიმპტომები შეიძლება იყოს ზრდის შეფერხება, სახსრების ანთება, ცხელება ან სისუსტე და დაღლილობა, რომელიც ანემიითაა გამოწვული.

გართულებები: ანთების ხშირი გართულებებია: ნაწიბურების გაჩენა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის დახშობა (ობსტრუქცია) და ღრმა წყლულების გაჩენა. წყლულები ნაწლავის კედელში გააღწევს, რამაც შეიძლება ჩირქით სავსე ჯიბეები (აბსცესები) ან ნაწლავსა და სხვა ორგანოს შორის პათოლოგიური დამაკავშირებელი არხები (ფისტულები) ჩამოაყალიბოს. ფისტულა ზოგჯერ ნაწლავის ორ სხვადასხვა მონაკვეთს აკავშირებს ერთმანეთთან, ხან ნაწლავსა და შარდის ბუშტს, ზოგჯერ ნაწლავსა და კანის ზედაპირს, განსაკუთრებით ანუსის გარშემო. წვრილი ნაწლავის ფისტულა ხშირია, მაგრამ ფართო ხვრელები (პერფორაცია) იშვიათია.

თუ კრონის დაავადება მსხვილი ნაწლავის დიდ ნაწილს მოიცავს, ხშირია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა. დაავადების დაწყებიდან მრავალი წლის შემდეგ მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობა საგრძნობლად იზრდება. კრონის დაავადების მქონეთა დაახლოებით ერთ მესამედს ხშირად აღენიშნება დაზიანებები ანუსის მიდამოში – ფისტულები და ნახეთქები (ნაპრალები) ანუსის ამომფენ ლორწოვან მემბრანაში. კრონის დაავადების გართულებები მოსალოდნელია სხეულის სხვა ადგილებშიც. ესენია: ნაღვლის კენჭები, საკვები ნივთიერებების არაადეკვატური შეწოვა, საშარდე გზების ინფექცია, თირკმლის კენჭები და ცილის – ამილოიდის – ჩალაგება ორგანოებში (ამილოიდოზი).

კრონის დაავადების გასტროინტენსტინური სიმპტომების გამწვავებისას პაციენტს შეიძლება ასევე აღენიშნებოდეს: სახსრების ანთება (ართრიტი), თვალის კაკლის თეთრი გარსის ანთება (ეპისკლერიტი), წყლულები პირის ღრუში (აფთოზური სტომატიტი), ანთებითი კვანძები ხელებისა და ფეხების კანზე (კვანძოვანი ერითემა), მოლურჯო-მოწითალო ფერის, ჩირქის შემცველი კანის წყლულები (განგრენული პიოდერმა). ამავე დროს, გასტროინტენსტინური სიმპტომების გამწვავების გარეშეც შეიძლება ჰქონდეს ხერხემლის ანთება (მაანკილოზებელი სპონდილიტი), მენჯის სახსრების ანთება (სარკოილეიტი), თვალშიდა ანთება (უვეიტი) ან სანაღვლე გზების ანთება (პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი).

დიაგნოზი

კრონის დაავადებაზე ექიმს ეჭვი მიაქვს იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება განმეორებითი მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში და დიარეა, განსაკუთრებით მათ, ვისაც კრონის დაავადების ოჯახური ანამნეზი ან ანამნეზში ანუსის დაზიანება აქვს. დიაგნოზის დამადასტურებელი სხვა სიმპტომებია: სახსრების, თვალის ან კანის ანთება. ექიმმა შეიძლება შეიგრძნოს კოშტები ან სისავსე მუცლის ქვედა ნახევარში, უფრო ხშირად – მარჯვენა მხარეს.

კრონის დაავადების დამადასტურებელი სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს, მაგრამ სისხლის ანალიზს შეუძლია გამოავლინოს ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების პათოლოგიურად მაღალი რიცხვი, ცილა ალბუმინის დაბალი დონე და ანთების სხვა მაჩვენებლები, როგორიცაა მომატებული C რეაქტიული ცილა (CRP).

პირველი რიგის ტესტებია კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის შემოწმება დრეკადი დასათვალიერებელი მილით) და ბიოფსია (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპიული კვლევისთვის), რომლებიც, როგორც წესი, ფიზიკური შემოწმებისა და სისხლის ანალიზის შემდგომ ტარდება.

თუ კრონის დაავადება წვრილი ნაწლავით არის შემოფარგლული, კოლონოსკოპია დაავადებას ვერ აღმოაჩენს, თუ დასათვალიერებელი მილი ნაწლავის მთელ სიგრძეზე არ იქნა შეყვანილი – მსხვილი ნაწლავის გავლით წვრილი ნაწლავის ბოლო მონაკვეთამდე, სადაც ანთება ყველაზე ხშირად ვითარდება. თუმცა, კრონის დაავადების დიაგნოზის დადგენა თითქმის ყოველთვის შეიძლება რენტგენის გამოყენებით ბარიუმის მიღების შემდეგ. მსხვილ ნაწლავში ოყნით ბარიუმის შეყვანის შემდგომ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევა კრონის დაავადებისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს დააფიქსირებს.კომპიუტერულ ტომოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს კრონისა და წყლულოვან კოლიტს შორის განმასხვავებელი, მათთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ის საუკეთესო საშუალებაა ნაწლავის კედლის გარეთ არსებული ისეთი გართულებების აღმოსაჩენად, როგორიცაა აბსცესები ან ფისტულები. ნაწლავის შეფასების კიდევ ერთი გზაა ენდოსკოპია უსადენო კაფსულით.

პროგნოზი და მკურნალობა

კრონის დაავადება, როგორც წესი, სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ამოკლებს. თუმცა, ზოგიერთი პაციენტი კვდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს გამო, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე კრონის დაავადების შედეგად ვითარდება.

კრონის დაავადება არ იკურნება, მაგრამ არის ბევრი სამკურნალო საშუალება, რომელიც ამცირებს ანთებას და აცხრობს სიმპტომებს.

დიარეის საწინააღმდეგო წამლები: ეს პრეპარატები აყუჩებს მოვლითი ხასიათის ტკივილებს მუცელში და აჩერებს დიარეას. ამ წამლებს ანტიქოლინერგული ეფექტი აქვს (წამლები, რომლებიც ნერვული სისტემის გარკვეული გზების ბლოკირებას ახდენენ), მაგალითად დიფენოლქსილატი, ლოპერამიდი, ოპიუმის ნაყენი და კოდეინი. მათი მიღება უმჯობესია საკვების მიღებამდე. მეთილცელულოზას ან ფსილიუმის პრეპარატების გამოყენება განავლის გამყარების გზით ზოგჯერ იცავს ანუსს გაღიზიანებისგან.

ანთების საწინააღმდეგო წამლები: სულფასალაზინი და მსგავსი წამლები, როგორიცაა, მესალამინი, ოლსალაზინი და ბალსალაზიდი ამცირებს ანთებას. მათი გამოყენება ამცირებს სიმპტომების სიმძაფრეს და ანთებას, განსაკუთრებით მსხვილ ნაწლავში. მესალამინი ეფექტური შეიძლება იყოს რეციდივების პრევენციისთვის. ეს წამლები იმდენად კარგად არ მოქმედებს მძიმედ მიმდინარე გამწვავებების დროს.

კორტიკოსტეროიდები, მაგალითად, დასალევი პრედნიზონი, საგრძნობლად ამცირებს ცხელებას და დიარეას, აყუჩებს მუცლის ტკივილს და მგრძნობელობას, აუმჯობესებს მადას და თვითშეგრძნებას. თუმცა, კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივ მკურნალობას ყოველთვის ახლავს გვერდითი მოვლენები. თავდაპირველად, ანთების და სიმპტომების ჩასაცხრობად, როგორც წესი, პრედნიზონი ინიშნება მაღალი დოზით. შემდგომ დოზა მცირდება და რაც შეიძლება მალე იხსნება. კორტიკოსტეროიდ ბუდესონიდს, პრედნიზონთან შედარებით, უფრო გვერდითი ეფექტები ნაკლებად ახასიათებს, მაგრამ მას არ აქვს სწრაფი ეფექტი და ვერ აღკვეთს გამწვავებებს 6-9 თვის შემდეგ.

თუ დაავადება მძიმდება, საჭირო ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და კორტიკოსტეროიდების ინტრავენურად შეყვანა. დასაწყისში პაციენტს არ შეიძლება რაიმე მიეცეს დასალევად და ორგანიზმში სითხის აღდგენა და შენარჩუნება (ჰიდრატაცია) სითხეებით ინტრავენურად, გადასხმით ხდება. პაციენტებს სწორი ნაწლავიდან ძლიერი სისხლდენით შეიძლება დასჭირდეთ სისხლის გადასხმა. პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკული ანემია, საჭიროებენ რკინის დანამატებს დასალევად ან ინტრავენურად.

იმუნომოდულაციური წამლები: კრონის დაავადების მქონე იმ პირთათვის, ვინც არ ექვემდებარება სხვა წამლებით მკურნალობას, განსაკუთრებით ეფექტურია იმუნურ სისტემაზე მოქმედი წამლები, როგორიცაა აზათიოპრინი და მერკაპტოპურინი, რომლებიც ხელს უწყობს რემისიის პერიოდის გახანგრძლივებას, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის საერთო მდგომარეობას, ამცირებს კორტიკოსტეროიდების გამოყენების საჭიროებას და ხშირად ახორცებს ფისტულას. ამ წამლების კლინიკური ეფექტი 1-3 თვე გრძელდება და, იმავდროულად, მათ შეიძლება პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. ამიტომ ექიმი პაციენტს გულდასმით მეთვალყურეობს, ხომ არ აღინიშნება ალერგიის, პანკრეასის ანთების (პანკრეატიტი) ნიშნები და სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება. წამლის უსაფრთხო და ეფექტური დოზის შესარჩევად ექიმს ზოგჯერ ეხმარება გენეტიკური ტესტი, რომელიც გამოავლენს აზათიოპრინის და მერკაპტოპურინის მეტაბოლიზმში მონაწილე ერთ-ერთი ფერმენტის ცვლილებას და ასევე სისხლის ტესტი, რომლითაც იზომება მეტაბოლიტის დონე.

მეთოტრექსატი გამოიყენება ინექციის სახით ან დასალევად, ხშირად უმჯობესია მათთვის, ვინც არ პასუხობს ან ვერ იღებს კორტიკოსტეროიდებს, აზათიოპრინს ან მერკაპტოპურინს.

ციკლოსპორინის მიღებამ მაღალი დოზით შეიძლება შეახორცოს ფისტულა. მისი ხანგრძლივი გამოყენება უსაფრთხო არ არის.

ინფლიქსიმაბი, რომელიც მონოკლონური ანტისხეულებისგან მიიღება, იმუნური სისტემის კიდევ ერთი მოდულატორია. ინფლიქსიმაბის ინტრავენურად გადასხმა მიზანშეწონილია კრონის დაავადების საშუალოდ და მძიმედ მიმდინარე ფორმების დროს, როდესაც სხვა წამლებით მკურნალობა არაეფექტურია, აგრეთვე, ფისტულის სამკურნალოდ, დაავადების მიმდინარეობის კონტროლისთვის. ინფლიქსიმაბის ინფუზიის დადებითი ეფექტი მოკლევადიანია, ამიტომ ინფუზიებს შორის სხვა მკურნალობაც საჭიროა, სახელდობრ, აზათიოპრინით, მერკაპტოპურინით ან მეთოტრექსატით. ვინაიდან ინფლიქსიმაბი შედარებით ახალი წამალია, მისი შორეული შედეგები და ყველა გვერდითი ეფექტი ჯერ ცნობილი არ არის. მან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს არსებულ არაკონტროლირებად ბაქტერიულ ინფექციაზე, გაააქტიუროს ტუბერკულოზი, გაზარდოს კიბოს ზოგიერთი სახის განვითარების ალბათობა. ინფუზიის დროს ზოგჯერ ცხელება ან გამონაყარი აღენიშნება.

ადალიმუმაბი ინფლიქსიმაბის მსგავსი წამალია, რომელიც იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებს. ადალიმუმაბი განსაკუთრებით შედეგიანია მათთვის, ვინც ვერ იტანს ინფლიქსიმაბს ან მკურნალობა უშედეგოა.

ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები: კრონის დაავადების დროს ხშირად გამოიყენება ანტიბიოტიკები, რომლებიც ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიაზე ზემოქმედებისთვის. ანტიბიოტიკი მეტრონიდაზოლი ყველაზე ხშირად გამოიყენება ანუსის გარშემო არსებული აბსცესების და ფისტულების სამკურნალოდ. მეტრონიდაზოლი ასევე ხსნის კრონის დაავადების არაინფექციურ სიმპტომებს, როგორიცაა დიარეა და მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, მაგრამ ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება დააზიანოს ნერვები და გამოიწვიოს ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში. ეს გვერდითი ეფექტი ქრება წამლის მიღების შეწყვეტისთანავე, მაგრამ შეწყვეტის შემდეგ ხშირია კრონის დაავადების გამწვავება. მეტრონიდაზოლის ნაცვლად ან მასთან კომბინაციაში შეიძლება სხვა ანტიბიოტიკის, მაგალითად, ციპროფლოქსაცინის ან ლეცოფლოქსაცინის გამოყენება. კრონის დაავადების აქტიური ფაზის სამკურნალოდ ზოგჯერ გამოიყენება რიფაქსიმინიც – არააბსორბცირებადი ანტიბიოტიკი.

კვებითი რეჟიმი: თხევადი საკვები, რომელშიც თითოეული კვებითი კომპონენტის შემცველობაზუსტად არის განსაზღვრული, სულ მცირე პერიოდით მაინც აუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას ნაწლავთა ობსტრუქციის ან ფისტულის არსებობისას. ნუტრიციული თერაპია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ღამით მილით საკვების მიცემა, სხვა საშუალებებზე ეფექტურია სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის. ასეთი დიეტა ინიშნება ქირურგიულ ჩარევამდე ან მასთან ერთად. ნივთიერებების ცუდი შეწოვის საკომპენსაციოდ, რაც კრონის დაავადებისთვისაა დამახასიათებელი, პაციენტს ხანგამოშვებით ინტრავენურად უსხამენ კონცენტრირებულ საკვებ ნივთიერებებს.

ქირურგია: კრონის დაავადების მქონე პირთა უმეტესობა ავადმყოფობის რომელიმე ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ქირურგიული ჩარევა აუცილებელი ხდება ნაწლავის ობსტრუქციის შემთხვევაში ან მაშინ, როცა აბსცესი და ფისტულა არ ხორცდება. ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთამ შეიძლება განუსაზღვრელი დროით გაათავისუფლოს ჩივილებისგან, მაგრამ ის არ კურნავს დაავადებას. ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელია რეციდივი ნაწლავის დარჩენილი ნაწილების შეერთების ადგილზე, თუმცა ამ პერიოდში გამოყენებულმა რამდენიმე წამალმა შეიძლება შეამციროს მისი განვითარება. პაციენტთა ნახევარი საჭიროებს განმეორებით ქირურგიულ ჩარევას. ამრიგად, ოპერაცია მხოლოდ მაშინ კეთდება, როდესაც სახეზეა სპეციფიკური გართულებები ან მედიკამენტური თერაპია უეფექტოა. ოპერაციული მკურნალობის შემდეგ პაციენტების უმეტესობას სიცოცხლის ხარისხი უუმჯობესდება.