1. დიალიზი
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
დიალიზი

დიალიზი ნიშნავს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის ხელოვნურად მოშორებას, მაშინ, როცა თირკმლები ამას ვერ ახერხებს.

ადამიანებს დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დასჭირდეთ, თუმცა ყველაზე ხშირად ეს თირკმლების უკმარისობაა. ექიმები მკურნალობის ამ მეთოდს ნიშნავენ, როცა შარდის გამოყოფა შემცირებულია ან ზოგი სპეციფიკური მდგომარეობა ვითარდება. თირკმლების მწვავე უკმარისობის დროს დიალიზი გრძელდება მანამ, სანამ სისხლის ანალიზით არ დადასტურდება, რომ თირკმლების ფუნქცია აღდგენილია. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მქონეთათვის ეს მეთოდი ხანგრძლივად ან დროებით გამოიყენება, სანამ თირკმელი გადაინერგება. ხანმოკლე ან გადაუდებელი დიალიზი შეიძლება მაშინ გახდეს საჭირო, როცა აუცილებელია რაიმე მედიკამენტის ან შხამის სასწრაფოდ მოცილება ორგანიზმიდან.

გრძელვადიანი დიალიზის დაწყების გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის, რადგან ეს ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს – ადამიანი ხომ აპარატებზე ხდება დამოკიდებული სიცოცხლის შესანარჩუნებლად. თუმცაღა, უმრავლესობისთვის ეფექტური დიალიზი სიცოცხლის დამაკმაყოფილებელ ხარისხს უზრუნველყოფს. ადამიანთა დიდი ნაწილი, ვისაც დიალიზი უტარდება, იკვებება შესაბამისი საკვებით, მათ არტერიული წნევა ნორმაში აქვთ, თავიდან იცილებენ ნერვების დაზიანებას, ანემიასა და სხვა მძიმე გართულებებს.

დიალიზის ჩასატარებლად სპეციალისტთა გუნდია საჭირო. ექიმი ნიშნავს მკურნალობის ამ მეთოდს, მართავს გართულებებს და უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას. ექთანი აკვირდება ადამიანის ზოგად მდგომარეობას, გონებრივ ჯანმრთელობას და ინფორმაციას აწვდის მას დიალიზზე, იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ადამიანის ტრანსპორტირებას და მასზე ზრუნვას სახლში. დიეტოლოგი განსაზღვრავს შესაბამის დიეტას და აკვირდება ორგანიზმის პასუხს მასზე.

დიალიზის სახეები

დიალიზის ორი სახე არსებობს: ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი.

ჰემოდიალიზის დროს სისხლი სხეულიდან გამოედინება და სპეციალური მექანიზმით დიალიზატორში, ანუ ხელოვნურ თირკმელში იტუმბება. დიალიზატორი ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისგან წმენდს სისხლს და უკან აბრუნებს მას ორგანიზმში. დაბრუნებული სითხის რაოდენობა, საჭიროების მიხედვით, შეიძლება შეიცვალოს. ჰემოდიალიზის ჩასატარებლად ხშირად აუცილებელია წვდომა სისხლის ნაკადზე. ექიმები ამას ახერხებენ დროებით მსხვილი ინტრავენური კათეტერის შეყვანით დიდ ვენაში, როგორც წესი კისერზე. გრძელვადიანი წვდომა უფრო ადვილდება არტერიასა და ვენას შორის ხელოვნური კავშირის, არტერიოვენური ფისტულის ქირურგიული გზით შექმნით. ამ პროცედურის დროს, როგორც წესი, მკლავზე სხივის არტერია იდაყვის წინა ვენას უერთდება. ამის შედეგად ვენა ზომაში მატულობს, მასში სისხლის ნაკადიც მეტია და ის ნემსით განმეორებითი ჩხვლეტებისთვის გამოდგება. როცა ფისტულის შექმნა ვერ ხერხდება, სისხლძარღვები შეიძლება ქირურგიულად დაკავშირდეს ერთმანეთთან ხელოვნური ქსოვილით. ამ შემთხვევაში დიალიზისთვის ჩხვლეტა სწორედ ამ დამაკავშირებელ ქსოვილში ხდება.

ჰემოდიალიზის დროს ადამიანს სისხლის შედედების საწინააღმდეგო მედიკამენტი – ჰეპარინი – ეძლევა, რათა სისხლი დიალიზატორში არ შედედდეს. ამ აპარატში სისხლი ხელოვნური, ფორებიანი მემბრანითაა გაყოფილი სპეციალური სითხისგან (დიალიზატი). სისხლის უჯრედებსა და დიდ ცილებს არ შეუძლიათ ამ ფორებში გასვლა, შესაბამისად, რჩება სისხლში, რომელიც გაწმენდის შემდეგ ორგანიზმს უბრუნდება.

დიალიზატორები სხვადასხვა სიდიდის და ეფექტურობისაა. თავად პროცედურა დაახლოებით 3-4 საათი გრძელდება. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მქონე ადამიანთა უმრავლესობას მისი ჩატარება კვირაში სამჯერ სჭირდება.

პერიტონეული დიალიზის დროს ფილტრის როლს ასრულებს პერიტონეუმი, ქსოვილი, რომელიც მუცლის ღრუს ამოჰფენს და მის ორგანოებს ფარავს. მას დიდი ზედაპირი და სისხლძარღვთა უხვი ქსელი აქვს. ნივთიერებები ადვილად გააღწევენ სისხლიდან მუცლის ღრუში პერიტონეუმის გავლით. სპეციალური სითხე (დიალიზატი) კათეტერით მუცლის კედლის გავლით პერიტონეულ სივრცეში შეჰყავთ. ის იქ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში უნდა დარჩეს, რათა მასში სისხლიდან ნარჩენი ნივთიერებები ნელ-ნელა გადავიდეს. შემდეგ დიალიზატს მუცლის ღრუდან იღებენ და ახალი სითხით ჩაანაცვლებენ.

პროცედურისას სითხე თანაბრად მიედინება რბილი სილიკონის ან ფოროვანი პოლიურეთანის კათეტერში, რომელიც ქსოვილების დაზიანებას არ იწვევს. ეს მილი შეიძლება დროებით ჩაიდგას ან მუდმივად – ქირურგიული წესით. კათეტერის ერთ-ერთი ტიპი დროთა განმავლობაში კანს უხორცდება და როცა არ გამოიყენება შეიძლება თავსახური დაეფაროს.

პერიტონეული დიალიზის ჩატარების სხვადასხვა მეთოდი არსებობს:

მანუალური ხანგამოშვებითი პერიტონეული დიალიზი ყველაზე მარტივი მეთოდია. დიალიზატს სხეულის ტემპერატურამდე ათბობენ და პერიტონემის ღრუში შეჰყავთ, რასაც 10 წუთი სჭირდება. სითხე მუცელში 60-90 წუთით რჩება (დაყოვნების დრო), რის შემდეგ ის 10-20 წუთის განმავლობაში ნელ-ნელა უკან გამოაქვთ. ამის მერე იგივე პროცედურას იმეორებენ. მთლიანად პროცესი 12-24 საათი გრძელდება.

ავტომატური ციკლური ხანგამოშვებითი პერიტონეული დიალიზის დროს სპეციალური აპარატი დიალიზატს ავტომატურად ცვლის. ამ შემთხვევაში ექთნის ჩართულობა ნაკლებია.

ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეული დიალიზის დროს დიალიზატი მუცლის ღრუში ბევრად დიდხანს რჩება. მისი გამოღება და შეცვლა დღე-ღამეში 4-5-ჯერ ხდება. დღის განმავლობაში მას 3-ჯერ ცვლიან 4-საათიანი დაყოვნების დროით, ხოლო ღამით ერთხელ და 8-12 საათის განმავლობაში ტოვებენ მუცლის ღრუში.

ხანგრძლივი ციკლური პერიტონეული დიალიზისთვისაც სპეციალურ აპარატს იყენებენ, რომელიც ღამით, ძილისას, დიალიზატს მცირე დაყოვნების დროით ცვლის, ხოლო დღისით ყველაფერი მანუალურად, ხელით კეთდება. ამ მეთოდის გამოყენებისას, დღისით დიალიზატი მინიმალური სიხშირით იცვლება. ღამით ადამიანი ვერ გადაადგილდება, რადგან სპეციალურ აღჭურვილობაზეა მიმაგრებული.

დიალიზის საუკეთესო მეთოდის შესარჩევად ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის ცხოვრების წესი. ჰემოდიალიზი დიალიზის ცენტრში ტარდება, პერიტონეული დიალიზის ჩატარება სახლშიც შეიძლება, შესაბამისად, ადამიანს აღარ უწევს ცენტრში მისვლა.

ექიმები ჰემოდიალიზს იმათ ურჩევენ, ვისაც მუცელზე ახლო წარსულში ჭრილობა ჰქონდა, მაგალითად ქირურგიული ჩარევის შედეგად, ან მუცლის კედლის დაზიანება აქვს, რაც აძნელებს პერიტონეული დიალიზის ჩატარებას. უკანასკნელი მათთვისაა უკეთესი, ვისაც არტერიული წნევის ხშირი ცვალებადობა აღენიშნება – მაღალი ან ნორმალური წნევის მონაცვლეობა დაბალთან.

განსაკუთრებული მითითებები

დიეტა: ადამიანებს, რომელთაც დიალიზი უტარდებათ, განსაკუთრებული დიეტა სჭირდებათ. პერიტონეული დიალიზის დროს მადა, როგორც წესი, ქვეითდება, თან პროცედურის განმავლობაში ორგანიზმიდან ცილაც იკარგება. შესაბამისად, ცილით მდიდარი საკვების მიღებაა საჭირო, სახელდობრ 1/2 გრამი ცილა პაციენტის იდეალური წონის ერთ კილოგრამზე (ამერიკის თირკმლების დაავადების მქონე პაციენტთა ასოციაციას სპეციალური სახელმძღვანელო აქვს კვებისთვის). მარილის რაოდენობა, როგორც ნატრიუმის, ისე კალიუმის შემცველისა, უნდა შეიზღუდოს.

ჰემოდიალიზის დროს ნატრიუმისა და კალიუმის მიღება კიდევ უფრო უნდა შემცირდეს. დიდი რაოდენობით ფოსფორის შემცველი საკვებიც ნაკლები რაოდენობით უნდა მიიღოს პაციენტმა. დღის განმავლობაში სითხის მიღება უნდა შეზღუდონ იმათ, ვისაც შარდის მოცულობა შემცირებული აქვს ან ნატრიუმის კონცენტრაცია სისხლში – მუდმივად დაბალი (ან მცირდება). ყოველდღიური აწონა მნიშვნელოვანია წონის მატების გასაკონტროლებლად. ჰემოდიალიზის პროცედურებს შორის წონის მომატება ნიშნავს, რომ ადამიანი ზედმეტ სითხეს იღებს. როგორც წესი, ეს ნატრიუმის ჭარბი მიღებითაა გამოწვეული, რაც წყალს აწყურებს.

ჰემოდიალიზის ან პერიტონეული დიალიზის დროს დაკარგული ნუტრიენტების ჩასანაცვლებლად მულტივიტამინების მიღება შეიძლება გახდეს საჭირო.

სამედიცინო ასპექტები: სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებისთვის შეიძლება ერითროპოეტინი და დარბეპოეტინი დაინიშნოს, დამატებით რკინის მიწოდებაც არის ხოლმე საჭირო ორგანიზმისთვის, რათა ზემოხსენებული პროცესი არ შეფერხდეს. ფოსფატების შემაკავშირებელი მედიკამენტები, ყველაზე ხშირად კალციუმის კარბონატი და აცეტატი, საკვებით მიღებული ჭარბი ფოსფორის მოსაცილებლად გამოიყენება.

გართულება

მიზეზი

სისხლდენა

კათეტერის ჩაყენების დროს შემთხვევით რომელიმე ორგანოს დაზიანება

კათეტერის ამოღება

მუცლის ღრუს ამომფენი ქსოვილის, პერიტონეუმის, გაღიზიანება და ანთება

კათეტერის შეყვანის ადგილის გაღიზიანება და ანთება (როცა იგი არ არის მიხორცებული მუცლის კედელთან)

ინფექცია

დიალიზის დროს სტერილობის დარღვევა

სისხლში ალბუმინის (ცილის) დაბალი შემცველობა

დიალიზის დროს სითხის გამოღების გამო ცილის დაკარგვა; ცილის არასაკმარისი რაოდენობა მიღებულ საკვებში

პერიტონეუმზე ნაწიბურის განვითარება

ანთება და ინფექცია

ელექტროლიტები დიალიზის სითხეში

ზოგიერთი მედიკამენტის მიღება

სისხლში შაქრის (გლუკოზის) მაღალი დონე

გლუკოზის მაღალი შემცველობის მქონე პერიტონეული დიალიზატის გამოყენება (ორგანიზმიდან ჭარბი წყლისა და ნატრიუმის მოსაცილებლად გამოიყენება)

მუცლის ან საზარდულის თიაქარი

მუცლის ღრუში დიდი მოცულობის სითხეების განმეორებითი შეყვანის გამო გაზრდილი წნევა. ეს ასუსტებს ტიხრებს, რომლებიც ნორმაში ხელს უშლის ორგანოებისა და სხვა სტრუქტურების ზედმეტ მოძრაობას

შეკრულობა

ბოჭკოებით ღარიბი საკვების ან სისხლში ფოსფორის მაღალი დონის გამო კალციუმის მარილების მიღება, რაც ნაწლავების გაფართოებას იწვევს და, სავარაუდოდ, აფერხებს დიალიზატის შედინებას და გამოდინებას მუცლის ღრუდან

პერიტონეული დიალიზის შესაძლო გართულებები

ნორმაში ორგანიზმში ძვლოვანი ქსოვილი მუდმივად იშლება და ახლით ჩანაცვლდება, რაც ძვალს სიმკვრივესა და სიმტკიცეს უნარჩუნებს. ძვლის წარმოქმნის რეგულაციაში მონაწილე ჰორმონებს თირკმლები გამოყოფენ. მათი უკმარისობის დროს ამ ნივთიერებების ბალანსი ირღვევა და სისხლში პარათიროიდული ჰორმონის დონე შეიძლება გაიზარდოს, რაც განაპირობებს ძვლების სიმკვრივის შემცირებას, მათ დასუსტებას და თირკმლისმიერი ოსტეოდისტროფიის განვითარებას. ამ ჰორმონის რაოდენობის შესამცირებლად D ვიტამინის აქტიური ფორმა ან მსგავსი საშუალება ინიშნება.

ფსიქოლოგიური ასპექტები: ადამიანებისთვის, რომლებიც დიალიზს იტარებენ, ყოველდღიური ყოფის ბევრი მხარე გართულებულია. მათთვის განსაკუთრებით დამთრგუნველია ის გარემოება, რომ სხვებზე დამოკიდებულნი ხდებიან. ცხოვრების წესის ცვლილებებთან შეგუება საკმარისად რთულია, ამიტომ ბევრ ადამიანს დეპრესია ეუფლება, შფოთვა ეწყება. მათ და მათ ოჯახებს ხშირად ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის დახმარება ესაჭიროებათ. დიალიზის ცენტრების დიდ ნაწილს მსგავსი სერვისები გააჩნია. სხვაზე დამოკიდებულებასთან შეგუება, შესაძლოა, გაადვილდეს, თუ ადამიანები კვლავინდებურად ეცდებიან დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აუცილებელია მათი რეგულარული ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ჰემოდიალიზის ცენტრში და უკან. ამ პროცედურებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს სამსახურთან, სკოლასთან ურთიერთობას, დასვენებას.

ხანგრძლივ დიალიზზე მყოფ პაციენტთა ნახევარზე მეტი 60 წელზე მეტი ასაკისაა. მოხუცები უფრო ადვილად ეგუებიან პროცესს და სხვაზე დამოკიდებულებას, ვიდრე ახალგაზრდები. ამავე დროს, მათ შეიძლება მეტი ყურადღება დასჭირდეთ თავისი ზრდასრული შვილებისგან, ზოგჯერ ვეღარ მოახერხონ სიმარტოვეში ცხოვრების გაგრძელება. მკურნალობით გამოწვეული საერთო სისუსტე, გამოფიტვა უპირატესწილად მოხუცების ხვედრია. ხშირად საჭირო ხდება ოჯახში როლების და პასუხისმგებლობების ახლებურად გადანაწილება, რაც სტრესს, დანაშაულისა და უმწეობის შეგრძნებას იწვევს.

განსაკუთრებული გარემოებები ბავშვებში: ბავშვებმა, რომელთა ზრდაც შეფერხებულია დაავადების გამო, შესაძლოა თანატოლებისგან იზოლირებულად, განსხვავებულად იგრძნონ თავი. მოზარდებს ისედაც გამძაფრებული აქვთ თვითდამკვიდრების, დამოუკიდებლობის სურვილი, უყალიბდებათ გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები; ეს შეგრძნებები დიალიზმა შეიძლება კიდევ უფრო გაამწვავოს. ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია სწორად კვება, რადგან მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებები.