1. პროქტიტი
  2. ანუსის და სწორი ნაწლავის დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პროქტიტი

პროქტიტი სწორი ნაწლავის ამომფენი შრის ანთებაა (სწორი ნაწლავის ლორწოვანი შრე).

  • ანთებას ბევრი გამომწვევი აქვს, ინფექციით დაწყებული, სხივური თერაპიით დამთავრებული.
  • პროქტიტი შეიძლება იყოს უმტკივნეულო ან ძალიან მტკივნეული, რაც გამომწვევზეა დამოკიდებული.
  • ექიმი დიაგნოზს სწორი ნაწლავის გამოკვლევით სვამს.
  • ინფექციით გამოწვეული პროქტიტის სამკურნალოდ ანტიბიოტიკები გამოიყენება.

პროქტიტს, რომელიც სულ უფრო მეტი სიხშირით გვხვდება, რამდენიმე გამომწვევი აქვს. ის შეიძლება იყოს კრონის დაავადების ან წყლულოვანი კოლიტის შედეგი. ის შეიძლება ასევე გამოიწვიოს სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ (მაგალითად გონორეა, სიფილისი, ქლამიდიური, ჰერპესვირუსული ან ციტომეგალოვირუსული ინფექცია), განსაკუთრებით ჰომოსექსუალურ მამაკაცებში.

დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს პროქტიტის (განსაკუთრებით მარტივი ჰერპესვირუსული ან ციტომეგალოვირუსული ინფექციებით გამოწვეული პროქტიტის) განვითარების გაზრდილი რისკი აქვთ. პროქტიტი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა ბაქტერიამ, რომელიც სქესობრივი გზით არ გადადის, მაგალითად სალმონელამ, ან იმ ანტიბიოტიკმა, რომელიც ანადგურებს ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიებს და ამით საშუალებას აძლევს სხვა ბაქტერიებს, გამრავლდნენ და ჩაანაცვლონ ნორმალური ბაქტერიები. პროქტიტის სხვა გამომწვევია სწორ ნაწლავზე ან მის ახლოს ჩატარებული სხივური თერაპია, რომელიც ძირითადად პროსტატის და სწორი ნაწლავის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.

სიმპტომები და დიაგნოზი

პროქტიტი ძირითადად უმტკივნეულო სისხლდენას ან სწორი ნაწლავიდან ლორწოს გამოყოფას იწვევს. როდესაც გამომწვევია გონორეა, მარტივი ჰერპესვირუსი ან ციტომეგალოვირუსი, ანუსი და სწორი ნაწლავი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს.

დიაგნოზის დასმისთვის ექიმი სწორ ნაწლავს ათვალიერებს ანოსკოპით ან სიგმოიდოსკოპით (მილი, რომელიც სწორი ნაწლავისა და ანუსის დასათვალიერებლად გამოიყენება) და სწორი ნაწლავის მფარავი შრიდან გამოკვლევისთვის იღებს ნაცხს და ქსოვილის ნიმუშს. ლაბორატორიამ შეიძლება აღმოაჩინოს ბაქტერია, სოკო ან ვირუსი, რომელიც პროქტიტის მიზეზი შეიძლება იყოს. ექიმი კოლონოსკოპით ამოწმებს ასევე ნაწლავის სხვა მიდამოებს.

მკურნალობა

სპეციფიკური ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული პროქტიტის საუკეთესო სამკურნალო მეთოდია ანტიბიოტიკოთერაპია. როდესაც პროქტიტი გამოწვეულია იმ ანტიბიოტიკის მოხმარებით, რომელიც ნაწლავის ნორმალურ ბაქტერიას ანადგურებს, ექიმმა შეიძლება დანიშნოს მეტრონიდაზოლი ან ვანკომიცინი, რომელიც გაანადგურებს იმ საზიანო ბაქტერიებს, რომლითაც ჩანაცვლებულია ნორმალური ბაქტერია.

თუ დაავადების მიზეზი რადიაციული თერაპიაა, ან გამომწვევი უცნობია, პაციენტს შვება შეიძლება მოჰგვაროს ანთებისსაწინააღმდეგო წამლებმა, როგორიცაა ჰიდროკორტიზონი (კორტიკოსტეროიდი) ან მესალამინი. შესაძლებელია მათი ოყნით ან სანთლის სახით მიცემა. ზოგიერთი კორტიკოსტეროიდი ქაფის სახით გამოდის, რომლის შეყვანაც შესაძლებელია კარტრიჯისა და დგუშის დახმარებით. უკეთესი ეფექტის მისაღწევად მესალამინი და ანთების საწინააღმდეგო სხვა წამლები, როგორიცაა სულფასალაზინი და ოლსალაზინი, შეიძლება ერთდროულად დასალევი ფორმით და რექტალურად მიეცეს. თუ ასეთი მკურნალობა ანთებას არ აცხრობს, შესაძლებელია ფორმალინის მოთავსება პირდაპირ დაზიანების ადგილზე ან კორტიკოსტეროიდების დალევა. ასევე გამოიყენება ლაზერი ან პლაზმის კოაგულაცია არგონით.