იშემიური ქოლანგიოპათიის დროს არაადეკვატური სისხლის დინების გამო ზიანდება ერთი ან რამდენიმე სანაღვლე სადინარი.
სანაღვლე სადინარები (როგორიცაა ღვიძლის სადინარები ან ნაღვლის საერთო სადინარი), ღვიძლისაგან განსხვავებით, სისხლით მხოლოდ ერთი სისხლძარღვით – ღვიძლის არტერიით, მარაგდებიან. შესაბამისად, ღვიძლის არტერიაში სისხლის დინების დარღვევის გამო ვეღარ მოხდება ნაღვლის სადინარების ჟანგბადით ადეკვატური მომარაგება. აღნიშნულის შედეგად სადინარების ამომფენი უჯრედები თანდათანობით ზიანდება ან კვდება, რასაც იშემიურ ქოლანგიოპათიას უწოდებენ.
სისხლის დინების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთმა:
იშემიური ქოლანგიოპათია ყველაზე ხშირად გადანერგილი ღვიძლის მქონე ადამიანებში ვითარდება.
დაზიანებული ნაღვლის სადინარი ვიწროვდება (სტრიქტურა) და ნაღვლის დინება ნელდება ან შეწყდება. აღნიშნულის შედეგად ორგანიზმში ნაღვლის პიგმენტი (ბილირუბინი) გროვდება, კანი და თვალის თეთრი ნაწილი ყვითლდება (სიყვითლე) და შარდი მუქდება. იმის გამო, რომ ნაღველი (რომელიც შეიცავს პიგმენტს ბილირუბინს) ვეღარ გადადის წვრილ ნაწლავში, განავალი ღიავდება. ხშირია ქავილი, რომელიც ხშირად ხელებიდან და ტერფებიდან იწყება, მაგრამ, ჩვეულებრივ, მთელ სხეულზე ვრცელდება. ქავილი უარესდება ღამით. შესაძლოა განვითარდეს ნაღვლის სადინარის ინფექციაც (ქოლანგიტი), რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს, შემცივნებასა და ცხელებას.
დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებსა და სისხლის ანალიზის პათოლოგიურ შედეგებს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სავარაუდოს ხდის იშემიური ქოლანგიოპათიის არსებობას (მაგალითად, ღვიძლგადანერგილი პაციენტები).
ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) ექიმებს სადინარების დათვალიერებაში ეხმარება, მაგრამ გამოკვლევის შედეგებმა შეიძლება საბოლოოდ ვერ დაადასტუროს დიაგნოზი. სრულყოფილი დიაგნოზისთვის ხშირად საჭიროა სანაღვლე სადინარების მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა (მაგნიტურ-რეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია – MRCP) ან ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP). ამ უკანასკნელის დროს პირის გავლით წვრილ ნაწლავში დრეკადი, დასათვალიერებელი მილი (ენდოსკოპი) შეჰყავთ, რომლის დახმარებითაც სანაღვლე სადინარების სისტემაში საღებავის ინექცია ხდება.
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია მხოლოდ სანაღვლე გზების შევიწროების დასადგენად არ გამოიყენება; მისი დახმარებით სამკურნალო პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი. ენდოსკოპის გავლით სადინარში შეჰყავთ ღრუიანი მავთული, რომლის თავზეც ჩაფუშული ბუშტია დამაგრებული. ექიმები ბერავენ ბუშტს, რომ გააფართოონ (დილატაცია) სადინარის შევიწროებული ადგილი. აქვე ჩადგამენ ბადისებრ მილს (სტენტს), რომელიც სადინარის გამავლობას უზრუნველყოფს.
ზოგიერთი ღვიძლგადანერგილი ადამიანი ღვიძლის განმეორებით ტრანსპლანტაციას საჭიროებს.