იშემიური კოლიტი | მკურნალი.გე
  1. იშემიური კოლიტი
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
იშემიური კოლიტი

იშემიური კოლიტი მსხვილი ნაწლავის დაზიანებაა, რაც გამოწვეულია სისხლით მომარაგების დარღვევით.

  • ხშირია მუცლის ტკივილი და სისხლიანი განავალი.
  • ჩვეულებრივ ტარდება კოლონოსკოპია.
  • ინტრავენურად მიღებული სითხეების და შიმშილის ფონზე უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს, თუმცა მცირე ნაწილი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

იშემიურ კოლიტს იწვევს სისხლის დინების დროებითი შეფერხება იმ არტერიებში, რომელიც მსხვილ ნაწლავს ამარაგებს. ხშირად ექიმები ვერ ხსნიან სისხლის დინების შემცირების მიზეზს. იშემიური კოლიტი უფრო ხშირად გვხვდება იმ პირებში, რომელთაც აქვთ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, ვისაც ჩატარებული აქვს აორტაზე ოპერაცია, ან ვისაც აქვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები. იშემიური კოლიტი, ძირითადად 60 წლის შემდეგ ვითარდება.

სისხლის დინების ბლოკადა აზიანებს მსხვილი ნაწლავის კედლის ამომფენ და შიდა შრეებს, იწვევს მსხვილ ნაწლავში წყლულების გაჩენას, რაც შეიძლება სისხლმდენი იყოს.

სიმპტომები და დიაგნოზი

პაციენტს, ჩვეულებრივ, აქვს მუცლის ტკივილი. ტკივილი უფრო ხშირად შეიგრძნობა მარცხენა მხარეს, მაგრამ შეიძლება განვითარდეს მუცლის ნებისმიერ არეში. პაციენტი ხშირად გადის თხიერ განავალზე, რასაც თან ახლავს მუქი წითელი კოლტები. ზოგჯერ პაციენტი გადის ალისფერ სისხლზე, განავლის გარეშე. ჩვეულებრივ ხშირია დაბალი ცხელება (100ºF [37.7ºC]).

ექიმმა შეიძლება ივარაუდოს იშემიური კოლიტი ტკივილის და სისხლდენის სიმპტომებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტის ასაკი 60 წელს ზევითაა. ექიმისთვის მეტად მნიშვნელოვანია, იშემიური კოლიტი განასხვაოს მწვავე მეზენტერული იშემიისგან, რომელიც გაცილებით საშიში მდგომარეობაა და რომლის დროსაც სისხლის ნაკადი ნაწლავის ნაწილში სრულად და შეუქცევადად იბლოკება. კოლონოსკოპია გამოიყენება იშემიური კოლიტის განსხვავებისთვის სხვა ისეთი ანთებითი მდგომარეობებისგან, როგორიცაა ინფექცია ან ნაწლავის ანთებითი დაავადება (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა, დრეკადი დასათვალიერებელი მილით).

პროგნოზი და მკურნალობა

იშემიური კოლიტი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. იმისათვის, რომ ნაწლავებს დასვენების საშუალება მიეცეს, პაციენტს თავდაპირველად არ ეძლევა წყალი და საკვები პირიდან. სამაგიეროდ, სითხის, ელექტროლიტების და საკვები ნივთიერებების მიცემა ხდება ინტრავენურად. ანტიბიოტიკები ხშირად ინიშნება ინფექციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება ანთებას მოჰყვეს. რამდენიმე დღეში ანტიბიოტიკების მიღება წყდება და პაციენტი იწყებს ჭამას. იშემიური კოლიტის მქონე თითქმის ყველა პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება და 1-2 კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელებით სრულდება. თუმცა, თუ სისხლით მომარაგების შეფერხება უფრო მძიმეა ან პროცესი ხანგრძლივდება, საჭირო ხდება მსხვილი ნაწლავის დაზიანებული ნაწილის მოცილება ქირურგიული გზით. იშვიათად, პაციენტი უკეთ ხდება, მაგრამ მოგვიანებით დაზიანებულ ადგილას ვითარდება ნაწიბური, რაც იწვევს ნაწილობრივ ობსტრუქციას, რასაც ქირურგიული აღდგენა სჭირდება.