1. ანორექტული ფისტულა
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ანორექტული ფისტულა

ანორექტული ფისტულა პათოლოგიური არხია, რომელიც ანუსს ან სწორ ნაწლავს ხშირად ანუსთან ახლომდებარე კანთან, იშვიათად კი სხვა ორგანოსთან, მაგალითად საშოსთან, აკავშირებს.

  • ანორექტული ფისტულა ხშირია ანორექტული აბსცესის, კრონის დაავადების ან ტუბერკულოზის მქონე პირებში.
  • ანორექტულმა ფისტულამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი და წარმოქმნას ჩირქი.
  • დიაგნოზი ისმება გასინჯვით და დათვალიერების სხვა მეთოდებით.
  • მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ამჟამად არსებობს არაქირურგიული ალტერნატივებიც.

ფისტულის განვითარება უმეტესად ანუსის ან სწორი ნაწლავის კედელში ღრმად მდებარე ჯირკვალში იწყება. ხანდახან ფისტულა ანორექტული აბსცესის დრენირების შემდეგ ყალიბდება, თუმცა ხშირად გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ფისტულა უფრო ხშირია კრონით და ტუბერკულოზით დაავადებულებში. ის ასევე შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სიმსივნე, დივერტიკულიტი, კიბო, ანუსის ან სწორი ნაწლავის დაზიანება. ახალშობილებში ფისტულა ძირითადად თანდაყოლილი დეფექტია და ის ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. სწორი ნაწლავისა და საშოს დამაკავშირებელი ფისტულის ჩამოყალიბება შეიძლება გამოიწვიოს სხივურმა თერაპიამ, სიმსივნემ, კრონის დაავადებამ ან სამშობიარო ტრავმამ.

სიმპტომები და დიაგნოზი

ინფიცირებული ფისტულა შეიძლება მტკივნეული იყოს და ჩირქს გამოყოფდეს. ექიმი გასინჯვისას ხშირად ფისტულის ერთ ან მეტ შესავალს ნახულობს, ან ხელით შეიგრძნობს კანქვეშ არსებულ ფისტულას. ფისტულის სიღრმის და მიმართულების განსასაზღვრად შესაძლებელია ზონდის შეყვანა. სწორ ნაწლავში შეყვანილი ანოსკოპით დათვალიერებისას და ზონდით გასინჯვისას ექიმმა შეიძლება დაადგინოს შიგნითა შესავლის მდებარეობა. პაციენტის გასინჯვა სიგმოიდოსკოპით, რომელიც გაცილებით გრძელია და უფრო ღრმად დათვალიერების საშუალებას იძლევა, ექიმს ეხმარება დაადგინოს, რამ განაპირობა პრობლემა – კიბომ, კრონის დაავადებამ თუ სხვა დარღვევამ.

მკურნალობა

წინათ მკურნალობის ერთადერთი ეფექტური მეთოდი იყო ქირურგიული გზით ფისტულის გახსნა (ფისტულოტომია). ქირურგიული ოპერაციის დროს ზოგჯერ სფინქტერი ნაწილობრივ იჭრება. თუ სფინქტერის დიდი ნაწილი გაიჭრა, პაციენტს შეიძლება გაუჭირდეს ნაწლავთა მოქმედების გაკონტროლება. ახალი ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ლორწოვანი შრის ნაფლეთის გამოყენებას, რომელსაც გადაჭიმავენ ფისტულის შესავალზე. ქირურგიული ჩარევის ალტერნატიული მეთოდებია ბიოლოგიური საცობისა და ფიბრინის წებოს გამოყენება.

თუ პაციენტს აქვს დიარეა ან კრონის დაავადება, რამაც შეიძლება დააყოვნოს ჭრილობის შეხორცება, ქირურგიული ჩარევა, როგორც წესი, არ ხდება. კრონის დაავადების მედიკამენტურმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფისტულის დახურვას.