1. ანორექტული აბსცესი
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ანორექტული აბსცესი

ანორექტული აბსცესი ჩირქით სავსე ღრუა, რომელიც გამოწვეულია ანუსის ან სწორი ნაწლავის ლორწოს გამომმუშავებელ ჯირკვალში ბაქტერიის შეჭრით.

  • ბაქტერია იჭრება ანუსში ან სწორ ნაწლავში მდებარე ჯირკვალში და იწვევს აბსცესის განვითარებას.
  • ინფექცია წარმოქმნის ჩირქს და იწვევს ტკივილს და შესივებას.
  • დიაგნოზი ეყრდნობა გასინჯვას და, საჭიროებისას, გამოსახულებითი კვლევის შედეგებს.
  • მკურნალობის საუკეთესო გზა აბსცესის გაჭრა და დრენირებაა.

აბსცესი შეიძლება მდებარეობდეს ღრმად სწორ ნაწლავში ან ანუსის შესავალთან ახლოს. აბსცესი ვითარდება, ბაქტერიის ანუსის ან სწორი ნაწლავის ლორწოს გამომმუშავებელ ჯირკვალში ბაქტერიის შეჭრით, სადაც ის იწყებს გამრავლებას. მიუხედავად იმისა, რომ ანუსის მიდამო მდიდარია ბაქტერიებით, ჩვეულებრივ, ინფექცია არ ვითარდება, რადგანაც შიგნითა სფინქტერს ბარიერული ფუნქცია აქვს და ეს მიდამო ძლიერი სისხლის მიწოდებით გამოირჩევა. როდესაც ვითარდება ინფექცია, ის, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიის სხვადასხვა ტიპის კომბინაციით. აბსცესს შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს გარშემო მდებარე ქსოვილები და გამოიწვიოს განავლის შეუკავებლობა. კრონის დაავადების მქონე პირებს აბსცესის განვითარების განსაკუთრებული რისკი აქვთ. ხანდახან აბსცესი დივერტიკულიტის ან მენჯის ანთებითი დაავადების გართულებას წარმოადგენს.

სიმპტომები და დიაგნოზი

უშუალოდ კანქვეშ განვითარებული აბსცესი შეიძლება იყოს შესივებული, წითელი, დაჭიმული და ძალიან მტკივნეული. აბსცესი, რომელიც სწორ ნაწლავში ღრმად მდებარეობს, ხშირად უფრო ნაკლებ სიმპტომს იწვევს; თუმცა, მას შეუძლია გამოიწვიოს ცხელება და ტკივილი მუცლის ქვედა ნახევარში. აბსცესი ექიმისთვის ადვილად შესამჩნევია, თუ ის ანუსის ირგვლივ კანში მდებარეობს. თუ გარეგანი შეშუპება და სიწითლე არ ჩანს, დიაგნოზის დასმა შესაძლებელია სწორი ნაწლავის ხელთათმნიანი თითით გასინჯვით. აბსცესის არსებობაზე შეხებით მტკივნეული შესივება მიუთითებს. თუ ექიმი ღრმა აბსცესის არსებობას ვარაუდობს, მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ (MRI), კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (CT) ან ულტრაბგერითმა კვლევამ შეიძლება დააზუსტოს პროცესის გავრცელება და ადგილმდებარეობა.

მკურნალობა

მკურნალობაში ანტიბიოტიკების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სახეზეა ცხელება, დიაბეტი ან ორგანიზმის სხვა რომელიმე ადგილას განვითარებული ინფექცია. კანთან ახლომდებარე აბსცესის მკურნალობა მოიცავს აბსცესის გაჭრას და ჩირქის დრენირებას ლოკალური ანესთეზიის გამოყენებით. უფრო ღრმა აბსცესისთვის, როგორც წესი, საჭირო ხდება ჰოსპიტალიზაცია და ზოგადი ანესთეზიის ქვეშ აბსცესის საოპერაციო ოთახში დრენირება. პაციენტთა ორ მესამედს, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემთხვევაშიც კი, აბსცესის შედეგად უყალიბდება პათოლოგიური არხი ანუსს ან სწორ ნაწლავს და კანს შორის (ანორექტული ფისტულა).