1. წვრილი ნაწლავის კიბო
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
წვრილი ნაწლავის კიბო
  • ყველაზე ხშირი სიმპტომია სისხლიანი განავალი; თუმცა, ხანდახან კიბო გადაკეტავს ნაწლავის სანათურს და იწვევს მუცლის სპაზმურ ტკივილსა და ღებინებას.
  • დიაგნოზი ემყარება ნაწლავის სხვადასხვა ვიზუალური ტექნიკის გამოყენებას, მათ შორის ენდოსკოპიას და ბარიუმით რენტგენოლოგიურ კვლევას.
  • მკურნალობის საუკეთესო მეთოდია ქირურგიული გზით ამოკვეთა.

წვრილ ნაწლავში ავთვისებიანი სიმსივნეები ძალიან იშვიათია და მისი დიაგნოზი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 6000-ზე ნაკლებ ადამიანს უდგინდება. ადენოკარცინომა წვრილი ნაწლავის კიბოს ყველაზე ხშირი ფორმაა. ადენოკარცინომა ვითარდება წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის ჯირკვლოვანი უჯრედებიდან. კრონის დაავადების მქონე პირებს წვრილი ნაწლავის ადენოკარცინომის განვითარების მაღალი რისკი აქვთ.

სიმპტომები და დიაგნოზი

ადენოკარცინომამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა ნაწლავის ღრუში, რაც სისხლიანი განავლით გამოვლინდება, და ობსტრუქცია, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება მუცლის სპაზმური ტკივილი, მუცლის გადიდება (შებერილობა) და ღებინება გამოიწვიოს.

ექიმმა სიმსივნის მდებარეობის დასადგენად და ბიოფსიის შესასრულებლად (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპიული კვლევისთვის) შეიძლება გამოიყენოს ენდოსკოპი (დრეკადი დასათვალიერებელი მილი), რომელიც შეჰყავთ პირიდან თორმეტგოჯა და მლივი ნაწლავის ნაწილში (წვრილი ნაწლავის ზედა და შუა მონაკვეთი). ზოგჯერ ექიმმა სიმსივნე შეიძლება თეძოს ნაწლავში აღმოაჩინოს (წვრილი ნაწლავის ქვედა მონაკვეთი), რისთვისაც პაციენტს კოლონოსკოპით იკვლევს (ენდოსკოპი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა ნაწილის დასათვალიერებლად). კოლონოსკოპი თეძოს ნაწლავში, მთელი მსხვილი ნაწლავის გავლით, ანუსიდან შეჰყავთ. ბარიუმით რენტგენოლოგიური კვლევა მთლიანად წვრილ ნაწლავს აჩვენებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სიმსივნის ადგილმდებარეობის დასადგენად. წვრილი ნაწლავის სიმსივნეების სანახავად ასევე შეიძლება უსადენო ვიდეოკამერიანი კაფსულის გამოყენება. კვლევის კიდევ ერთი მეთოდია ნაწლავის არტერიების არტერიოგრაფია (არტერიაში რენტგენოკონტრასტული საღებავის ინექციის შემდეგ ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევა), რომელიც განსაკუთრებით სიმსივნიდან სისხლდენის დროს არის ინფორმატიული. ამის მსგავსად, შეიძლება რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება რადიაქტიური ტექნეციუმის არტერიაში შეყვანის შემდეგ, რადგან ეს უკანასკნელი წვრილ ნაწლავში გადადის. ეს პროცედურა სიმსივნიდან სისხლდენის ლოკალიზაციის დადგენაში გვეხმარება. სისხლდენის მართვა შესაძლებელია ქირურგიული გზით. ზოგჯერ, წვრილ ნაწლავში სიმსივნის აღმოსაჩენად საჭირო ხდება სადიაგნოზო ქირურგიული ოპერაცია.

მკურნალობა

ქირურგიული ამოკვეთა ყველა ტიპის ავთვისებიანი წარმონაქმნის მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა. ქირურგიული ჩარევის შემდეგ ჩატარებული ქიმიოთერაპია და რადიაციული თერაპია სიცოცხლის ხანგრძლივობას არ ზრდის.