ბუასილი (ჰემოროი) | მკურნალი.გე
  1. ბუასილი (ჰემოროი)
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ბუასილი (ჰემოროი)

ჰემოროი არის გაფართოებული, დახვეული (ვარიკოზი) ვენები, რომელიც სწორი ნაწლავის და ანუსის კედელში მდებარეობს.

  • ვენების შეშუპებას წნევის მომატება იწვევს.
  • კვანძები წარმოიქმნება ანუსის შიგნით ან გარეთ, რასაც შეუძლია ტკივილის და სისხლდენის გამოწვევა.
  • დიაგნოზი ეფუძნება ანუსის და სწორი ნაწლავის ანოსკოპით, სიგმოიდოსკოპით ან კოლონოსკოპით დათვალიერების შედეგებს.
  • ჰემოროის უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გაივლის. სიმპტომების მოხსნა განავლის დამარბილებლებსა და მჯდომარე აბაზანას შეუძლია.
  • ზოგიერთი ჰემოროის მკურნალობა ხდება რეზინის რგოლით გადაკვანძვით ან ქირურგიული გზით.

ჰემოროი ვითარდება, როდესაც სწორ ნაწლავში ან ანუსში მდებარე ვენები დიდდება. ჰემოროის, რომელიც სწორ ნაწლავსა და ანუსს შორის მდებარე საზღვრის ზემოთ (ანორექტული შეერთების ადგილი) წარმოიქმნება, შიგნითა ჰემოროი ეწოდება. ჰემოროის, რომელიც ანორექტული შეერთების ადგილის ქვემოთ ვითარდება, გარეთა ჰემოროი ეწოდება. ორივე, შიგნითა და გარეთა ჰემოროი შეიძლება ანუსში დარჩეს ან ანუსის გარეთ გამოვიდეს. გარეთა ჰემოროი, შეიძლება გახდეს ანთებადი ან წარმოქმნას სისხლის კოლტი (თრომბი). შიგნითა ჰემოროი შეიძლება იყოს სისხლმდენი.22221

გამომწვევი მიზეზები

ანორექტული მიდამოს ვენებში წნევის გაზრდამ შეიძლება ბუასილი გამოიწვიოს. წნევის მიზეზია ორსულობა, მძიმე საგნების ხშირი აწევა ან განმეორებითი ჭინთვები ნაწლავთა მოქმედებისას (დეფეკაცია). შეკრულობა იწვევს ჭინთვებს. იშვიათად ჰემოროი ვითარდება კარის ვენაში სისხლის წნევის მომატების გამო.

სიმპტომები და დიაგნოზი

გარეთა ჰემოროი ანუსში წარმოქმნის კვანძს. თუ კვანძი დაითრომბა, (დათრომბილი გარეგანი ჰემოროი), ის საკმაოდ მტკივნეული ხდება და უფრო მეტად სივდება. შიგნითა ჰემოროი ხშირად არ იწვევს ხილულ კვანძს ან ტკივილს, თუმცა, ის შეიძლება სისხლმდენი იყოს. შიგნითა ჰემოროიდან სისხლდენა, როგორც წესი, ხდება ნაწლავის მოქმედებისას, რაც განაპირობებს სისხლის ზოლებს განავალზე ან ტუალეტის ქაღალდზე. სისხლმა შეიძლება ტუალეტის წყალი შეღებოს. თუმცა, სისხლის რაოდენობა ხშირად მცირეა და ჰემოროიდული კვანძები იშვიათად იწვევს დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგს ან ანემიას.

ჰემოროიმ შეიძლება ლორწოს გამოყოფა გამოიწვიოს და გაჩნდეს სწორი ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება ნაწლავის მოქმედების შემდეგ. ანუსის მიდამოში ქავილი (ანალური ქავილი) ჰემოროის ხშირი სიმპტომი არ არის, მაგრამ ქავილი შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის კვანძების გამო ანალური მიდამოს გაწმენდის გართულებამ.

ექიმი მარტივად სვამს შეშუპებული, მტკივნეული ჰემოროის დიაგნოზს ანუსის და სწორი ნაწლავის დათვალიერების საფუძველზე. ანოსკოპი (მოკლე, მყარი მილი, რომელიც სწორი ნაწლავის დასათვალიერებლად იხმარება) ან სიგმოიდოსკოპი (დრეკადი მილი, რომელიც მსხვილი ნაწლავის ქვედა მონაკვეთის, სწორი ნაწლავისა და ანუსის დასათვალიერებლად გამოიყენება) ექიმს ეხმარება უფრო სერიოზული მდგომარეობის გამოსარიცხად, როგორიცაა სიმსივნე. სწორი ნაწლავიდან სისხლდენის მქონე პაციენტები ხშირად საჭიროებენ სიგმოიდოსკოპიით ან კოლონოსკოპიით გამოკვლევას.

მკურნალობა

ჰემოროი, ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენამდე მკურნალობას არ საჭიროებს. განავლის დამარბილებლებმა ან მოცულობითმა საფაღარათო საშუალებებმა (მაგალითად ფსილიუმი) შეიძლება მოხსნას ჭინთვის საჭიროება ნაწლავის მოქმედების დროს. სიმპტომები ხანდახან შეიძლება მოიხსნას ანუსის თბილ წყალში მოთავსებით, რაც მჯდომარე აბაზანის სახელით არის ცნობილი. ეს პროცედურა ხორციელდება ჩაცუცქულ ან მჯდომარე მდგომარეობაში. ამ დროს ანუსს ათავსებენ ნახევრად სავსე აბაზანაში ან თბილი წყლით ავსებულ კონტეინერში, რომელიც მოთავსებულია უნიტაზზე ან კამოდზე.

სისხლმდენი ჰემოროის მკურნალობა შესაძლებელია მასში სხვადასხვა ნივთიერების ინექციით, რაც ჰემოროის ნაწიბუროვანი ქსოვილით დახურვას იწვევს. ეს პროცედურა ინექციური სკლეროთერაპიის სახელით არის ცნობილი.

დიდი ზომის შიგნითა ჰემოროი და ჰემოროი, რომელიც ინექციურ სკლეროთერაპიას არ ექვემდებარება, შეიძლება გადაიკვანძოს რეზინის რგოლით (პროცედურას რეზინის რგოლით ლიგაცია ეწოდება). რგოლი იწვევს ბუასილის კვანძის გახმობას და უმტკივნეულოდ მოცილებას. მკურნალობა ერთ ჯერზე მხოლოდ ერთ ჰემოროიდულ კვანძზე ტარდება და მკურნალობებს შორის ინტერვალი 2 კვირა ან მეტი უნდა იყოს. შიგნითა ჰემოროის მოშორება შეიძლება ასევე ლაზერით (ლაზერით დესტრუქცია), ინფრაწითელი სხივით (ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია) ან ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია).

ჰემოროის ამოსაკვეთად ქირურგიული ჩარევა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ სხვა სახის მკურნალობა უშედეგოა. ამასთან, ბუასილის ქირურგიულმა მკურნალობამ შეიძლება ძლიერი ტკივილი, აგრეთვე, შარდის შეკავება და შეკრულობა გამოიწვიოს. შესწავლის ეტაპზეა ნაკლებად მტკივნეული მეთოდები, როგორიცაა დოპლერის (სისხლძარღვების კვლევის ექოსკოპიური მეთოდი) კონტროლით ჰემოროიდის არტერიის გადაკვანძვა. ამ დროს ხდება ჰემოროის არტერიების პოვნა, გადაკვანძვა და ამგვარად ჰემოროის სისხლით მომარაგების შემცირება. კიდევ ერთი მეთოდია ცირკულარული სტეპლერით ჰემოროიდოპექსია, რომლის დროსაც გამოიყენება ცირკულარული ქირურგიული სტეპლერი, რითაც ახდენენ გამოვარდნილი ჰემოროის მოცილებას ან ჩაბრუნებას. ამ მეთოდის ჩვენებები და უპირატესობები ჯერ დადგენილი არ არის.

თუ დათრომბილი ჰემოროი ტკივილს იწვევს, მისი მკურნალობა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო (ასას) წამლებით, მჯდომარე აბაზანებით, ადგილობრივი ანესთეზური მალამოებით ან თხილის (რომელიც აშშ-სა და კანადაში იზრდება ე.წ. witch hazel) კომპრესებით ტარდება. ტკივილი და შეშუპება ხშირად ცოტა ხანში გაივლის, თრომბი კი 4-დან 6 კვირაში ქრება. შეიძლება მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტკივილი ძლიერია, რაც ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების (გამაყუჩებლის) ინექციას და ბუასილის კვანძის მოკვეთას გულისხმობს და ზოგჯერ სწრაფად ხსნის ტკივილს.