ქოლესტაზი | მკურნალი.გე
  1. ქოლესტაზი
  2. ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ქოლესტაზი

ქოლესტაზი არის ნაღვლის დინების შემცირება ან შეჩერება.

  • ღვიძლის, სანაღვლე სადინარის ან პანკრეასის დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი;
  • კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლად არის შეფერილი, დამახასიათებელია კანის ქავილი, შარდი მუქია, განავალი შეიძლება გაღიავდეს და ცუდი სუნი ჰქონდეს;
  • მიზეზის დასადგენად გამოიყენება კვლევის ლაბორატორიული და, ხშირად, გამოსახულებითი მეთოდები;
  • მკურნალობა მიზეზზეა დამოკიდებული. მიზეზის მიუხედავად, წამლების მიღებამ შეიძლება ქავილი შეამსუბუქოს.

ქოლესტაზის დროს ნაღვლის (ღვიძლის მიერ წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი სითხე) დინება ღვიძლის უჯრედებსა და თორმეტგოჯას (წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტი) შორის ამა თუ იმ ხარისხით შეფერხებულია. თუ ნაღვლის დინება შეწყდა, პიგმენტი ბილირუბინი (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება სისხლის ძველი ან დაზიანებული წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) გადადის და გროვდება სისხლში.

მიზეზები

ქოლესტაზის მიზეზები დაყოფილია ორ ჯგუფად – თავად ღვიძლთან დაკავშირებული მიზეზები და მიზეზები, რომლებიც სათავეს ღვიძლის გარეთ იღებს.

ღვიძლისმიერ მიზეზებს მიეკუთვნება: მწვავე ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება, პირველადი ბილიარული ციროზი სანაღვლე სადინარების ანთებითა და დანაწიბურებით, B და C ჰეპატიტებით გამოწვეული ციროზი (აგრეთვე სანაღვლე სადინარების ანთებით და დანაწიბურებით), წამლები, ჰორმონების ზეგავლენა ნაღვლის დინებაზე ორსულობის დროს (მდგომარეობა, რომელიც მოიხსენიება როგორც ორსულობის ქოლესტაზი) და სიმსივნე ღვიძლში.

ღვიძლგარე მიზეზებს მიეკუთვნება: ნაღვლის სადინარის კენჭი, ნაღვლის სადინარის შევიწროება (სტრუქტურა), ნაღვლის სადინარის სიმსივნე, პანკრეასის სიმსივნე და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი).

სიმპტომები

სიყვითლე, მუქი შარდი, ღია ფერის განავალი და გენერალიზებული ქავილი ქოლესტაზის დამახასიათებელი სიმპტომებია. სიყვითლე გამოწვეულია ბილირუბინის ჭარბი ჩალაგებით კანში, შარდის გამუქების მიზეზია თირკმლების მიერ ბილირუბინის ჭარბი რაოდენობით გამოყოფა. ნაღვლის პროდუქტების კანში ჩალაგებამ შეიძლება გამოიწვიოს ქავილი, შემდგომში ნაკაწრებითა და კანის დაზიანებით. განავალი ღია ფერისაა, რადგან ბილირუბინი ნაწლავში აღარ გადადის. განავალი შესაძლოა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცხიმს, რადგან ცხიმიანი საკვების მონელებისთვის საჭირო ნაღველი ნაწლავში ვეღარ ჩაედინება. ცხიმიან განავალს შეიძლება ცუდი სუნი ჰქონდეს. ნაწლავში ნაღვლის ნაკლებობა კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვის დაქვეითებას იწვევს. თუ ქოლესტაზი გახანგრძლივდა, ამ ნივთიერებების ნაკლებობა ძვლის ქსოვილის განლევას იწვევს. სისხლის შედედებისათვის საჭირო K ვიტამინის შეწოვის დაქვეითება სისხლდენადობისკენ მიდრეკილებას განაპირობებს.

ქოლესტაზით გამოწვეული გახანგრძლივებული სიყვითლე კანს ჭუჭყისფერს ხდის, კანში ყვითელი ფერის დანალექი კერები აღინიშნება. სხვა სიმპტომების არსებობა, როგორიცაა მუცლის ტკივილი, უმადობა, ღებინება ან ცხელება, დამოკიდებულია ქოლესტაზის გამომწვევ მიზეზზე.

დიაგნოზი

ექიმი ცდილობს, სიმპტომებისა და კლინიკური გამოკვლევების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს ქოლესტაზის მიზეზი.

უახლოეს წარსულში იმ მედიკამენტების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ქოლესტაზი, სავარაუდოს ხდის ღვიძლისმიერ მიზეზს. მცირე ზომის, ობობასმაგვარი სისხლძარღვების ქსელი კანზე, გადიდებული ელენთა და სითხე მუცლის ღრუში (ასციტი) ღვიძლის ქრონიკული დაავადების არსებობაზე მიუთითებს, ანუ მიზეზი ღვიძლისმიერია.

ღვიძლგარე მიზეზის არსებობის განმსაზღვრელია მუცლის ტკივილის ტიპი და ლოკალიზაცია (მაგალითად, პერიოდული ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, ზოგჯერ მარჯვენა ბეჭის არეში), გადიდებული ნაღვლის ბუშტი (ვლინდება ფიზიკური გასინჯვის ან გამოსახულებითი კვლევების დროს).

ზოგიერთი მონაცემი ვერ მიუთითებს კონკრეტულ მიზეზზე. ეს მონაცემებია: ალკოჰოლის ხშირად და დიდი რაოდენობით მიღება, უმადობა, გულისრევა და ღებინება. ქოლესტაზის დროს ორიენზიმის – ტუტე ფოსფატაზისა და გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას დონე სისხლში ძალიან მაღალია. სისხლში ბილირუბინის შემცველობის განსაზღვრის შედეგები ქოლესტაზის სიმძიმის მაჩვენებელია და არა მისი მიზეზისა. როდესაც სისხლის ანალიზის შედეგები ნორმას არ შეესაბამება, თითქმის ყოველთვის ტარდება რადიოლოგიური კვლევა, ჩვეულებრივ, ულტრასონოგრაფია. დამატებით ან ულტრაბგერის ნაცვლად, შეიძლება ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგ შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.თუ მიზეზი ღვიძლისმიერია, ზოგჯერ ტარდება ღვიძლის ბიოფსია და მისი მეშვეობით დაისმება დიაგნოზი. თუ მიზეზად ნავარაუდებია სანაღვლე სადინარების დახშობა, საჭიროა სადინარების უფრო ზუსტი გამოსახულების მიღება, რისთვისაც ტარდება ან ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია. ხსენებულთაგან მეორის დროს მიიღება მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება, ხოლო პირველის დროსსაკონტრასტო საშუალების ინექციის შემდეგ მიიღება რენტგენოლოგიური გამოსახულება.

მკურნალობა

ნაღვლის სადინარების დახშობას მკურნალობენ ქირურგიული ან ენდოსკოპიური (დრეკადი დასათვალიერებელი მილი, რომელთანაც დაკავშირებულია ქირურგიული ხელსაწყოები) მეთოდებით. ღვიძლშიდა დახშობის სამკურნალო მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ სავარაუდო მიზეზი წამლის გამოყენებაა, მისი მიღება უნდა შეწყდეს; თუ მიზეზი მწვავე ჰეპატიტია, ქოლესტაზი და სიყვითლე ქრება, როდესაც პროცესი ჩაცხრება. პაციენტს ურჩევენ, თავი აარიდოს ან შეწყვიტოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც საზიანოა ღვიძლისთვის (მაგალითად, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი).

დასალევი ქოლესტირამინი გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ. წამალი უკავშირდება ნაღვლის გარკვეულ შემადგენელ ნაწილებს ნაწლავებში და აბრკოლებს მათ უკუშეწოვას, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. თუ ღვიძლი მძიმედ არ არის დაზიანებული, K ვიტამინის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის შედედება. მდგრადი ქოლესტაზის დროს ხშირად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, მაგრამ ეს არცთუ მნიშვნელოვნად აბრკოლებს ძვლის ქსოვილის განლევას.