ჰეპატოცელულური ადენომა | მკურნალი.გე
  1. ჰეპატოცელულური ადენომა
  2. ღვიძლის სიმსივნეები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ჰეპატოცელულური ადენომა

ჰეპატოცელულური ადენომა არის ღვიძლის შედარებით იშვიათი, კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შეცდომით შეიძლება კიბოდ მიიჩნიონ. იშვიათად ის სკდება და იწყება სისხლდენა ან ის ავთვისებიანი ხდება.

ჰეპატოცელულური ადენომები ძირითადად რეპროდუქციული ასაკის ქალებში ვითარდება, კერძოდ კი ქალებში, რომლებიც ორალურ კონტრაცეპტივებს იყენებენ.

ჩვეულებრივ ამ სიმსივნეებს არ აქვთ სიმპტომები, ამიტომ უმეტესობის აღმოჩენა ვერ ხერხდება. დიდი ზომის ადენომებმა შესაძლოა გამოიწვიონ ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში. იშვიათად, ჰეპატოცელულური ადენომა უცებ სკდება და სისხლი იღვრება მუცლის ღრუში, რაც საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას. ძალზე იშვიათად ასეთი სიმსივნე შესაძლოა ავთვისებიანი გახდეს.

ადენომაზე ეჭვი მიაქვთ მაშინ, როდესაც რადიოლოგიური გამოკვლევის (ულტრაბგერითი კვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია) ჩატარების დროს აღმოაჩენენ პათოლოგიას. ზოგჯერ დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ბიოფსია.

ორალური კონტრაცეპტივებით გამოწვეული ჰეპატოცელულური ადენომა შეიძლება გაქრეს, როდესაც ქალი შეწყვეტს წამლის მიღებას. თუ ადენომა დიდი ზომისაა ან მდებარეობს ღვიძლის ზედაპირთან ახლოს, რეკომენდებულია ოპერაცია სისხლდენისა და ავთვისებიან სიმსივნედ გადაქცევის მომატებული რისკის გამო.