კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი | მკურნალი.გე
  1. კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი
  2. ნაწლავის ანთებითი დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი

კოლაგენური კოლიტი და ლიმფოციტური კოლიტი ქრონიკული დაავადებებია. მათ ახასიათებს წყალწყალა დიარეა და მსხვილი ნაწლავის ამომფენი შრის ინფილტრაცია გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედებით.

ამ ქრონიკულმა დაავადებებმა შეიძლება მსხვილი ნაწლავი მთელ სიგრძეზე დააზიანოს, მათ შორის სიგმოიდური კოლინჯი და სწორი ნაწლავიც. ხშირად დაზიანებული უბნები არათანაბრადაა განაწილებული. ნაწლავის ამომფენ შრეში შემაერთებელი ქსოვილის ტიპის სქელი შრე (კოლაგენი) ვითარდება ან გროვდება ლიმფოციტები (სისხლის თეთრი უჯრედების გარკვეული ტიპი).

გამომწვევი მიზეზი უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ცვლილებებს განაპირობებს გადაჭარბებული იმუნური პასუხი ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობ ფაქტორზე. კოლაგენური და ლიმფოციტური კოლიტით ხშირად ავადდებიან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების რეგულარულად მომხმარებლები, თუმცა არ არის დასაბუთებული, რომ ეს წამლები იწვევენ დაავადებას. კოლაგენური და ლიმფოციტური კოლიტი, კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტისგან განსხვავებით, არ ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.

კოლაგენური კოლიტი უმეტესად შუახნის ან ასაკოვან ქალებს, ლიმფოციტური კოლიტი კი ახალგაზრდებსაც და ორივე სქესის პირებს თანაბარი სიხშირით ემართებათ.

სიმპტომები და დიაგნოზი

კოლაგენური ან ლიმფოციტური კოლიტით დაავადებულებს, უსისხლო, წყალწყალა დიარეასთან ერთად, ზოგჯერ აღენიშნებათ: მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, გულისრევა, მუცლის გარშემოწერილობის გადიდება (შებერვა) და წონაში კლება. რამდენიმედღიანი შიმშილი ხშირად დიარეის სიხშირესა და განავლის რაოდენობას ამცირებს. სიმპტომების გაუარესების, გაუმჯობესების ან მათი სრული ალაგების პერიოდებში დიარეა და სხვა სიმპტომები განსხვავებულად არის გამოხატული.

კოლაგენური კოლიტის და ლიმფოციტური კოლიტის დიაგნოზი იმ შემთხვევაში ისმება, თუ პაციენტს აქვს გახანგრძლივებული წყალწყალა დიარეა და კვლევებით სხვა რომელიმე დაავადება დგინდება. დიაგნოზს ადასტურებს მსხვილი ნაწლავის საფარველიდან აღებული ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპიული გამოკვლევის შედეგები. გამოსაკვლევი ნიმუშის აღება კოლონოსკოპიის (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, დრეკადი დასათვალიერებელი მილით) დროს ხდება.

მკურნალობა

ანტიდიარეული წამლები, როგორიცაა ანტიქოლინერგული პრეპარატები (მაგალითად, ბევრი ანტიჰისტამინური საშუალება და ზოგიერთი ანტიდეპრესანტი), ან ლოპერამიდის ან დიფენოქსილატის მცირე დოზები ხშირად ეფექტურია. ანთების საწინააღმდეგო წამლები, მაგალითად, ბისმუტის სუბსალიცილატი, სულფასალაზინი და მესალამინი ხანდახან ასევე ეფექტურია. ზოგჯერ კარგ ეფექტს იძლევა ბუდესონიდი, რომელიც შედარებით უფრო ახალი კორტიკოსტეროიდია და ნაკლები გვერდითი ეფექტებით ხასიათდება. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქოლესტირამინი – წამალი, რომელიც ნაღვლის მჟავებს უკავშირდება ან ანტიბიოტიკები. კარგად მოქმედებს კორტიკოსტეროიდებიც (მაგალითად პრედნიზონი), თუმცა, მათი შესაძლო სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო, ისინი მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ დაავადება სხვა წამლებით მკურნალობას არ დაექვემდებარა.