უცხო სხეულები | მკურნალი.გე
  1. უცხო სხეულები
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
უცხო სხეულები

გადაყლაპული ნივთები, როგორიცაა კბილის ჩხირები, ქათმის ან თევზის ძვლები შეიძლება გაიჭედოს ანუსის და სწორი ნაწლავის შეერთების ადგილას (ანორექტული შეერთების ადგილი). სწორ ნაწლავში უცხო სხეულები – ოყნის წვერი, ქირურგიული ღრუბელი ან ინსტრუმენტები, თერმომეტრები და სექსუალური სტიმულაციისთვის გამოყენებადი ნივთები შეიძლება უნებურად ანუსიდანაც მოხვდეს.

ნაწლავის მოქმედებისას უეცრად განვითარებული მტანჯველი ტკივილი გვაფიქრებინებს, რომ ანორექტული შეერთების ადგილას მდებარე უცხო სხეული ანუსის ან სწორი ნაწლავის ამომფენ გარსს ხვრეტს (პენეტრაცია). სხვა სიმპტომები დამოკიდებულია უცხო სხეულის ზომაზე და ფორმაზე, ნაწლავში მისი დაყოვნების დროზე და იმაზე, დაზიანდა (გაიხვრიტა) თუ არა ანუსი ან სწორი ნაწლავი, ან გამოიწვია თუ არა მან ინფექცია.

ექიმი უცხო სხეულს შეიგრძნობს ხელთათმნიანი თითით გასინჯვის დროს. მსხვილი ნაწლავის კედლის მთლიანობაში დასარწმუნებლად შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის გამოკვლევა, სიგმოიდოსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევა.

მკურნალობა

თუ ექიმი უცხო სხეულს შეიგრძნობს, მას კანისა და ანუსის ლორწოვანის ქვეშ შეჰყავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ამ მიდამოს გასაყუჩებლად. ანუსი შეიძლება გაგანიერდეს ინსტრუმენტით, რომელსაც რექტალური რეტრაქტორი ეწოდება. ეს უცხო სხეულის ჩაჭიდებისა და ამოღების საშუალებას იძლევა. მაღლა მდებარე უცხო სხეულები მსხვილი ნაწლავის კედლის ბუნებრივი მოძრაობის (პერისტალტიკა) წყალობით, ძირითადად, დაბლა ჩამოდის, რაც მათი ამოღების საშუალებას იძლევა.

ზოგჯერ, როდესაც ექიმი უცხო სხეულს ვერ გრძნობს, ან მისი ანუსიდან ამოღება შეუძლებელია, საჭიროა მიმოხილვითი ქირურგიული ოპერაცია. პაციენტს უკეთდება რეგიონალური ან ზოგადი ანესთეზია ისე, რომ შესაძლებელი გახდეს ანუსისკენ უცხო სხეულის ფრთხილად გადაადგილება ან სწორი ნაწლავის გაკვეთა უცხო სხეულის ამოსაღებად. ექიმი, უცხო სხეულის ამოღების შემდეგ, ატარებს სიგმოიდოსკოპიას (დრეკადი მილი თავსდება ანუსში, მსხვილი ნაწლავის ქვედა მონაკვეთის, სწორი ნაწლავისა და ანუსის დასათვალიერებლად), რომ შეაფასოს, ხომ არ მოხდა სწორი ნაწლავის გახევა ან სხვაგვარი დაზიანება.