1. მუცლის აბსცესები
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
მუცლის აბსცესები

აბსცესი ჩირქით სავსე ჯიბეა, რომელიც, როგორც წესი, გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით.

  • პაციენტთა უმეტესობას აქვს მუდმივი ხასიათის მუცლის ტკივილი და ცხელება.
  • აბსცესის განსხვავება სხვა პრობლემისგან შეიძლება კომპიუტერული ტომოგრაფიით ან სხვა გამოსახულებითი ტესტით.
  • მკურნალობა მოიცავს ჩირქის გამოშვებას და ანტიბიოტიკების მიღებას.

მუცლის ღრუს აბსცესები შეიძლება ჩამოყალიბდეს დიაფრაგმის ქვევით, მუცლის ღრუს შუაში, მენჯში ან მუცლის ღრუს უკან. აბსცესი ასევე შეიძლება წარმოიქმნას რომელიმე ორგანოში ან მის ირგვლივ, მაგალითად, თირკმლებში, ელენთაში, პანკრეასში ან ღვიძლში, ან პროსტატის ჯირკვალში.

გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

მუცლის ღრუს აბსცესები ხშირად გამოწვეულია: ტრავმებით, ინფექციით, ნაწლავის მთლიანობის დარღვევით ან ინფექციის გავრცელებით მუცლის ღრუს სხვა ორგანოდან. აბსცესი ხანდახან მუცლის დაზიანების ან მასზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ წარმოიქმნება. სპეციფიკური სიმპტომები აბსცესების ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული; თუმცა, პაციენტთა უმეტესობას აქვს მუდმივი დისკომფორტის შეგრძნება ან ტკივილი, თავს შეუძლოდ გრძნობენ (აქვთ სისუსტე) და ხშირად აქვთ ცხელება. სხვა სიმპტომები მოიცავს მადის დაკარგვას და წონაში კლებას.

აბსცესი დიაფრაგმის ქვეშ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმოიქმნას, როდესაც ინფიცირებული სითხე (მაგალითად, გამსკდარი აპენდიქსიდან გამოსული სითხე) მუცლის ღრუს ორგანოების ზეწოლით და უარყოფითი წნევის ზემოქმედებით (რაც სუნთქვის დროს დიაფრაგმის მოძრაობით იქმნება), ზემოთ გადაადგილდება. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ხველას, მტკივნეულ სუნთქვას და ტკივილს ერთ-ერთ მხარში. ეს უკანასკნელი გადაცემული (ირადირებული) ტკივილის მაგალითია, რადგან მხარს და დიაფრაგმას საერთო ინერვაცია აქვს და ტკივილის წყაროს ტვინი არასწორად აღიქვამს.

მუცლის შუა ნაწილში არსებული აბსცესი შეიძლება გამოწვეული იყოს ჭიანაწლავის (აპენდიქსის) გასკდომით, ნაწლავის მთლიანობის დარღვევით, ანთებითი ნაწლავის დაავადებით, დივერტიკულური დაავადებით ან მუცლის ღრუს ჭრილობით. მუცელი, ჩვეულებრივ, მტკივნეულია აბსცესის ადგილას.

მენჯის ღრუს აბსცესი შეიძლება გამოწვეული იყოს იმავე მდგომარეობებით, რითაც მუცლის შუა ნაწილში მდებარე აბსცესები, ან გინეკოლოგიური ინფექციით. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: მუცლის ტკივილს, დიარეას, რაც ნაწლავის გაღიზიანებითაა გამოწვეული და ხშირ შარდვას, რასაც შარდის ბუშტის გაღიზიანება განაპირობებს.

მუცლის ღრუს უკან განვითარებული აბსცესები (ცნობილია რეტროპერიტონეული აბსცესების სახელით) პერიტონეუმის უკან მდებარეობს. პერიტონეუმი არის მემბრანა, რომელიც მუცლის ღრუსა და ორგანოებს ამოფენს. რეტროპერიტონეული აბსცესების გამომწვევი მიზეზები მუცლის ღრუს აბსცესების გამომწვევი მიზეზების მსგავსია. მათ შორისაა აპენდიქსისა (აპენდიციტი) და პანკრეასის (პანკრეატიტი) ანთება და ინფექცია. ტკივილი უმეტესად წელის არეშია ლოკალიზებული. მისი ინტენსიურობა ძლიერდება თეძოს სახსარში ფეხის მოძრაობისას.

პანკრეასში აბსცესები, როგორც წესი, მწვავე პანკრეატიტის შეტევის შემდეგ ყალიბდება. სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ხშირად ერთი კვირის ან მეტი ხნის შემდეგ, პანკრეატიტისგან გამოჯანმრთელების პერიოდში იწყება.

ღვიძლის აბსცესები შეიძლება ბაქტერიით ან ამებით (ერთუჯრედიანი პარაზიტი) იყოს გამოწვეული. ბაქტერია ღვიძლში შეიძლება მოხვდეს ინფიცირებული ნაღვლის ბუშტიდან, გამჭოლი ან დაჟეჟილი ჭრილობიდან, მუცლის ღრუში არსებული ინფექციიდან, მაგალითად, ახლომდებარე აბსცესიდან, ან ორგანიზმის სხვა ადგილიდან სისხლის მიმოქცევის გზით. ნაწლავიდან ღვიძლში ამება ლიმფური სადინარების საშუალებით ხვდება. ღვიძლის აბსცესის სიმპტომები მოიცავს: მადის დაკარგვას, გულისრევას და ცხელებას. მუცლის ტკივილი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს.

ელენთის აბსცესი გამოწვეულია: ელენთის ინფიცირებით სისხლის მიმოქცევის გზით, ელენთის დაზიანებით ან ახლომდებარე აბსცესიდან, მაგალითად, დიაფრაგმისქვეშა აბსცესიდან, ელენთაში ინფექციის გავრცელებით. პაციენტს ტკივილი შეიძლება ჰქონდეს მუცლის მარცხენა მხარეს ან მარცხენა მხარში.

დიაგნოზი

ექიმები ადვილად შეიძლება შეცდნენ აბსცესის დიაგნოსტიკაში, რადგან მისი პირველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, ბუნდოვანია და სუსტადაა გამოხატული. აღნიშნულის გამოც ის შეიძლება შეცდომით აერიოთ ნაკლებად სერიოზულ, შედარებით ხშირად განვითარებულ პრობლემაში. თუ ექიმი აბსცესის არსებობას ვარაუდობს, ის, როგორც წესი, აკეთებს კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ან ულტრაბგერით სკანირებას, ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ). ეს ტესტები ექიმს შეიძლება დაეხმაროს სხვა პრობლემებისგან (მაგალითად, სიმსივნეები ან ცისტები) აბსცესის გარჩევაში და აბსცესის ზომისა და მდებარეობის განსაზღვრაში. ვინაიდან, აბსცესი და სიმსივნე ხშირად ერთსა და იმავე სიმპტომებს იძლევა და გამოსახულებით კვლევაზეც ერთნაირ სურათს აჩვენებს, საბოლოო დიაგნოზის დასასმელად ექიმი ზოგჯერ ჩირქის ნიმუშის მიღებას ან ქირურგიული გზით აბსცესის ამოღებას მიმართავს, რათა მიკროსკოპიული კვლევა ჩაატაროს.

მკურნალობა

მუცლის ღრუს აბსცესის სამკურნალოდ, აუცილებელია ჩირქის დრენირება, რაც ქირურგიული ჩარევით ან კანის გავლით ნემსის შეყვანის გზით ხორციელდება. აბსცესში ნემსის შეყვანა კტ-ის ან ულტრაბგერითი სკანირების კონტროლით ხდება. დრენირებასთან ერთად, როგორც წესი, გამოიყენება ანტიბიოტიკები, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის გავრცელება და მოხდეს ინფექციის სრული ელიმინაცია.

ჩირქის ლაბორატორიული ანალიზით დგინდება ინფექციის გამომწვევი, რაც ყველაზე ეფექტური ანტიბიოტიკის შერჩევის საშუალებას იძლევა. ანტიბიოტიკოთერაპია, აბსცესის დრენირების გარეშე, ხშირად ვერ უზრუნველყოფს განკურნებას. თუ აბსცესში ნემსის უსაფრთხოდ მოთავსება ვერ ხერხდება, საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

მეტად მნიშვნელოვანია პაციენტის ადეკვატური კვების შენარჩუნება. პაციენტი შეიძლება იკვებოს ზონდის (ენტერალური) ან ვენის კათეტერის საშუალებით (პარენტერალური).