დივერტიკულიტი | მკურნალი.გე
  1. დივერტიკულიტი
  2. დივერტიკულური დაავადება
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
დივერტიკულიტი

დივერტიკულიტი არის ერთი ან მეტი ბუშტისმაგვარი გამობერილობის (დივერტიკულის) ანთება ან ინფექცია.

  • დივერტიკულიტი უფრო ხშირად მსხვილ ნაწლავს აზიანებს;
  • დამახასიათებელი სიმპტომებია: ტკივილი, მუცელზე შეხებისას მომატებული მგრძნობელობა (როგორც წესი, მუცლის მარცხენა ქვედა ნახევარში) და ცხელება;
  • დიაგნოზი, როგორც წესი, დასტურდება CT სკანირებით, რომლის შემდეგაც ხშირად კოლონოსკოპიაც ტარდება;
  • მსუბუქად გამოხატული სიმპტომების მქონე პაციენტები საჭიროებენ დასვენებას, თხიერ დიეტას და დასალევ ანტიბიოტიკებს; მწვავე სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა ინტრავენური ანტიბიოტიკებით, ზოგჯერ, ქირურგიული ჩარევა.

დივერტიკულიტი გვხვდება დივერტიკულოზის მქონე პაციენტებში. ის უმეტესად აზიანებს სიგმოიდურ კოლინჯს, რომელიც მსხვილი ნაწლავის ბოლოს, სწორ ნაწლავამდე მდებარეობს. დივერტიკულიტი უფრო ხშირია 40 წელზე მეტი ასაკის პირებში. მისი მძიმე ფორმა ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, თუმცა ყველაზე საშიშია ასაკოვნებში, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც კორტიკოსტეროიდებს ან სხვა ისეთ წამალს იღებს, რომელიც თრგუნავს იმუნურ სისტემას და, ამგვარად, ზრდის ინფექციის განვითარების ალბათობას. იმ პირებს შორის, ვინც დივერტიკულიტის გამო ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მამაკაცების რაოდენობა აღემატება ქალებისას, თანაფარდობაა 3:1. 70 წლის ზემოთ ასაკში კი – ქალების რაოდენობა აღემატება კაცებისას, თანაფარდობით 3:1.

სიმპტომები და დიაგნოზი

დივერტიკულიტისთვის დამახასიათებელია ტკივილი, მუცელზე შეხებისას მომატებული მგრძნობელობა (როგორც წესი, მუცლის მარცხენა ქვედა ნახევარში) და ცხელება. დივერტიკულიტი, დივერტიკულოზისგან განსხვავებით, უმეტეს შემთხვევაში არ იწვევს სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

თუ ექიმმა იცის, რომ პაციენტს დივერტიკულოზი აქვს, დივერტიკულიტის დიაგნოზი შეიძლება მხოლოდ სიმპტომების შეფასებას დაეფუძნოს. თუმცა, ბევრ სხვა მდგომარეობასაც, როდესაც მსხვილი ნაწლავი და მუცლისა და მენჯის სხვა ორგანოებია პათოლოგიურ პროცესში ჩართული, შეუძლია დივერტიკულიტის მსგავსი სიმპტომების გამოწვევა. ესენია: აპენდიციტი, მსხვილი ნაწლავის და საკვერცხის კიბო, ჩირქით სავსე ღრუ (აბსცესი) და საშვილოსნოს კედელზე არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) წანაზარდი (საშვილოსნოს ფიბრომა).

კომპიუტერული ტომოგრაფია ან ულტრაბგერითი სკანირება შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარჩევაში, თუ რითია გამოწვეული პრობლემა – დივერტიკულიტით თუ აპენდიციტით ან აბსცესით.

ანთების ჩაცხრობის ან ინფექციის მკურნალობის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს კოლონოსკოპია (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, დრეკადი დასათვალიერებელი მილით) ან ბარიუმის ოყნით რენტგენოლოგიური კვლევა. ეს გამოკვლევები ტარდება ან დივერტიკულიტის არსებობის დასადასტურებლად, ან მისი სიმძიმის შესაფასებლად და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსარიცხად. კოლონოსკოპია ან ბარიუმის ოყნით რენტგენოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, რადგან ამ პროცედურამ შეიძლება ანთებადი ნაწლავის დაზიანება ან გაგლეჯა გამოიწვიოს. სადიაგნოზო ქირურგიული ჩარევა იშვიათად ხდება საჭირო.

გართულებები: ნაწლავის კედლის ანთების შედეგად შეიძლება ფისტულა ჩამოყალიბდეს. ფისტულა არის პათოლოგიური არხი, რომელიც მსხვილ ნაწლავს სხვა ორგანოებთან აკავშირებს. ფისტულა, როგორც წესი, ყალიბდება მაშინ, როდესაც მსხვილი ნაწლავის დივერტიკული სხვა ორგანოსთან არის შეხებაში (მაგალითად, შარდის ბუშტი) და დივერტიკულა სკდება. ამის შედეგად განვითარებული ანთება, მსხვილი ნაწლავის ბაქტერიულ შიგთავსთან ერთად, თანდათან შეაღწევს მიმდებარე ორგანოში და ფისტულა ყალიბდება. ფისტულები უხშირესია სიგმოიდურ კოლინჯსა და შარდის ბუშტს შორის, უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. ამავე დროს, ქალებს, რომელთაც ჩატარებული აქვთ ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), ფისტულის განვითარების მაღალი ალბათობა აქვთ, ვინაიდან მსხვილი ნაწლავი და შარდის ბუშტი აღარ არის ერთმანეთისგან საშვილოსნოთი განცალკევებული. როდესაც მსხვილ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის ყალიბდება ფისტულა, ნაწლავის შიგთავსი, მათ შორის ნორმალური ბაქტერიები აღწევს შარდის ბუშტში და იწვევს საშარდე სისტემის ინფექციას. უფრო იშვიათად, ფისტულა შეიძლება განვითარდეს ერთი მხრივ მსხვილ და, მეორე მხრივ, წვრილ ნაწლავს, საშვილოსნოს, საშოს, მუცლის კედელს, ბარძაყსა და გულმკერდს შორისაც კი.

დივერტიკულიტის სხვა შესაძლო გართულებებია: ახლომდებარე ორგანოების (საშვილოსნო, შარდის ბუშტი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა მონაკვეთები) ანთება, დივერტიკულის კედლის გაგლეჯა, აბსცესი (ჩირქით სავსე ღრუ), მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ანთება (პერიტონიტი) და სისხლდენა. დივერტიკულიტის განმეორებითი ეპიზოდი იწვევს ნაწლავის ობსტრუქციას, ვინაიდან ანთების შედეგად განვითარებული ნაწიბურები და კუნთოვანი შრის გასქელება ავიწროებს მსხვილი ნაწლავის სანათურს და აფერხებს მყარი განავლის გატარებას.

მკურნალობა

დივერტიკულიტის მსუბუქი ფორმის სამკურნალოდ საჭიროა დასვენება, თხიერი დიეტა და დასალევი ანტიბიოტიკების მიღება. სიმპტომები, როგორც წესი, სწრაფად ქრება. რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლებელია რბილი, ბოჭკოებით ღარიბი დიეტის და ყოველდღიურად ფსილიუმის თესლის პრეპარატის მიღება, რომელიც განავალს არბილებს. 1 თვის შემდეგ ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღების დაწყებაა შესაძლებელი.

პაციენტები უფრო მწვავე სიმპტომებით, როგორიცაა მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურა 38,3ºC-ზე მეტი, დასალევ ანტიბიოტიკებზე არადამაკმაყოფილებელი პასუხი და სერიოზული ინფექციის ან სხვა გართულებების გამოვლინებები, საჭიროებენ საავადმყოფოში მოთავსებას. აქ ისინი ინტრავენურად იღებენ სითხეებსა და ანტიბიოტიკებს, იცავენ წოლით რეჟიმს და სიმპტომების გაქრობამდე საკვებს არ იღებენ. დივერტიკულიტით დაავადებულთა 20% საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ვინაიდან მათი მდგომარეობა არ უმჯობესდება.

თუ სისხლდენის წყარო ცნობილია, მხოლოდ ნაწლავის დაზიანებული ნაწილი ამოიკვეთება. თუ სისხლდენის წყარო არ არის დადგენილი, ნაწლავის უფრო დიდი ნაწილი უნდა ამოიკვეთოს. ამ პროცედურას სუბტოტალური კოლექტომია ეწოდება.

გადაუდებელი ქირურგია საჭიროა ნაწლავის გაგლეჯის დროს. ნაწლავის მთლიანობის დარღვევა ყოველთვის იწვევს ინფექციის გავრცელებას მუცლის ღრუში. ქირურგი გაგლეჯილ ნაწილს ამოკვეთს და მსხვილ ნაწლავსა და კანის ზედაპირს შორის აყალიბებს დამაკავშირებელ გზას, რასაც კოლოსტომია ეწოდება. ოპერაციიდან დაახლოებით 10-12 კვირის შემდეგ (ზოგჯერ უფრო მეტი ხნის შემდეგ)ნაწლავის დარჩენილი ნაწილის ბოლოებს ერთმანეთს უერთებენ და კოლოსტომა იხურება.

დივერტიკულიტით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტში ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ერთ-ერთი ვარიანტია. აბსცესის აღმოჩენის შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, საჭიროა აბსცესის დრენირება ნემსით. ნემსი, კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით, კანის გავლით აბსცესში შეაღწევს. ფისტულის მკურნალობა გულისხმობს მსხვილი ნაწლავის იმ ნაწილის ამოკვეთას, სადაც ფისტულა იწყება, მსხვილი ნაწლავის ბოლოების ხელახლა შეერთებას და სხვა დაზიანებული უბნის აღდგენას (მაგალითად, შარდის ბუშტი ან წვრილი ნაწლავი).