1. სიყვითლე
  2. ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
სიყვითლე

სიყვითლე არის კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა, რაც სისხლში პიგმენტ ბილირუბინის შემცველობის პათოლოგიურად მაღალი დონით არის გამოწვეული.

  • ღვიძლის დაზიანებამ ან სანაღვლე სადინარის დახშობამ შეიძლება გამოიწვიოს სიყვითლე;
  • კანი ან თვალის თეთრი ნაწილი შეიძლება ყვითლად შეიფეროს, შესაძლოა კანის ქავილი და შარდის მუქი ფერი;
  • ლაბორატორიული და გამოსახულებითი კვლევები გვეხმარება სიყვითლის მიზეზების დადგენაში;
  • ხშირად სიყვითლე ქრება, როდესაც მისი გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრება, მაგრამ ზოგჯერ ოპერაციული ჩარევა ან ენდოსკოპია ხდება საჭირო.

ძველი ან დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედების მოცილება სისხლის მიმოქცევიდან ძირითადად ელენთის მეშვეობით ხდება. ამ პროცესის დროს ჰემოგლობინის (სისხლის წითელი უჯრედების შემადგენელი ნაწილი, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი) დაშლისას გამოიყოფა მუქი მომწვანო-მოყვითალო ფერის პიგმენტი, რომელსაც ბილირუბინი ეწოდება. ბილირუბინი სისხლს გადააქვს ღვიძლში, საიდანაც ის ნაწლავში გადადის ნაღვლის (ღვიძლში წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) შემადგენელი ნაწილის სახით. თუ ბილირუბინის ზემოხსენებული გზით გამოყოფა სწრაფად არ ხდება, ის სისხლში გროვდება. ბილირუბინის სიჭარბისას კანი ყვითლად შეიფერება, რასაც სიყვითლე ეწოდება.

მიზეზები

სისხლში ბილირუბინის მაღალი დონე შეიძლება განაპირობოს როგორც ღვიძლისმიერმა, ასევე ღვიძლისგან დამოუკიდებელმა გარემოებებმა. ღვიძლის ანთება ან დანაწიბურება აქვეითებს ღვიძლის მიერ ბილირუბინის ნაღველში გამოყოფის უნარს. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დაიხშოს სანაღვლე სადინარები (მაგალითად, ნაღვლის კენჭით ან სიმსივნით), რომლებსაც ნაღველი ღვიძლიდან ნაწლავში გადააქვს. შედარებით იშვიათად, წითელი უჯრედების გაძლიერებული დაშლის შედეგად გამოწვეულმა ბილირუბინის სიჭარბემ შეიძლება დატვირთოს ღვიძლი იმაზე მეტი ბილირუბინით, რისი გადამუშავებაც მას შეუძლია. ბილირუბინის სიჭარბით შეპირობებული სიყვითლე ხშირია ახალშობილებში.

ჟილბერის სინდრომის დროს ბილირუბინის დონე ოდნავ მომატებულია, მაგრამ არა იმდენად, რომ სიყვითლე გამოიწვიოს. ეს დაავადება ზოგჯერ მემკვიდრეობითია, ხშირია ახალგაზრდებს შორის, დიაგნოსტირდება სკრინინგული ტესტების ჩატარებისას, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და რაიმე სირთულეებს არ იწვევს. იმ ადამიანების კანმა, რომლებიც ბეტა-კაროტინით მდიდარ საკვებს (სტაფილო, გოგრა, ნესვის ზოგიერთი სახეობა) დიდი რაოდენობით იღებენ, შეიძლება მიიღოს მსუბუქად გამოხატული ყვითელი შეფერილობა, მაგრამ მათ თვალები არ უყვითლდებათ. ეს მდგომარეობა არ მიიჩნევა სიყვითლედ, არ არის ღვიძლის დაავადების გამოვლინება.

სიმპტომები

სიყვითლის დროს კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, შარდი ხშირად მუქია, რადგან ბილირუბინის ჭარბი რაოდენობა თირკმლებით გამოიყოფა. პაციენტს შეიძლება ჰქონდეს ქავილი, ღია ფერის განავალი და სხვა სიმპტომებიც, რაც სიყვითლის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, ღვიძლის მწვავე ანთებამ (მწვავე ჰეპატიტმა) შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება და ცხელება. ნაღვლის გადაადგილების შეფერხების შედეგი მუცლის ტკივილი და ცხელება შეიძლება იყოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

სიყვითლის მიზეზის დასადგენად გამოიყენება ლაბორატორიული ანალიზები და კვლევის გამოსახულებითი მეთოდები. ღვიძლის დაავადების, მაგალითად, მწვავე ვირუსული ჰეპატიტის არსებობისას, ღვიძლის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად სიყვითლეც თანდათანობით ქრება. ნაღვლის სადინარის დახშობის შემთხვევაში გადაუდებლად არის საჭირო ოპერაცია ან ქირურგიული ენდოსკოპია (გამოიყენება დრეკადი, დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) დახშული სადინარის ფუნქციის აღსადგენად. სიყვითლით გამოწვეული ქავილის მკურნალობა შეიძლება დასალევად მიღებული ქოლესტირამინით. ჩვეულებრივ, ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებასთან ერთად ქავილი თანდათანობით ქრება.