1. ღვიძლის პირველადი სიმსივნეები
  2. ღვიძლის სიმსივნეები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ღვიძლის პირველადი სიმსივნეები

ღვიძლის პირველადი სიმსივნეები წარმოიშობა უშუალოდ ღვიძლში. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰეპატომა (ჰეპატოცელულური კარცინომა). თავდაპირველად ღვიძლის სიმსივნე, ჩვეულებრივ, იწვევს ზოგად სიმპტომებს (როგორიცაა წონაში კლება, უმადობა და დაღლილობა). ამის გამო დიაგნოზი ხშირად გვიან ისმება და პროგნოზი ცუდია.

ჰეპატომა

ჰეპატომა (ჰეპატოცელულური კარცინომა) არის სიმსივნე, რომელიც ვითარდება ღვიძლის უჯრედებიდან.

  • B- და C-ჰეპატიტის ან ალკოჰოლის ჭარბი მიღება ზრდის ჰეპატომის განვითარების რისკს.

  • ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ მუცლის ტკივილი, დაიკლონ წონაში ან შეიგრძნონ დიდი ზომის წარმონაქმნი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში.

  • ექიმები დიაგნოზს სვამენ სისხლის ანალიზებისა და რადიოლოგიური კვლევის საფუძველზე.

  • თუ ჰეპატომების დიაგნოსტიკა დროულად არ ხდება, ისინი სასიკვდილოა.

ჰეპატომა არის ღვიძლში წარმოშობილი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული ტიპი. ის ჩვეულებრივ უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ღვიძლის მძიმე დანაწიბურება (ციროზი).

აფრიკისა და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ადგილას ჰეპატომები ღვიძლის მეტასტაზურ სიმსივნეზე უფრო ხშირია და წარმოადგენს სიკვდილის ხშირ მიზეზს. ამ ადგილებში ბევრ ადამიანს აქვს ქრონიკული B-ჰეპატიტი. ამ ვირუსის ორგანიზმში არსებობა 100-ჯერ მეტად ზრდის ჰეპატომის განვითარების რისკს. B-ჰეპატიტს შეუძლია გამოიწვიოს ციროზი. ამასთან B-ჰეპატიტს შეუძლია ჰეპატომის გამოწვევა იმისდა მიუხედავად, განვითარდება თუ არა ციროზი, ან არის თუ არა ინფექცია ქრონიკული. ქრონიკული C-ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი აგრეთვე ზრდის ჰეპატომის განვითარების რისკს.

ჰეპატომები ზოგჯერ ვითარდება სიმსივნის გამომწვევი ნივთიერებების (კარცენოგენების) ზეგავლენით. სუბტროპიკულ რეგიონებში, სადაც ჰეპატომები ხშირია, საჭმელი ხშირად დაბინძურებულია კანცეროგენებით, რომლებსაც აფლატოქსინები ეწოდება. ამ ნივთიერებებს წარმოქმნის სოკოს გარკვეული ტიპები.

ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სხვა გეოგრაფიულ ადგილებში, სადაც ჰეპატომები შედარებით იშვიათია, ჰეპატომის მქონე ადამიანები ძირითადად ალკოჰოლიკები არიან, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში აქვთ ალკოჰოლური ციროზი. ჰეპატომა შეიძლება ციროზის სხვა სახეებმაც გამოიწვიოს. თუმცა, რისკი პირველადი ბილიარული ციროზის დროს, სხვა ტიპის ციროზებთან შედარებით, უფრო დაბალია.

სიმპტომები

ჩვეულებრივ, პირველი სიმპტომებია მუცლის ტკივილი, წონაში კლება და დიდი წარმონაქმნის შეგრძნება მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში. ადამიანები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ციროზი, შეიძლება მოულოდნელად გახდნენ უფრო ავად. შეიძლება გაჩნდეს ცხელება. ზოგჯერ, პირველადი სიმპტომებია მუცლის უეცარი ტკივილი და შოკი (დაბალი არტერიული წნევა, რომელიც ძალზე საშიშია), რომელიც გამოიწვია ჰეპატომის გასკდომამ ან სისხლდენამ.

ზოგჯერ ჰეპატომები აფერხებენ სხეულის მიერ გარკვეული ნივთიერებების გადამუშავების პროცესს. მაგალითად, ჰეპატომებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის დაწევა (ჰიპოგლიკემია), კალციუმის დონის აწევა (ჰიპერკალციემია) და ცხიმის დონის მომატება (ჰიპერლიპოპროტეინემია).

დიაგნოზი

ჰეპატომის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა ძალზე რთულია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ სიმპტომები არ არის სპეციფიკური. თუ ექიმი პაციენტის გასინჯვისას შეიგრძნობს გადიდებულ ღვიძლს, ან სხვა მიზეზით ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის დროს ვლინდება წარმონაქმნი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, ექიმმა შესაძლოა იეჭვოს ჰეპატომაზე, განსაკუთრებით ხანგრძლივი ციროზის მქონე ადამიანებში.

ჰეპატომაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში ატარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

  • სისხლის ანალიზი ალფა-ფეტოპროტეინის დონის განსაზღვრის მიზნით. ამ ცილას ჩვეულებრივ წარმოქმნის ნაყოფი და მისი დონე შესამჩნევად იკლებს ერთი წლის ასაკში. მისი დონე მაღალია ჰეპატომის მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარში.

  • ფიზიკური კვლევა: ექიმები სინჯავენ მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილს გადიდებული ღვიძლის ან წარმონაქმნის შემოწმების მიზნით. მათ შესაძლოა ღვიძლზე დადონ სტეთოსკოპი, რომ განსაზღვრონ ჰეპატომის მიერ გამოწვეული ხმაური. ზოგჯერ ისმენენ შუილის მსგავს ხმაურს (ღვიძლისმიერი შუილი, რომელიც გამოწვეულია სისხლის სწრაფი დინებით სიმსივნის სისხლძარღვებში) ან ფხაჭნის მსგავს ხმაურს (ხახუნის ხმიანობა, რომელიც გამოწვეულია სიმსივნის ხახუნით ღვიძლის ზედაპირთან ან გარშემო მყოფ სტრუქტურებთან).

  • რადიოლოგიური გამოკვლევები: მუცლის ულტრაბგერითმა კვლევამ (ექოსკოპია), კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ (კტ/CT) ან მაგნიტურ-რეზონანსულმა გამოკვლევამ (მრტ/MRT) შეიძლება აღმოაჩინოს ჰეპატომა მანამ, სანამ ის სიმპტომებს გამოიწვევს. თუ დიაგნოზი დაუზუსტებელია, ჰეპატომის აღმოსაჩენად შესაძლებელია რადიოკონტრასტული საღებავის (ჩანს რენტგენზე) ღვიძლის ცენტრალურ არტერიაში შეყვანის შემდეგ რენტგენის გადაღება. ამ პროცედურის (ღვიძლის არტერიოგრაფია) ჩატარება განსაკუთრებით საჭიროა ჰეპატომის ქირურგიულ ამოკვეთამდე, რადგან არტერიოგრამა აჩვენებს ღვიძლის სისხლძარღვების ზუსტ მდებარეობას.

  • თუ დიაგნოზი მაინც დაუზუსტებელია, ღვიძლის ბიოფსიამ (ნემსით ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოსაკვლევად) შეიძლება დაადასტუროს დიაგნოზი. სისხლდენის ან სხვა დაზიანების განვითარების რისკი ღვიძლის ბიოფსიის დროს ჩვეულებრივ მცირეა.
  • სტადიის განსაზღვრა: თუ დაისვა კიბოს დიაგნოზი, ექიმები განსაზღვრავენ, თუ რამდენად დიდია ჰეპატომა და რამდენად არის ის გავრცელებული ახლომდებარე სტრუქტურებში ან სხეულის სხვა ნაწილებში. ამ ინფორმაციის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოგვცეს დიაგნოზის დასასმელად გამოყენებულმა რადიოლოგიურმა გამოკვლევებმა. ექიმებმა შეიძლება აგრეთვე გამოიყენონ მუცლის ზედაპირზე არსებული მცირე ზომის განაკვეთში ჩადგმული მცირე ზომის დასათვალიერებელი მილი (ლაპაროსკოპი), რათა პირდაპირ დაათვალიერონ ღვიძლი და ახლომდებარე ორგანოები.
  • სიმსივნის კლასიფიკაცია ხდება პირველი სტადიიდან (ერთი სიმსივნე, რომელიც არ არის გავრცელებული) მეოთხე სტადიამდე (სიმსივნე გავრცელებულია სხეულის შორეულ ნაწილებშიც). სტადიის განსაზღვრა ეხმარება ექიმს შეარჩიოს მკურნალობა და განსაზღვროს სიცოცხლის ხანგრძლივობა.
  • სკრინინგი: იმ რეგიონებში, სადაც B-ჰეპატიტი ხშირია, მიმართავენ სკრინინგს ულტრასონოგრაფიის (ექოსკოპიის) დახმარებით, რომლის მიზანია B-ჰეპატიტის მქონე პაციენტებში ღვიძლის კიბოს დროული გამოვლენა. სკრინინგი, ჩვეულებრივ, გულისხმობს ალფა-ფეტოპროტეინის დონის განსაზღვრასა და ულტრასონოგრაფიას ყოველ 6-12 თვეში.

პროგნოზი

  • აშშ-ში ჰეპატომის მქონე პაციენტები რამდენიმე წელიწადზე მეტს ვერ ცოცხლობენ, რადგან ჰეპატომის აღმოჩენა გვიან სტადიაზე ხდება. სკრინინგი და ადრეული გამოვლენა პროგნოზის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ რეგიონში რუტინული სკრინინგი უფრო ხშირია. თუ ჰეპატომა მცირე ზომისაა და არ არის გავრცელებული, შესაძლოა ღვიძლის გადანერგვა და ადამიანი კიდევ რამდენიმე წელს იცოცხლებს.

პრევენცია

B-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ამცირებს ჰეპატომებით ავადობის მაჩვენებელს, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ის ხშირია. შესაძლოა დაგვეხმაროს ციროზის თავიდან აცილებაც, მიუხედავად იმისა, თუ რა არის მისი მიზეზი. მაგალითად, ქრონიკული C-ჰეპატიტის და ალკოჰოლიზმის მკურნალობა შეიძლება დაგვეხმაროს ჰეპატომების განვითარების თავიდან აცილებაში.

მკურნალობა

განკურნების იმედს იძლევა მხოლოდ ღვიძლის გადანერგვა ან ჰეპატომის ამოკვეთა. თუმცა, ჰეპატომის ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ, ის ხშირად ხელახლა ჩნდება. ჰეპატომის ამოკვეთა შეიძლება ვერ მოხერხდეს ციროზის მქონე ადამიანებში, რადგან დაზიანებულია მათი ღვიძლის დიდი ნაწილი.

თუ გადანერგვა ან ოპერაცია შეუძლებელია, ან როცა ადამიანები ელოდებიან ღვიძლის გადანერგვას, შესაძლოა მკურნალობის გამოყენება ჰეპატომის ზრდის შესაჩერებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაგალითად, შესაძლებელია მოხდეს ჰეპატომისათვის სისხლის მიწოდების შეწყვეტა მის მკვებავ სისხლძარღვებში გარკვეული ნაწილაკების შეყვანით (ამ პროცედურას ეწოდება ღვიძლის არტერიის სელექციური ემბოლიზაცია). აღნიშნულის შედეგად ჰეპატომა იჭმუხნება. სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად შეიძლება სიცივის (კრიოაბლაცია) ან ელექტრული ენერგიის (რადიოსიხშირით აბლაცია) გამოყენება უშუალოდ სიმსივნეზე. ეს მეთოდები ყველა სიმსივნურ უჯრედს ვერ ანადგურებს.

შესაძლებელია ქიმიოთერაპიული წამლების ვენაში ან ღვიძლის არტერიაში ინექცია, რაც უზრუნველყოფს ღვიძლის სიმსივნურ უჯრედებამდე წამლების მაღალი კონცენტრაციის შემცველი სისხლის მიწოდებას. ქიმიოთერაპიულმა წამლებმა შესაძლოა დროებით შეაჩერონ ჰეპატომის ზრდა. რადიაციული თერაპია ჩვეულებრივ უეფექტოა.

ღვიძლის სხვა პირველადი სიმსივნეები

ღვიძლის სხვა პირველადი სიმსივნეები იშვიათია. დიაგნოზისთვის, ჩვეულებრივ, საჭიროა ბიოფსია. ადამიანთა უმეტესობას ამ სიმსივნეებით აქვს ცუდი პროგნოზი. თუ სიმსივნე გავრცელებული არაა, შესაძლებელია მისი ამოღება. თუ ეს მოხერხდა, ადამიანმა შეიძლება რამდენიმე წელი ან მეტი იცოცხლოს.

ქოლანგიოკარცინომა არის შედარებით ნელა ზრდადი სიმსივნე, რომელიც სათავეს ღვიძლშიგა ან ღვიძლგარეთა სანაღვლე სადინარების ამომფენი უჯრედებიდან იღებს. ჩინეთში მდინარის ტრემატოდებით (პარაზიტი) ინვაზია ხელს უწყობს ამ სიმსივნის განვითარებას. ქოლანგიოკარცინომის განვითარების მომატებული რისკი აქვთ პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტით დაავადებულებს. სიმსივნის სიმპტომები ხშირად გაურკვეველია. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის უცებ გაუარესებას, წარმონაქმნს მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, სიყვითლეს (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა), წონაში კლებას და დისკომფორტს მუცელში.

ფიბროლამელარული კარცინომა არის ჰეპატომის იშვიათი ტიპი, რომელიც შედარებით ხშირად ვითარდება ახალგაზრდებში. ის არ არის გამოწვეული უკვე არსებული ციროზით, B და C-ჰეპატიტით ან სხვა ცნობილი რისკ-ფაქტორებით. ფიბროლამელარული კარცინომის მქონე ადამიანები, ჩვეულებრივ, თავს უკეთესად გრძნობენ, ვიდრე ჰეპატომის სხვა სახეებით დაავადებული პირები. ბევრი მათგანი ცხოვრობს რამდენიმე წელიწადს ჰეპატომის ამოკვეთის შემდეგ.

ჰეპატობლასტომა შედარებით ხშირი სიმსივნეა ახალშობილებში. ის ვაჟებში ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში. ზოგჯერ ის ვითარდება უფრო დიდი ასაკის ბავშვებშიც და შეიძლება წარმოქმნას ჰორმონებიც (გონადოტროპინები), რაც ნაადრევ მომწიფებას იწვევს. მიზეზი უცნობია. ექიმმა დიაგნოზი შეიძლება დასვას ალფა-ფეტოპროტეინის მომატებული დონისა და რადიოლოგიური კვლევის შედეგების მიხედვით.

ანგიოსარკომა იშვიათი სიმსივნეა, რომელიც სათავეს იღებს ღვიძლის სისხლძარღვებიდან. ანგიოსარკომა შეიძლება გამოიწვიოს სამუშაო ადგილზე სხვადასხვა ნივთიერებასთან (პოლივინილქლორიდი, დარიშხანი) ხშირმა შეხებამ. თუმცა, ადამიანების უმეტესობაში მიზეზი უცნობია.

დიაგნოზი და მკურნალობა

ჰეპატობლასტომაზე ეჭვი მიაქვთ მაშინ, როდესაც ექიმი შეიგრძნობს დიდ წარმონაქმნს ჩვილის მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში და ჩვილის ზოგადი მდგომარეობა უარესდება.

ღვიძლში არსებული ქოლანგიოკარცინომის, ჰეპატობლასტომისა და ანგიოსარკომის დიაგნოზი ისმება ღვიძლის ბიოფსიით (ნემსით ქსოვილის ნიმუშის აღება მისი მიკროსკოპის ქვეშ გამოსაკვლევად).

ღვიძლის გარეთ არსებული სანაღვლე გზების ქოლანგიოკარცინომის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, ისმება სპეციფიკური რენტგენოლოგიური მეთოდების მეშვეობით (როგორიცაა, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ან პერკუტანეული ტრანსჰეპატული ქოლანგიოგრაფია) ან ოპერაციის დროს. ამ ტიპის სიმსივნის მქონე ადამიანების ორ მესამედში სიმსივნის აღმოჩენისას კიბო უკვე გავრცელებულია ახლომდებარე ლიმფურ კვანძებზე.

ჩვეულებრივ, კიბოს ამ ფორმის მკურნალობას მცირე ეფექტი აქვს და ადამიანების უმრავლესობა იღუპება სიმსივნის აღმოჩენიდან რამდენიმე თვეში. თუმცა, თუ კიბოს აღმოჩენა მოხდა შედარებით ადრე, შესაძლებელია მისი ქირურგიული ამოკვეთა, რაც სიცოცხლის გახანგრძლივების იმედს იძლევა.