კოლორექტული პოლიპი | მკურნალი.გე
  1. კოლორექტული პოლიპი
  2. საჭმლის მომნელებელი სისტემის სიმსივნეები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
კოლორექტული პოლიპი
  • ზოგიერთი პოლიპი გამოწვეულია მემკვიდრული მდგომარეობით.
  • ყველაზე ხშირი სიმპტომია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა.
  • დიაგნოზის დასასმელად ტარდება კოლონოსკოპია.
  • ქირურგიული ამოკვეთა მკურნალობის საუკეთესო საშუალებაა.

პოლიპი, ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კედლის ქსოვილის წარმონაქმნია, რომელიც გამოშვერილია ნაწლავში ან სწორ ნაწლავში. ის შეიძლება კეთილთვისებიანი (არაავთვისებიანი) ან ავთვისებიანი იყოს. პოლიპის ზომა მნიშვნელოვნად ვარირებს. რაც უფრო დიდია პოლიპი, მით უფრო დიდია მისი ავთვისებიანობის ან ავთვისებიანად გადაგვარების რისკი. პოლიპი შეიძლება იზრდებოდეს ფეხზე. უფეხო პოლიპი, ფეხიანთან შედარებით, მეტად სავარაუდოა, რომ ავთვისებიანი იყოს. ადენომატოზური პოლიპი, რომელიც ძირითადად მსხვილი ნაწლავის ამომფენი ჯირკვლოვანი უჯრედებისგან შედგება, უფრო ხშირად გადაგვარდება ავთვისებიანად (რაც იმას ნიშნავს, რომ ის კიბოსწინარე მდგომარეობაა). ადენომის განსაკუთრებით აგრესიული ფორმაა დაკბილული ადენომა.

მემკვიდრული მდგომარეობა: ზოგიერთი პოლიპი მემკვიდრული წინასწარგანწყობის შედეგია, როგორიცაა ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი და პეიც-ეგერსის სინდრომი.

ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს, მსხვილ ნაწლავსა და სწორ ნაწლავში, ბავშვობაში ან მოზრდილობაში, 100 ან მეტი კიბოსწინარე პოლიპი ვითარდება. 40 წლამდე ასაკში, თითქმის ყველა უმკურნალებ პირში, პოლიპი მსხვილი ნაწლავის ან სწორი ნაწლავის კიბოდ (კოლორექტული კიბო) გარდაიქმნება. პირებს, ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზით, შეიძლება განუვითარდეთ სხვა გართულებები (ადრე გარდნერის სინდრომად იწოდებოდა), განსაკუთრებით სხვადასხვა ტიპის არაავთვისებიანი სიმსივნე. არაავთვისებიანი სიმსივნეები ვითარდება ორგანიზმის ნებისმიერ ადგილას (მაგალითად კანზე, თავის ქალაზე ან ყბაზე).

პეიც-ეგერსის სინდრომის დროს პაციენტს შეიძლება ჰქონდეს კუჭის, წვრილი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავის და სწორი ნაწლავის ბევრი პატარა პოლიპი. მათ ასევე უვითარდებათ მოლურჯო შავი ლაქები სახეზე, პირში, ხელებსა და ფეხებზე. ლაქები, გარდა პირში არსებულისა, პუბერტული (სქესობრივი მომწიფების) ასაკისთვის ქრება. პეიც-ეგერსის სინდრომისთვის დამახასიათებელია კიბოს განვითარების რისკის ზრდა სხვადასხვა ორგანოში, განსაკუთრებით პანკრეასში, წვრილ ნაწლავში, მსხვილ ნაწლავში, მკერდში, ფილტვებში, საკვერცხეებსა და საშვილოსნოში.

სიმპტომები და დიაგნოზი

პოლიპების უმეტესობა სიმპტომებს არ იწვევს. თუ იწვევს, ყველაზე ხშირი სიმპტომია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა. დიდი ზომის პოლიპს შეუძლია მუცლის სპაზმური ტკივილის ან ობსტრუქციის გამოწვევა. დიდი ზომის პოლიპმა, რომელსაც პატარა, თითისებრი ხაოები აქვს (ხაოიანი ადენომა), შეიძლება გამოყოს დიდი რაოდენობით წყალი და მარილები და გამოიწვიოს ძლიერი წყლიანი დიარეა. ამ უკანასკნელს შეიძლება მოჰყვეს სისხლში კალიუმის დონის დაწევა (ჰიპოკალიემია). იშვიათად სწორი ნაწლავის პოლიპი, რომელიც გრძელ ფეხზეა, ვარდება ქვემოთ და ჩამოიწევა ანუსიდან.

ექიმმა პოლიპი შეიძლება შეიგრძნოს ხელთათმნიანი თითის სწორ ნაწლავში მოთავსებით. თუმცა, როგორც წესი, პოლიპის აღმოჩენა დრეკადი სიგმოიდოსკოპიით ხდება (მსხვილი ნაწლავის ქვედა მონაკვეთის გამოკვლევა დასათვალიერებელი მილით). თუ დრეკადი სიგმოიდოსკოპია პოლიპს გამოავლენს, ტარდება მსხვილი ნაწლავის სრული გამოკვლევა კოლონოსკოპიით. ეს უფრო სრული და სარწმუნო გამოკვლევა იმისთვის ტარდება, რომ როგორც წესი, პოლიპი ერთზე მეტია და რომელიმე შეიძლება ავთვისებიანი იყოს. კოლონოსკოპია, აგრეთვე, საშუალებას აძლევს ექიმს აიღოს ბიოფსიური მასალა (ქსოვილის ნიმუშის აღება მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევისთვის) მსხვილი ნაწლავის ნებისმიერი ადგილიდან, რომელიც ავთვისებიანს ჰგავს.

მკურნალობა

ჩვეულებრივ, რეკომენდებულია მსხვილი და სწორი ნაწლავის ყველა პოლიპის მოცილება, მათი ავთვისებიანად გარდაქმნის შესაძლებლობის გამო. პოლიპების მოცილება ხდება კოლონოსკოპიის პროცედურის დროს, საჭრელი ინსტრუმენტის ან ელექტრული მავთულის მარყუჟით. თუ პოლიპს ფეხი არ გააჩნია ან მისი მოცილება კოლონოსკოპიით ვერ ხერხდება, შეიძლება საჭირო გახდეს მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია.

თუ პოლიპი ავთვისებიანი აღმოჩნდა, მკურნალობა კიბოს გავრცელებაზეა დამოკიდებული. გავრცელების რისკი განისაზღვრება პოლიპის მიკროსკოპული კვლევით. თუ რისკი დაბალია, შემდგომი მკურნალობა საჭირო არ არის. თუ რისკი მაღალია, განსაკუთრებით მაშინ, თუ კიბო აზიანებს პოლიპის ფეხს, მსხვილი ნაწლავის დაზიანებული სეგმენტი ქირურგიულად იკვეთება და ნაწლავის მოჭრილი ბოლოები ერთდება.

როდესაც პირს პოლიპი ამოღებული აქვს, ერთი წლის მერე და შემდეგ ექიმის მიერ განსაზღვრული ინტერვალებით ხდება მთლიანი მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის გამოკვლევა. თუ ასეთი გამოკვლევა შეუძლებელია მსხვილი ნაწლავის შევიწროების გამო, შეიძლება ჩატარდეს მსხვილი ნაწლავის რენტგენოლოგიური კვლევა ბარიუმის ოყნით.

ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს მსხვილი და სწორი ნაწლავის სრული ამოკვეთა სპობს კიბოს განვითარების რისკს. ალტერნატიული მიდგომაა მსხვილი ნაწლავის ამოღება და სწორი ნაწლავის წვრილ ნაწლავთან შეერთება. ეს პროცედურა ზოგჯერ აშორებს რექტალურ პოლიპებს და რეკომენდებულია ბევრი ექსპერტის მიერ. სწორი ნაწლავის დარჩენილი ნაწილი თვალიერდება სიგმოიდოსკოპიით ყოველ 3-6 თვეში ერთხელ ისე, რომ შესაძლებელი იყოს ახალი პოლიპის ამოკვეთა. თუ ახალი პოლიპები ძალიან სწრაფად ჩნდება, სწორი ნაწლავი უნდა მოსცილდეს. სწორი ნაწლავის ამოღების შემთხვევაში, ქირურგიული გზით ხდება წვრილი ნაწლავის დაკავშირება მუცლის კედელში გაკეთებულ ხვრელთან (ილეოსტომა). ნაწლავის შიგთავსის გამოყოფა ხდება ილეოსტომის საშუალებით, მასზე მიმაგრებულ ერთჯერად კონტეინერში.

მიმდინარეობს ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო წამლის (ასას-ები/ NSAIDs) კვლევა, რომელთაც შესაძლოა ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზის დროს პოლიპების უკუგანვითარების უნარი აღმოაჩნდეთ. თუმცა, მათი ეფექტი დროებითია და როგორც კი წამლის მიღება წყდება, პოლიპი ისევ იწყებს ზრდას.