ღვიძლის უკმარისობა | მკურნალი.გე
  1. ღვიძლის უკმარისობა
  2. ღვიძლის დაავადების გამოვლინებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის უკმარისობა არის ღვიძლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება.

  • ღვიძლის უკმარისობა გამოწვეულია დაავადებით ან ნივთიერებით, რომელიც აზიანებს ღვიძლს;
  • ზოგადი სიმპტომებია სიყვითლე, დაღლილობა, სისუსტე და უმადობა;
  • მდგომარეობის სიმძიმის გამომხატველი სიმპტომებია სითხის დაგროვება მუცლის ღრუში – ასციტი, სისხლდენა და სისხლჩაქცევები;
  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს, ფიზიკური გამოკვლევის და სისხლის ანალიზის შედეგებს;
  • გამომწვევი მიზეზის მკურნალობის გარდა რეკომენდებულია ცილის მიღების კონტროლი, საკვებში სუფრის მარილის რაოდენობის შემცირება, ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა.

ღვიძლის უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ნებისმიერმა დაავადებამ, მათ შორის ვირუსულმა ჰეპატიტმა, ციროზმა, ალკოჰოლით ან წამლებით (მაგ., აცეტამინოფენი) გამოწვეულმა ღვიძლის დაზიანებამ. ღვიძლის უკმარისობა ვითარდება, თუ დაზიანებულია ღვიძლის ძალიან დიდი ნაწილი. უკმარისობა შეიძლება სწრაფად განვითარდეს – დღეების ან კვირების განმავლობაში (მწვავე) ან თანდათან – თვეების ან წლების განმავლობაში (ქრონიკული).

ფუნქციის დაქვეითებისას:

  • ღვიძლი ბილირუბინს (ნარჩენი პროდუქტი, რომელიც წარმოიქმნება ძველი სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად) სათანადო რაოდენობით ვერ გამოყოფს. ამის შედეგია სიყვითლე;

  • ღვიძლს აღარ შეუძლია სისხლის შედედებისთვის საჭირო ცილების საკმარისი რაოდენობით სინთეზი. ამის შედეგია მიდრეკილება სისხლჩაქცევებისა და სისხლდენისადმი (კოაგულოპათია);

  • ხშირია პორტული ჰიპერტენზია. ამის შედეგია მუცლის ღრუში სითხის დაგროვება (ასციტი), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია ან ერთიც და მეორეც.

სიმპტომები და დიაგნოზი

ადამიანს ღვიძლის უკმარისობით, ჩვეულებრივ, აქვს სიყვითლე, ასციტი, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, აღენიშნება ჯანმრთელობის ზოგადი გაუარესება. ზოგად სიმპტომებს განეკუთვნება დაღლილობა, სისუსტე, გულისრევა და უმადობა. ღვიძლის მწვავე უკმარისობის დროს ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება რამდენიმე დღეში სიკვდილის პირას აღმოჩნდეს. ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს ჯანმრთელობა თანდათან უარესდება მოვლენათა განვითარების დრამატული ფაზის დადგომამდე, მაგალითად, ვარიკოზებიდან (დიდი, დაკლაკნილი ვენები) სისხლდენამდე. ადამიანი შეიძლება მიდრეკილი გახდეს სისხლჩაქცევებისა და სისხლდენებისადმი. სისხლდენა, რომელიც მსუბუქად ფასდება ჯანმრთელ ადამიანებში (მაგალითად, სისხლდენა პატარა ჭრილობიდან ან ცხვირიდან), შეიძლება არ შეუჩერდეს ღვიძლის უკმარისობის მქონე ადამიანს და ექიმებისთვის რთული სამართავი გახდეს.

ღვიძლის უკმარისობის დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და ფიზიკური გამოკვლევების შედეგებს. სისხლის ანალიზები ტარდება ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად, რომელიც, ჩვეულებრივ, მკვეთრად არის დაქვეითებული.

პროგნოზი და მკურნალობა

მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზსა და სპეციფიკურ სიმპტომებზე. მკურნალობის გადაუდებლობა განისაზღვრება ღვიძლის დაზიანების ფორმით – მწვავე ან ქრონიკული, თუმცა მკურნალობის პრინციპები ერთი და იგივეა. დიეტა შეზღუდულია, ცილების რაოდენობა გულდასმით კონტროლდება: დიდი რაოდენობით ცილის მიღებამ შეიძლება ტვინის დისფუნქცია გამოიწვიოს, ხოლო მცირე რაოდენობამ – წონაში კლება. სუფრის მარილის (ნატრიუმი) მიღება შემცირებულია მუცლის ღრუში ასციტური სითხის დაგროვების თავიდან ასაცილებლად. ალკოჰოლის მიღება უნდა აღიკვეთოს, რადგან ალკოჰოლი აღრმავებს ღვიძლის დაზიანებას.

ღვიძლის უკმარისობის პროგნოზი არაკეთილსაიმედოა, გამოსავალი ფატალურია, თუ არ ტარდება მკურნალობა ან დაავადება პროგრესირებს. მკურნალობის შემდეგაც კი უკმარისობა შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს. ზოგი პაციენტი კვდება თირკმლების უკმარისობის გამო (ჰეპატორენული სინდრომი), როცა ღვიძლის უკმარისობა თირკმლების უკმარისობას გამოიწვევს. თუ დროულად ჩატარდა ღვიძლის გადანერგვა, შესაძლოა ფუნქციის აღდგენა და ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა ისეთივეა, როგორიც იმათი, ვისაც არ ჰქონია ღვიძლის დაავადება. თუმცა, ღვიძლის გადანერგვა ნაჩვენებია ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის.