1. აპენდიციტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები)
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
აპენდიციტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები)

აპენდიციტი არის ჭიანაწლავის (აპენდიქსის) ანთება და ინფექცია.

  • აპენდიქსის ანთებას და დაინფიცირებას ხშირად ჭიანაწლავის სანათურის გაჭედვა იწვევს.
  • ხშირია მუცლის ტკივილი, გულისრევა და ცხელება.
  • კეთდება მიმოხილვითი ქირურგიული ჩარევა ან გამოსახულებითი კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია და ულტრასონოგრაფიული კვლევა.
  • მკურნალობა მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, რაც ჭიანაწლავის ამოკვეთას და ინფექციის წინააღმდეგ მიმართულ ანტიბიოტიკოთერაპიას გულისხმობს.

აპენდიქსი პატარა, თითის ფორმის ღრუ წანაზარდია. ის მსხვილი ნაწლავის იმ ადგილიდან გამოდის, სადაც მსხვილი ნაწლავი წვრილ ნაწლავს უერთდება. ჭიანაწლავს შეიძლება იმუნური ფუნქცია ჰქონდეს, თუმცა ის არ არის აუცილებელი ორგანო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში აპენდიციტი მუცლის მწვავე და ძლიერი ტკივილის, აგრეთვე, მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევის ყველაზე ხშირი მიზეზია, თუ არ ჩავთვლით ჩაჭედილ თიაქრებს. მოსახლეობის 5%-ზე მეტს სიცოცხლის რომელიმე ეტაპზე აპენდიციტი უვითარდება. აპენდიციტი ყველაზე ხშირად გვხვდება თინეიჯერებში და 20-30 წლის ასაკში, თუმცა ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს.

აპენდიციტის გამომწვევი მიზეზი სრულად ცნობილი არ არის. თუმცა, მას უმეტეს შემთხვევაში აპენდიქსში წარმოქმნილი ბლოკადა იწვევს. ბლოკადა შეიძლება გამოწვეული იყოს განავლის პატარა, მყარი ნაწილით, უცხო სხეულით, ან იშვიათად, ჭიებითაც კი. ბლოკადის შედეგად ჭიანაწლავი ხდება ანთებითი და ინფიცირდება. თუ ანთება გრძელდება, მკურნალობის გარეშე, აპენდიქსი შეიძლება გასკდეს. გამსკდარი ჭიანაწლავიდან ბაქტერიებით სავსე ნაწლავის შიგთავსი მუცლის ღრუში იღვრება და პერიტონიტს (მუცლის ღრუს ანთებას და, ხშირად, ინფექციას) იწვევს, რაც შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში ინფექციის განვითარებამდე მივიდეს. აპენდიქსის გასკდომამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ჩირქით სავსე ჯიბის ჩამოყალიბება (აბსცესი). ქალებში შეიძლება საკვერცხეები და ფალოპის მილები დაინფიცირდეს. ფალოპის მილების ბლოკადამ შეიძლება უნაყოფობა გამოიწვიოს. გამსკდარი აპენდიქსიდან ინფექცია შეიძლება სისხლში გავრცელდეს, რასაც სეფსისი ეწოდება. სეფსისი სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.

სიმპტომები

აპენდიციტის კლასიკური სიმპტომები დაავადებულთა 50%-ზე ნაკლებში გვხვდება და მოიცავს შემდეგს: ტკივილი იწყება მუცლის ზედა ნახევარში ან ჭიპის გარშემო, რასაც მოსდევს გულისრევა და ღებინება; შემდეგ, რამდენიმე საათში გულისრევა გაივლის და ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა ნახევარში გადაინაცვლებს; ექიმის მიერ ამ ადგილზე ზეწოლისას, მუცელი მგრძნობიარეა, ხოლო ზეწოლის სწრაფი მოხსნისას (ხელის სწრაფად მოცილებისას) ტკივილი შეიძლება მკვეთრად გაძლიერდეს (ე.წ. რიკოშეტული მგრძნობიარობა). ხშირია ცხელება 100º-101ºF (37.7º-38.3ºC). მოძრაობა და ხველება ტკივილს აძლიერებს.

ბევრ ადამიანში, განსაკუთრებით ახალშობილებსა და ბავშვებში ტკივილი შეიძლება მთელ მუცელში ვრცელდებოდეს და არ იყოს შემოსაზღვრული მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში. ხანდაზმულებსა და ორსულებში ტკივილი ზოგჯერ ნაკლებად მწვავეა და მუცელი შეხებით ნაკლებადაა მგრძნობიარე.

თუ ჭიანაწლავი გასკდა, ტკივილი და ცხელება უფრო მძიმდება. ინფექციის გაუარესებამ შეიძლება შოკი გამოიწვიოს.

დიაგნოზი

ექიმი აპენდიციტის არსებობას პაციენტის სიმპტომებსა და მუცლის გასინჯვის შედეგებზე დაყრდნობით ვარაუდობს. თუ ექიმის აზრით, სახეზეა აპენდიციტი, როგორც წესი, დაუყოვნებლივ კეთდება სადიაგნოზო ქირურგიული ჩარევა. თუ დიაგნოზი გაურკვეველია, ექიმი, ჩვეულებრივ, ატარებს გამოსახულებით კვლევას, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) ან ულტრასონოგრაფია. ექიმმა, დიაგნოზის დასაზუსტებლად შეიძლება ლაპაროსკოპია დანიშნოს. სისხლის გამოკვლევისას ხშირად ვლინდება სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობის ზომიერი მატება, რაც ინფექციის საპასუხოდ ვითარდება.

მკურნალობა

ქირურგიული ჩარევა მკურნალობის მთავარი მეთოდია. აპენდიციტის გამო ჩატარებული ოპერაციების თითქმის 15%-ში აპენდიქსი ნორმალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ქირურგიული მკურნალობის გადავადება მუცლის ტკივილის მიზეზის ზუსტად დადგენამდე, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს: ინფიცირებული აპენდიქსი შეიძლება გასკდეს სიმპტომების დაწყებიდან 24 საათზე ნაკლებ დროში. თუ აპენდიციტი დადასტურდა, აპენდიქსი ამოიკვეთება (აპენდექტომია) და პაციენტს ენიშნება ანტიბიოტიკები ვენაში გასაკეთებლად. თუ ოპერაციის დროს აპენდიციტი არ აღმოჩნდა, აპენდიქსს მაინც ამოიღებენ.

ადრეული ოპერაციული ჩარევისას, აპენდიციტით სიკვდილის ალბათობა ძალიან დაბალია. ადამიანს საავადმყოფოს დატოვება 1-3 დღეში შეუძლია. გამოჯანმრთელება, ჩვეულებრივ, სწრაფია და სრული. თუმცა, ქირურგიული ჩარევის ან ანტიბიოტიკების ხმარების გარეშე აპენდიციტის მქონე პირთა 50%-ზე მეტი იღუპება.

გამსკდარი აპენდიქსისთვის პროგნოზი უფრო სერიოზულია. ათწლეულების წინ, აპენდიქსის გასკდომა ფატალური იყო. ქირურგიულმა მკურნალობამ და ანტიბიოტიკებმა თითქმის ნულამდე შეამცირა სიკვდილიანობის სიხშირე; თუმცა პაციენტს შეიძლება განმეორებითი ოპერაციები დასჭირდეს და გამოჯანმრთელების პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს.