1. ყითის ამწევი კუნთის სინდრომი
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ყითის ამწევი კუნთის სინდრომი

ყითის ამწევი კუნთის სინდრომი არის სპორადიული ტკივილი სწორ ნაწლავში, რომელიც გამოწვეულია ანუსთან მდებარე კუნთის სპაზმით (ყითის ამწევი კუნთი).

ყითის ამწევი კუნთის სინდრომის ვარიანტებია პროქტალგია (სწორი ნაწლავის პერიოდული ტკივილი) და კოქციდინია (კუდუსუნის ძვლის ტკივილი). კუნთის სპაზმი იწვევს ტკივილს, რაც, როგორც წესი, არ არის დაკავშირებული დეფეკაციასთან. ტკივილი ხშირად 20 წუთზე ნაკლებ ხანს გასტანს. ტკივილი შეიძლება ხანმოკლე და ინტენსიური იყოს ან გავრცელდეს მაღლა, სწორ ნაწლავში. ის შეიძლება განვითარდეს სპონტანურად (ყოველგვარი მიზეზის გარეშე) ან ჯდომისას და შეიძლება გამოაღვიძოს ადამიანი. ტკივილის დროს არის შეგრძნება, რომ ტკივილი მოიხსნება აირზე გასვლის ან ნაწლავის მოქმედების შემდეგ. მძიმე შემთხვევებში ტკივილმა შეიძლება საათები გასტანოს და ხშირად განმეორდეს. ამ სიმპტომების მოსახსნელად პაციენტს შეიძლება სხვადასხვა წარუმატებელი რექტალური ოპერაცია ჰქონდეს ჩატარებული.

დიაგნოზი

რექტალური ტკივილის გამომწვევი სხვა მდგომარეობის გამოსარიცხად, (როგორიცაა ჰემოროიდული კვანძის თრომბოზი, ანალური ნაპრალი ან აბსცესი) ექიმი ფიზიკურ გასინჯვას ატარებს. ხშირად ფიზიკური გასინჯვისას პათოლოგია არ ვლინდება, თუმცა, შეხებისას კუნთი შეიძლება მტკივნეული ან დაჭიმული იყოს. ზოგჯერ ტკივილი გამოწვეულია ზურგის ქვედა ნაწილისან პროსტატის დაავადებით.

მკურნალობა

ექიმი პაციენტს განუმარტავს მდგომარეობის კეთილთვისებიან ბუნებას. ტკივილის ეპიზოდი შეიძლება მოიხსნას გაზებზე გასვლით ან ნაწლავის მოქმედებით, მჯდომარე აბაზანით ან მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლებით (მაგალითად ასპირინი). თუ სიმპტომები უფრო ინტენსიურია, პაციენტს უტარდება ელექტროგალვანური სტიმულაცია, რის დროსაც, ანუსში შეყვანილი ზონდის საშუალებით კუნთს მაღალი ძაბვის დენი მიეწოდება. ასეთი სტიმულაცია ეხმარება კუნთს სპაზმის მოხსნაში.