კარის (პორტული) ვენის დახშობა გამოწვეულია თრომბოზით (სისხლის თრომბი) ან მისი შევიწროებით. კარის ვენას სისხლი ნაწლავებიდან ღვიძლისკენ მოაქვს.
იმის გამო, რომ პორტული (კარის) ვენა დახშული ან შევიწროებულია, მასში წნევა იზრდება. მომატებული წნევა (პორტული ჰიპერტენზია) იწვევს ელენთის გადიდებას (სპლენომეგალია). ის აგრეთვე იწვევს გაფართოებული და დაკლაკნილი ვარიკოზული ვენების გაჩენას საყლაპავში (საყლაპავის ვარიკოზები) და ხშირად კუჭშიც (პორტული ჰიპერტენზიით გამოწვეული გასტროპათია). შესაძლებელია ამ ვენებიდან დაიწყოს უწყვეტი სისხლდენა. მუცლის ღრუში სითხე იშვიათად გროვდება (ასციტი). თუმცა, ასციტი შესაძლოა განვითარდეს, თუ კარის ვენის დახშობასთან ერთად არის ღვიძლის შეგუბება ან დაზიანება; ან როდესაც კუჭის ან საყლაპავის გამსკდარი ვარიკოზული ვენებიდან დაწყებული ძლიერი სისხლდენის გამო ადამიანებს ინტრავენურად დიდი რაოდენობით სითხეს უსხამენ. პორტული ვენის თრომბოზის განვითარება ციროზის მქონე პაციენტებში მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამძიმებს.
ციროზით დაავადებულ მოზრდილთა 25%-ს აქვს პორტული ვენის თრომბოზი, ჩვეულებრივ, სისხლის ნელი დინების გამო. პორტული ვენის თრომბოზი შეიძლება აგრეთვე გამოწვეული იყოს ნებისმიერი მდგომარეობით, რომელიც იწვევს სისხლის შედედებას. მიზეზები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია:
ხშირად ხდება რამდენიმე მიზეზის თანხვედრა, რაც იწვევს დახშობას. მიზეზი ადამიანთა ერთ მესამედში უცნობია.
ადამიანების უმეტესობას სიმპტომები არ აქვს. ზოგიერთებში პრობლემები თანდათანობით ვითარდება, რომელთა მიზეზიცაა პორტული ჰიპერტენზია. საყლაპავსა და კუჭში ვარიკოზული ვენების წარმოქმნისას, ისინი შეიძლება გასკდეს და დაიწყოს სისხლდენა, ზოგჯერ შეუჩერებელი. ადამიანი ამ დროს აღებინებს სისხლს. სისხლმა შეიძლება გადაინაცვლოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და განავალი გახადოს შავი, კუპრისებრი და ცუდი სუნის მქონე (მელენა). პორტული ჰიპერტენზიის სხვა სისხლძარღვოვანი გართულებაა კუჭში პათოლოგიური, მცირე ზომის ვენებისა და კაპილარების განვითარება (პორტული ჰიპერტენზიით გამოწვეული გასტროპათია), რომელმაც შესაძლოა სისხლდენა გამოიწვიოს.
ექიმებს ეჭვი მიაქვთ პორტული ვენის თრომბოზზე იმ ადამიანებში, რომელთაც ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან ერთდროულად რამდენიმე აქვთ:
ღვიძლის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული სისხლის ანალიზები ხშირად ნორმაშია.
ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია ხშირად ადასტურებს დიაგნოზს. ის აჩვენებს, რომ სისხლის დინება პორტულ ვენაში შემცირებული ან სრულიად გამქრალია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის (მრტ / MRI) ან კომპიუტერული ტომოგრაფიის (კტ / CT) ჩატარება.
ანგიოგრაფიას იმ შემთხვევაში მიმართავენ, როცა სისხლის ნაკადისათვის ალტერნატიული გზის შექმნას გეგმავენ. ანგიოგრაფიის ჩასატარებლად კარის ვენაში შეჰყავთ რადიოკონტრასტული საღებავი (რომელიც ჩანს რენტგენზე) და ამის შემდეგ იღებენ რენტგენს.
როდესაც თრომბი უცებ ახშობს ვენას, ზოგჯერ იყენებენ თრომბის დამშლელ წამალს (მაგალითად, ქსოვილის პლაზმინოგენის აქტივატორს). მკურნალობის ამ მეთოდის (თრომბოლიზი) ეფექტურობა უცნობია.
თუ დარღვევა ვითარდება თანდათანობით, ზოგჯერ დიდი ხნით ინიშნება ანტიკოაგულანტი (მაგალითად, ჰეპარინი) თრომბების ზომაში მატების ან მათი ხელახლა განვითარების თავიდან ასაცილებლად. ანტიკოაგულანტები არსებულ თრომბებს არ შლის.
ახალშობილებსა და ბავშვებში მკურნალობენ თრომბოზის მიზეზს (ჩვეულებრივ ჭიპლარის ინფექცია ან მწვავე აპენდიციტი).
აგრეთვე მკურნალობენ პორტული ჰიპერტენზიის შედეგად განვითარებულ პრობლემებს. საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან დაწყებული სისხლდენის შეჩერება შეიძლება რამდენიმე მეთოდით:
როდესაც ეს მკურნალობა არაეფექტურია, შესაძლოა ჩაატარონ პროცედურა, რომლის დროსაც ქმნიან სისხლის დინების ალტერნატიულ გზას, ღვიძლის გვერდის ავლით. პროცედურის მიზანია წნევის დაქვეითება კარის ვენაში ქვემო ღრუ ვენასთან კავშირის (შუნტი) შექმნის გზით. შუნტის გაკეთება რთულია, როდესაც პორტული ვენა სრულად არის დახშული. ამასთან, შუნტებიც დახშობისკენ არის მიდრეკილი. ზოგიერთ ადამიანს სჭირდება ღვიძლის გადანერგვა.