მუცლის კედლის თიაქრები | მკურნალი.გე
  1. მუცლის კედლის თიაქრები
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
მუცლის კედლის თიაქრები

მუცლის კედლის თიაქარი არის მუცლის კედლის ღია ან სუსტ ადგილას ნაწლავის გამობერვა.

  • მუცლის კედლის თიაქარი იწვევს შესამჩნევ გამობერილობას, მაგრამ მცირე დისკომფორტს.
  • დიაგნოზი ისმება ფიზიკური გასინჯვით და ზოგჯერ ულტრაბგერითი კვლევით.
  • მკურნალობა მუცლის კედლის მთლიანობის აღდგენაში მდგომარეობს.

მუცლის კედლის თიაქარი ძალიან ხშირია, განსაკუთრებით, კაცებში.

შეერთებულ შტატებში 700000 თიაქრის ოპერაცია ტარდება ყოველწლიურად. თიაქრის სახელი, როგორც წესი, გამომდინარეობს იმ ადგილიდან, სადაც თიაქარი ვითარდება.

მუცლის კედელი უმეტეს ადგილებში სქელი და მკვრივია. ამდენად, თიაქრები, როგორც წესი, სუსტ ადგილებში ვითარდება; იქ, სადაც ადრე არსებული ღია უბანი დაიხურა. სიმძიმის აწევა ან დაჭიმვა თიაქრის არსებობას თვალსაჩინოს ხდის, თუმცა, არ იწვევს მის განვითარებას.

საზარდულის თიაქარი: საზარდულის თიაქარი ვითარდება საზარდულის ნაკეცში ან სათესლე პარკში. ის უფრო ხშირად კაცებში გვხვდება. განარჩევენ საზარდულის თიაქრის ორ ტიპს – პირდაპირს და არაპირდაპირს, იმისდა მიხედვით, თუ ზუსტად სად ვითარდება თიაქარი.

ჭიპის თიაქარი: ჭიპის თიაქარი ვითარდება ჭიპის ირგვლივ. ჭიპის პატარა თიაქარი ბევრ ბავშვს აქვს, რადგან ჭიპლარის სისხლძარღვებისთვის არსებული ადგილი სრულად არ იხურება. ზოგიერთ მოზარდს ჭიპის თიაქარი სიმსუქნის, ორსულობის ან მუცელში ზედმეტი სითხის არსებობის გამო (ასციტი) უვითარდება.

ბარძაყის თიაქარი: ბარძაყის თიაქარი ვითარდება ზუსტად საზარდულის ნაკეცის ქვეშ, ბარძაყის შუაში, სადაც ბარძაყის არტერია და ვენა მუცლიდან ფეხში გადადის. ამ ტიპის თიაქარი უფრო ხშირია ქალებში.

ოპერაციის შემდგომი (პოსტოპერაციული) თიაქარი: პოსტოპერაციული თიაქარი მუცლის კედელზე ქირურგიული განაკვეთის ადგილას ვითარდება. ამ ტიპის თიაქარი შეიძლება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგაც განვითარდეს.

ჩაჭედილი თიაქარი და სტრანგულაცია: ზოგჯერ ნაწლავის მარყუჟი თიაქარში იჭედება, რასაც ჩაჭედილი თიაქარი ჰქვია. იშვიათად ნაწლავი ისე მჭიდროდ იჭედება თიაქარში, რომ ნაწლავის სისხლით მომარაგება წყდება, რასაც სტრანგულაციას უწოდებენ. ამ დროს ნაწლავის ნაწილში, რომელიც თიაქარშია მოყოლილი, განგრენა შეიძლება ძალიან მალე, 6 საათზე ნაკლებ დროში, განვითარდეს. განგრენის დროს ნაწლავის კედელი კვდება და ნაწლავის მთლიანობა ირღვევა, რაც იწვევს პერიტონიტს (მუცლის ღრუს ანთებას და ინფექციას), შოკს და, მკურნალობის ჩატარების გარეშე – სიკვდილს.

სიმპტომები

პაციენტთა უმეტესობა თიაქრის ადგილას მხოლოდ გამობერილობას ამჩნევს. ზოგჯერ თიაქარი მხოლოდ სიმძიმის აწევისას, ხველისას ან გაჭინთვისას გამოჩნდება. ჩვეულებრივ, დისკომფორტი არ აღინიშნება ან მცირეა და გამობერილობა პაციენტის ან ექიმის მიერ შეიძლება უკან ჩაბრუნდეს (შემცირდეს). ჩაჭედილი თიაქარი რაიმე დამატებითი სიმპტომებით არ ხასიათდება, თუმცა, გამობერილობის შემცირება ვეღარ ხდება. თიაქრის სტრანგულაცია იწვევს მდგრად, თანდათანობით მზარდ ტკივილს, რასაც, ჩვეულებრივ, გულისრევა და ღებინება ახლავს. მისი ჩაბრუნება შეუძლებელია და შეხებით მტკივნეულია.

დიაგნოზი

ექიმი დიაგნოზის დასმისას ეყრდნობა ფიზიკური გასინჯვის მონაცემებს. თიაქრისმაგვარი გამობერილობა საზარდულის არეში შეიძლება გამოიწვიოს შესივებულმა ლიმფურმა კვანძებმა ან ჩამოუსვლელმა სათესლე ჯირკვალმა. სათესლე პარკის შესივება შეიძლება იყოს ვარიკოცელე (მდგომარეობა, როდესაც სათესლე ჯირკვლის სისხლმომარაგება წარმოქმნის ვარიკოზულ ვენებს) ან სპერმატოცელე (სპერმის თავმოყრა პარკში, რომელიც სათესლე ჯირკვლის დანამატის – ეპიდიდიმისის უკან ვითარდება). ხანდახან ექიმი დიაგნოზის დასაზუსტებლად ულტრაბგერით კვლევას ატარებს.

მკურნალობა

ახალშობილთა ჭიპის თიაქრები იშვიათად იჭედება და მკურნალობას არ საჭიროებს. თიაქრების უმეტესობა რამდენიმე წელიწადში მკურნალობის გარეში გაივლის. ძალიან დიდი ზომის ჭიპის თიაქარი შეიძლება 2 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ გაქრეს.

თიაქრის სხვა ტიპების ჩაჭედვის ალბათობა უფრო მაღალია. ამიტომ ექიმები მათ, როგორც წესი, დიაგნოზის დასმისთანავე ქირურგიული გზით მკურნალობენ. თუ თიაქარი ჩაჭედილია ან სტრანგულაციას იწვევს, ქირურგიული ჩარევა დაუყოვნებლივ ხდება. სხვა შემთხვევაში მკურნალობა ტარდება პაციენტისთვის ხელსაყრელ დროს (გეგმური ქირურგია).

თიაქრის გაკვრა, ბანდაჟის ან სხვა საშუალებების ტარება ზოგჯერ პაციენტს კომფორტს უქმნის. თუმცა, ის ყოველთვის არ ამცირებს სტრანგულაციის რისკს და თიაქრის შესავლის დახურვას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ასეთი მკურნალობა არ არის რეკომენდებული. მკურნალობის გარეშე მხოლოდ ჭიპის თიაქარი შეიძლება გაქრეს.