1. ნაწლავის ობსტრუქცია
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ნაწლავის ობსტრუქცია

ნაწლავის ობსტრუქცია არის ბლოკადა, რომელიც სრულად აჩერებს ან მნიშვნელოვნად აფერხებს ნაწლავში მისი შიგთავსის გადაადგილებას.

  • მოზრდილებში ყველაზე ხშირი გამომწვევია ნაწიბუროვანი ქსოვილი, განვითარებული მუცელზე ჩატარებული ოპერაციის, თიაქრის ან სიმსივნის შედეგად.
  • ხშირია ტკივილი, ცხელება, შებერილობა და ჭამის მიმართ ინტერესის დაკარგვა.
  • დიაგნოზი ეყრდნობა ფიზიკური გასინჯვის და რენტგენოლოგიური კვლევის შედეგებს.
  • ობსტრუქციის მოსაშორებლად ხშირად საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ობსტრუქცია შეიძლება განვითარდეს წვრილი და მსხვილი ნაწლავის ნებისმიერ ადგილას. ის შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული. ობსტრუქციის ზემოთ მდებარე ნაწლავის ნაწილი აგრძელებს ფუნქციონირებას. ნაწლავის ეს ნაწილი ფართოვდება, რადგანაც ივსება საკვებით, სითხით, მომნელებელი ნივთიერებებით და აირით. ნაწლავის ამომფენი შრე შუპდება და ანთებადი ხდება. მკურნალობის გარეშე ნაწლავი შეიძლება გასკდეს და შიგთავსი მუცელში გადმოიღვაროს, რაც გამოიწვევს ანთებას და მუცლის ღრუს ინფექციას (პერიტონიტი).

გამომწვევი მიზეზები

ახალშობილებსა და ჩვილებში ნაწლავის ობსტრუქციის ხშირი გამომწვევია თანდაყოლილი დეფექტი, ნაწლავის მყარი შიგთავსი (მეკონიუმი), ნაწლავის მარყუჟის შემოგრეხა ან ნაწლავის ერთი სეგმენტის მეორეში ჩაჭედვა (ინვაგინაცია).

მოზრდილებში ნაწლავის ობსტრუქციის ყველაზე ხშირი მიზეზებია ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული მუცლის შიგნითა ნაწიბუროვანი ჭიმები (ადჰეზიები, ანუ შეხორცებები), ნაწლავის ნაწილის გამობერილობა პათოლოგიური ხვრელიდან (თიაქრები) და სიმსივნეები. კონკრეტული გამომწვევის შესახებ ვარაუდი შესაძლებელია ნაწლავის დაზიანების ადგილმდებარეობის მიხედვით.

წვრილი ნაწლავის დასაწყისი ნაწილის ობსტრუქცია (თორმეტგოჯა ნაწლავი) შეიძლება გამოწვეული იყოს პანკრეასის კიბოსგან, წყლულით, დანაწიბურებით, გადატანილი ოპერაციებით, კრონის დაავადებით ან შეხორცებებით. იშვიათად ნაწლავის ბლოკადა შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის კენჭებმა, მოუნელებელი საკვების მასებმა ან პარაზიტული ჭიების გროვამ.

მსხვილი ნაწლავის ობსტრუქცია ხშირად გამოწვეულია სიმსივნით, დივერტიკულიტით ან განავლის მაგარი მასებით (განავლის გაჭედვა). შეხორცებები და ნაწლავის შემოგრეხა მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციას ნაკლებად იწვევს.

სტრანგულაცია: მდგომარეობას, რომლის დროსაც ობსტრუქცია ნაწლავის სისხლით მომარაგების შეწყვეტას იწვევს, სტრანგულაცია ეწოდება. სტრანგულაცია ვითარდება წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის თითქმის 25%-ში. ჩვეულებრივ, სტრანგულაციის მიზეზებია ნაწლავის ნაწილის ჩაჭედვა პათოლოგიურ ხვრელში (სტრანგულაციური თიაქარი), ნაწლავის შემოგრეხა ან ინვაგინაცია. განგრენა შეიძლება განვითარდეს 6 საათზე ნაკლებ დროში. განგრენის დროს ნაწლავის ნაწილი კვდება, რაც იწვევს ნაწლავის გახევას, რის შედეგადაც ვითარდება პერიტონიტი, შოკი და, თუ მკურნალობა არ ჩატარდა, სიკვდილი.

სიმპტომები და დიაგნოზი

ნაწლავის ობსტრუქცია, ძირითადად, იწვევს მუცლის მოვლით ტკივილს, რასაც თან ახლავს შებერილობა და უმადობა (ანორექსია). წვრილი ნაწლავის ობსტრუქციის დროს ხშირია ღებინება, თუმცა ის ნაკლებად ხშირია მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციისას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ღებინება მოგვიანებით ვითარდება. სრულ ობსტრუქციას ძლიერი შეკრულობა ახლავს, ნაწილობრივმა ობსტრუქციამ კი შეიძლება დიარეა გამოიწვიოს. სტრანგულაციის დროს ტკივილი შეიძლება გაძლიერდეს და მუდმივი ხასიათი მიიღოს. ცხელება ხშირია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნაწლავის მთლიანობა ირღვევა.

ექიმი აფასებს მუცლის მგრძნობელობას, ნახულობს, არის თუ არა შეშუპება ან რაიმე მასა (გამაგრება). ობსტრუქციის განვითარებისას მუცელი თითქმის ყოველთვის შებერილია. ხმა, რომელსაც, ჩვეულებრივ, ნორმალური ნაწლავი გამოსცემს (ნაწლავის ხმიანობა) და სტეტოსკოპით მოისმინება, შეიძლება იყოს გაცილებით მაღალი ტონალობის და ძლიერი ან შეიძლება საერთოდ არ ისმინებოდეს. გასინჯვით მუცელი ჩვეულებრივ არ არის ძალიან მგრძნობიარე, სანამ ნაწლავის გახევა პერიტონიტს არ გამოიწვევს.

რენტგენოლოგიური კვლევა აჩვენებს ნაწლავის გაფართოებულ მარყუჟებს, რაც მიუთითებს ობსტრუქციის ადგილმდებარეობას. რენტგენოლოგიურმა კვლევამ შეიძლება გამოავლინოს ჰაერი ნაწლავის გარშემო ან დიაფრაგმის (კუნთის ფენა, რომელიც მუცელს და გულმკერდს ერთმანეთისგან ყოფს) ქვეშ. ჩვეულებრივ ამ ადგილებში ჰაერი არ არის და მისი აქ დაგროვება ნაწლავის მთლიანობის დარღვევის ნიშანს წარმოადგენს.

მკურნალობა

ნაწლავის ობსტრუქციაზე საეჭვო ყველა პაციენტი საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. ჩვეულებრივ, გრძელი და თხელი ზონდი ცხვირის ღრუს გავლით თავსდება კუჭში ან ნაწლავში. ზონდის საშუალებით ხდება ობსტრუქციის ზემოთ დაგროვილი შიგთავსის ამოქაჩვა. ღებინებისა და დიარეის შედეგად დაკარგული წყლისა და მარილების შესავსებად სითხე და ელექტროლიტები (ნატრიუმი, ქლორი, კალიუმი) ინტრავენურად შეჰყავთ.

ზოგჯერ ობსტრუქცია მკურნალობის გარეშე გაივლის; განსაკუთრებით მაშინ, როცა ის შეხორცებებით ან ნაწიბურითაა გამოწვეული. ზოგჯერ სამკურნალო ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ენდოსკოპს (დრეკადი, დასათვალიერებელი მილი), რომელიც შეჰყავთ ანუსიდან, ან ოყნით შეყვანილ ბარიუმს, რომელიც ავსებს მსხვილ ნაწლავს; ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როცა მსხვილი ნაწლავის ქვედა სეგმენტია გადაგრეხილი. თუმცა, შემთხვევათა უმრავლესობაში რაც შეიძლება სწრაფად ხდება ქირურგიული ჩარევა. ობსტრუქციის გამომწვევი მიზეზი განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა ექიმს მოხსნას ბლოკადა ნაწლავის ნაწილის ამოკვეთის გარეშე. ზოგჯერ, ადჰეზიაში მოყოლილი ნაწლავის მონაკვეთის გასათავისუფლებლად ხდება შეხორცებების გაკვეთა. თუმცა, ასეთ შემთხვევებში ხშირად ვითარდება რეციდივი. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება კოლოსტომიის გაკეთება.