1. ჯორჯლის მწვავე იშემია
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ჯორჯლის მწვავე იშემია

ჯორჯლის მწვავე იშემია ნაწლავის ნაწილთან სისხლის მიდინების უეცარი შეწყვეტაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს განგრენა და პერფორაცია (გახვრეტა).

  • უეცრად ვითარდება მუცლის მწვავე ტკივილი.
  • შეიძლება ანგიოგრაფიის ჩატარება.
  • საჭიროა დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევა.

ჯორჯლის მწვავე იშემიას რამდენიმე მიზეზი აქვს. მას იწვევს არტერიის დახშობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს სისხლის კოლტი ან ათეროსკლეროზული ფოლაქის ნაწილი (წარმოიქმნება არტერიაში ქოლესტეროლისა და სხვა ცხიმოვანი მასალისგან), რომელიც თავისი წარმოქმნის ადგილიდან, გულიდან ან აორტიდან მოწყდება და უფრო პატარა არტერიებში (ამ შემთხვევაში ნაწლავების არტერიებში) დაეცობა. კოლტი შეიძლება წარმოიქმნას სპონტანურად ნაწლავის არტერიებსა და ვენებში და გადაკეტოს სისხლის ნაკადი. ხანდახან სისხლის დინება სრულად არ იბლოკება, მაგრამ ის ძალიან ნელდება გულის წუთმოცულობის შემცირების გამო (როგორც გულის უკმარისობის ან შოკის შემთხვევაში) ან გარკვეული წამლების (მაგალითად კოკაინის) მიერ სისხლძარღვების შევიწროებისას. ზოგადად 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფრო მომატებული რისკი აქვთ.

სისხლის ნაკადის 10-12 საათით შეწყვეტა იწვევს ნაწლავის დაზიანებული ნაწილის სიკვდილს, რაც ნაწლავურ ბაქტერიებს მთელ ორგანიზმში გავრცელების საშუალებას აძლევს. ნაწლავის სიკვდილის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შოკი, ორგანოთა უკმარისობა და სიკვდილი.

სიმპტომები

პაციენტს, პირველ რიგში, მუცლის ძლიერი ტკივილი აღენიშნება, რომელიც, ჩვეულებრივ, უეცრად ვითარდება. თუმცა, მუცელი ხელის დაჭერით (ექიმის მიერ გასინჯვისას) მხოლოდ მცირედ არის მგრძნობიარე. ასეთი შეუსაბამობა მუცლის ძლიერ ტკივილსა და ხელის დაჭერით ნაკლებად მგრძნობიარობას შორის, მნიშვნელოვანი სადიაგნოზო კრიტერიუმია. მოგვიანებით, ნაწლავის კვდომასთან ერთად, მუცელი შეხების მიმართ მგრძნობიარე ხდება.

დიაგნოზი და მკურნალობა

თუ ექიმი დიაგნოზს ადრე დასვამს, პაციენტები, ჩვეულებრივ, სრულად გამოჯანსაღდებიან ხოლმე. პაციენტთა 70-90% იღუპება, თუ დიაგნოზი მანამ არ დაისვა, სანამ ნაწლავის დაზიანებული ნაწილი მოკვდება. თუ პაციენტს ტიპიური სიმპტომები აქვს და მუცელი შეხებისას ძალიან მგრძნობიარეა, ექიმს პაციენტი დაუყოვნებლივ გაჰყავს საოპერაციოდ. ქირურგიული ჩარევისას ზოგჯერ შესაძლებელია სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა ან სისხლძარღვზე შუნტის დადება, ზოგჯერ კი დაზიანებული ნაწლავის ამოკვეთა ხდება აუცილებელი. თუ სიმპტომები მწვავე იშემიაზე მიუთითებს, მაგრამ მუცელი შეხებისას მტკივნეული არ არის, ექიმმა შეიძლება ჩაატაროს ანგიოგრაფია. ექიმი ამ დროს პატარა კათეტერს საზარდულის არეში მდებარე არტერიის გავლით ნაწლავის არტერიაში ათავსებს და მასში შეჰყავს კონტრასტული ნივთიერება, რომელიც სისხლძარღვების გამოსახვის საშუალებას იძლევა. თუ სისხლძარღვის დაცობა გამოვლინდა, ზოგჯერ გარკვეული წამლის ინექციით შესაძლებელია მისი გახსნა. თუ ეს ვერ მოხერხდა, პაციენტი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. გამოჯანმრთელების შემდეგ, სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად, ბევრ პაციენტს წამლების მიღება სჭირდება. პაციენტი ვერ გადარჩება, თუ წვრილი ნაწლავი მთლიანად ამოიკვეთება ან მოკვდება.