ღვიძლის შეგუბებითი გადიდების დროს ხდება სისხლის ღვიძლში დაგროვება, რაც გამოწვეულია გულის უკმარისობით.
გულის მწვავე უკმარისობა განაპირობებს გულიდან წამოსული სისხლის ქვემო ღრუ ვენაში (დიდი ზომის ვენა, რომელსაც სისხლი ორგანიზმის ქვედა ნაწილებიდან გულისკენ მოაქვს) დაგროვებას. ვენური შეგუბება იწვევს წნევის გაზრდას ქვემო ღრუ ვენასა და სხვა ვენებში, რომლებსაც სისხლი მისკენ მიაქვთ, მათ შორის ღვიძლის ვენებში (გამოაქვთ სისხლი ღვიძლიდან). თუ ეს წნევა საკმაოდ მაღალია, ღვიძლში სისხლი შეგუბდება და ვითარდება მისი დისფუნქცია.
ადამიანთა უმეტესობაში ღვიძლის შეგუბება იწვევს მუცლის მსუბუქ დისკომფორტს. ღვიძლი (მდებარეობს მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში) გადიდებული და მტკივნეულია. მწვავე შემთხვევებში კანი და თვალის თეთრი ნაწილი შეიძლება გაყვითლდეს – ვითარდება სიყვითლე. შესაძლოა სითხის მუცლის ღრუში დაგროვება, რასაც ასციტი ეწოდება. შესაძლოა, ზომაში მოიმატოს ელენთამ. თუ შეგუბება მძიმეა და ქრონიკული, ღვიძლი ზიანდება, შეიძლება ღვიძლის დანაწიბურება (ციროზი) განვითარდეს.
ექიმებს ამ დარღვევაზე ეჭვი მიაქვთ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ტიპური სიმპტომები ან ღვიძლის შეფასების მიზნით ჩატარებულ სისხლის ანალიზებში შესაბამისი ცვლილებები აღენიშნებათ.
დაავადების მართვა გულისხმობს გულის უკმარისობის მკურნალობას, რომელმაც შეიძლება აღადგინოს ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების უნარი.