ქოლეცისტიტი | მკურნალი.გე
  1. ქოლეცისტიტი
  2. ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარის დაავადებები
  3. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები
ქოლეცისტიტი

ქოლეცისტიტი არის ნაღვლის ბუშტის ანთება, რომლის მიზეზი, ჩვეულებრივ, ბუშტის სადინარის ნაღვლის კენჭით დახშობაა.

  • ნაღვლის ბუშტის ანთებას ჩვეულებრივ იწვევს კენჭი, რომელიც აჩერებს ნაღვლის დინებას.

  • როგორც წესი, ადამიანებს აქვთ მუცლის ტკივილი, რომელიც 6 საათზე მეტხანს გრძელდება, ცხელება და გულისრევა.

  • ულტრასონოგრაფიით, ჩვეულებრივ, შესაძლებელია ნაღვლის ბუშტის ანთების ნიშნების დადგენა.

  • ნაღვლის ბუშტს ამოკვეთენ, ჩვეულებრივ, ლაპაროსკოპიის მეშვეობით.

ქოლეცისტიტი არის ნაღვლის კენჭებით გამოწვეული ყველაზე ხშირი პრობლემა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც კენჭი ახშობს ბუშტის სადინარს, რომელსაც ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან გამოაქვს. ქოლეცისტიტი იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად.

მწვავე ქოლეცისტიტი: მწვავე ქოლეცისტიტი იწყება უეცრად და იწვევს სტაბილურ და ძლიერ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში. მწვავე ქოლეცისტიტის მქონე ადამიანების, სულ მცირე, 95%-ს ნაღვლის კენჭები აქვს. ანთება თითქმის ყოველთვის ინფექციის გარეშე იწყება. თუმცა, ინფექცია შეიძლება მოგვიანებით განვითარდეს. ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაღვლის ბუშტის სითხით ავსება და მისი კედლების გასქელება.

იშვიათად შეიძლება განვითარდეს მწვავე ქოლეცისტიტის უკენჭო ფორმა (აკალკულოზური ქოლეცისტიტი). აკალკულოზური ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთების სხვა ფორმებთან შედარებით ყველაზე საშიშია. ის, ჩვეულებრივ, ვითარდება ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების შემდეგ:

  • ქირურგიული ოპერაცია;

  • კრიტიკული მდგომარეობები, როგორიცაა მძიმე ტრავმები, მძიმე დამწვრობები და მთელ ორგანიზმში გავრცელებული ინფექციები (სეფსისი);

  • ინტრავენური კვება დიდი ხნის განმავლობაში;

  • ხანგრძლივი მარხვა;

  • იმუნური სისტემის დეფიციტი.

ის შეიძლება განვითარდეს პატარა ბავშვებში და, სავარაუდოდ, ვირუსული ან სხვა ინფექციით არის გამოწვეული.

ქრონიკული ქოლეცისტიტი: ქრონიკული ქოლეცისტიტი არის ნაღვლის ბუშტის ანთება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. ის თითქმის ყოველთვის ნაღვლის კენჭებით არის გამოწვეული. მას ახასიათებს ტკივილის განმეორებითი შეტევები (ბილიარული კოლიკა). ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტი ზიანდება მწვავე ანთების განმეორებითი შეტევებისგან, რომლებიც, ჩვეულებრივ, გამოწვეულია კენჭებით. ნაღვლის ბუშტი შეიძლება დანაწიბურდეს, შემცირდეს ზომაში და მისი კედლები გასქელდეს. ნაღვლის ბუშტი, ჩვეულებრივ, შეიცავს ნალექს (მიკროსკოპული ნაწილაკები ნივთიერებებისა, რომლებსაც ნაღვლის კენჭები შეიცავენ) ან ნაღვლის კენჭებს, რომლებიც ახშობენ ბუშტის სადინარის შესავალს ან უშუალოდ ბუშტის სადინარში იმყოფებიან.

სიმპტომები

ნაღვლის ბუშტის შეტევა, როგორც მწვავე, ისე ქრონიკული, იწყება ტკივილით. ქოლეცისტიტით გამოწვეული ტკივილი ჰგავს ნაღვლის კენჭებით გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ ის უფრო ძლიერი და ხანგრძლივია – გრძელდება 6საათზე მეტს და ხშირად აჭარბებს 12 საათს. ტკივილი პიკს 15-60 წუთში აღწევს და შემდეგ სტაბილურად ერთ დონეზე რჩება. ის, ჩვეულებრივ, მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში აღმოცენდება. ტკივილმა შესაძლოა აუტანელი ხასიათი მიიღოს. ადამიანების უმეტესობა მძაფრ ტკივილს გრძნობს, როდესაც ექიმი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილს აწვება. ღრმა სუნთქვამ შეიძლება გააუარესოს ტკივილი. ტკივილი ხშირად ვრცელდება მარჯვენა ბეჭის ქვედა ნაწილსა ან ზურგში. ხშირია გულისრევა და ღებინება.

რამდენიმე საათში მუცლის კუნთები მარჯვენა მხარეს შეიძლება მკვეთრად დაიჭიმოს. ცხელება აქვს ქოლეცისტიტის მქონე ადამიანების ერთ მესამედს. სხეულის ტემპერატურა თანდათანობით მაღლა იწევს და სცილდება 38°C-ს. ცხელებას შეიძლება თან ახლდეს შემცივნება. ცხელება იშვიათია ქრონიკული ქოლეცისტიტის მქონე პაციენტებში.

ასაკოვან პაციენტებში ქოლეცისტიტის პირველი სიმპტომები ძალზე ზოგადია. მაგალითად, ხანდაზმულმა შესაძლოა დაკარგოს მადა, იგრძნოს დაღლილობა ან სისუსტე, ან აღებინოს. მათ შეიძლება არ ჰქონდეთ ცხელება.

ჩვეულებრივ, ტკივილის ინტენსიურობა მცირდება 2-3 დღეში და მთლიანად ქრება ერთ კვირაში. თუ მწვავე ეპიზოდი გრძელდება, ეს შეიძლება სერიოზული გართულების ნიშანი იყოს. მაღალი ცხელება, შემცივნება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შესამჩნევი მატება (ლეიკოციტოზი) და ნაწლავების ნორმალური, რიტმული შეკუმშვების შეწყვეტა (გაუვალობა) სავარაუდოს ხდის მუცლის ღრუში ნაღვლის ბუშტთან ახლოს ჩირქიანი პარკების (აბსცესები) ან პერფორირებული ნაღვლის ბუშტის არსებობას. აბსცესი არის განგრენის შედეგი, რომელიც ვითარდება ქსოვილის სიკვდილის შემდეგ.

თუ ადამიანს უვითარდება სიყვითლე ან აქვს მუქი ფერის შარდი და ღია ფერის განავალი, სავარაუდოა ნაღვლის საერთო სადინარის კენჭით დახშობა, რაც ღვიძლში ნაღვლის შეგუბებას (ქოლესტაზი) იწვევს. შეიძლება განვითარდეს პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ის გამოწვეულია კენჭით, რომელიც ახშობს ფატერის დვრილის ამპულას პანკრეასის სადინარის გახსნის ადგილთან ახლოს.

აკალკულოზური ქოლეცისტიტი, ჩვეულებრივ, იწვევს მწვავე, მტანჯველ ტკივილს მუცლის ზედა ნაწილში. ის უვითარდება ადამიანებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ ნაღვლის ბუშტის დაავადებაზე მიმანიშნებელი სიმპტომები ან სხვა სახის მონაცემები. ანთება ხშირად ძალზე მძიმეა და შეიძლება ნაღვლის ბუშტის განგრენა ან გასკდომა გამოიწვიოს. სხვა მძიმე დაავადებების მქონე პირებში (მათ შორის ადამიანებში, რომლებიც სხვა მიზეზის გამო იმყოფებიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) აკალკულოზური ქოლეცისტიტი თავდაპირველად შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ერთადერთი სიმპტომები შესაძლებელია იყოს შესივებული (გაფართოებული), მტკივნეული მუცელი ან უცნობი მიზეზით გამოწვეული ცხელება. მკურნალობის გარეშე აკალკულოზური ქოლეცისტიტი შემთხვევათა 65%-ში სიკვდილს იწვევს.

დიაგნოზი

ექიმები ქოლეცისტიტის დიაგნოზს სვამენ ძირითადად სიმპტომებსა და რადიოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ულტრასონოგრაფია (ექოსკოპია) ნაღვლის კენჭების აღმოჩენის საუკეთესო მეთოდია. ულტრასონოგრაფიით შეიძლება აგრეთვე დადგინდეს ნაღვლის ბუშტის გარშემო სითხის არსებობა ან მისი კედლების გასქელება, რაც ტიპურია მწვავე ქოლეცისტიტისთვის. ხშირად, როდესაც ულტრასონოგრაფის გადამწოდს მუცლის ზედა ნაწილში, ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში ამოძრავებენ, ადამიანები ტკივილს შეიგრძნობენ.

როცა მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზის დასმა ძნელდება, იყენებენ სხვა რადიოლოგიურ კვლევას – ქოლესცინტიგრაფიას. ამ ტესტის ჩატარებისთვის ვენაში რადიოაქტიური ნივთიერება შეჰყავთ. გამა კამერა აფიქსირებს არსებულ რადიოაქტიურობას და კომპიუტერის დახმარებით ხდება გამოსახულების წარმოქმნა. ამ მეთოდით შესაძლებელია რადიონუკლიდის ღვიძლიდან სანაღვლე ტრაქტში გადაადგილებაზე დაკვირვება. იქმნება ღვიძლის, სანაღვლე გზების, ნაღვლის ბუშტისა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილის გამოსახულებები. თუ რადიონუკლიდი არ ავსებს ნაღვლის ბუშტს, ნაღვლის სადინარი სავარაუდოდ დახშულია კენჭით.

ღვიძლის ფუნქციის გამოსაკვლევად ჩატარებული სისხლის ანალიზების შედეგები ხშირად ნორმაშია, თუ ადამიანს არ აქვს დახშული სანაღვლე სადინარი. სისხლის სხვა ანალიზებმა შეიძლება გამოავლინოს სხვადასხვა გართულება, როგორიცაა პანკრეასის ფერმენტების (ლიპაზის ან ამილაზის) მომატება პანკრეატიტის დროს. სისხლის თეთრი უჯრედების მაღალი რაოდენობა (ლეიკოციტოზი) მიუთითებს ანთების, აბსცესის, განგრენის არსებობაზე ან ნაღვლის ბუშტის პერფორაციაზე.

მკურნალობა

მწვავე ან ქრონიკული ქოლეცისტიტის მქონე პაციენტები საავადმყოფოში დაწვენას საჭიროებენ. მათ ეკრძალებათ საჭმლისა და სასმლის მიღება და ინტრავენურად ეძლევათ სითხეები და ელექტროლიტები. ექიმი პაციენტის კუჭში ცხვირის გავლით ათავსებს ზონდს, რომელსაც შეიძლება ტუმბო მიუერთდეს და კუჭის შიგთავსი ამოიქაჩოს. ეს უზრუნველყოფს კუჭის დაცლას და ნაწლავებში სითხის დაგროვების შემცირებას, როცა ის ნორმალურად ვერ იკუმშება. ჩვეულებრივ, ადამიანებს ინტრავენურად ეძლევათ ანტიბიოტიკები და ტკივილგამაყუჩებლები.

თუ დაზუსტდა მწვავე ქოლეცისტიტის დიაგნოზი და ოპერაციის ჩატარების რისკი მცირეა, სიმპტომების გაჩენიდან 24-48 საათში ნაღვლის ბუშტს ამოკვეთენ. საჭიროებისას, შესაძლებელია ოპერაციის 6 კვირით ან უფრო მეტით დროით გადადება, სანამ შეტევები არ გაივლის. ოპერაციის გადადება ხშირად აუცილებელია ისეთი დაავადებების არსებობისას, რომლებიც ოპერაციის გართულებების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის (მაგალითად, გულის, ფილტვისა და თირკმლების დაავადებები). თუ არსებობს ეჭვი, რომ განვითარდა ისეთი გართულება, როგორიცაა აბსცესი, განგრენა ან პერფორირებული ნაღვლის ბუშტი, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.

ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა, ჩვეულებრივ, მწვავე ეპიზოდის ჩაწყნარების შემდეგ ხდება.

აკალკულოზური ქოლეცისტიტის დროს საჭიროა სასწრაფო ოპერაცია დაავადებული ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის მიზნით.

ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ამოკვეთა (ქოლეცისტექტომია), ჩვეულებრივ, ხორციელდება ლაპაროსკოპის (დრეკადი, დასათვალიერებელი მილის) საშუალებით. მუცელზე მცირე ზომის განაკვეთების გაკეთების შემდეგ მათში შეჰყავთ ლაპაროსკოპი და სხვა მილები. განაკვეთებიდან მუცლის ღრუში ქირურგიულ ინსტრუმენტებს ათავსებენ, რომელთა მეშვეობით ამოკვეთენ ნაღვლის ბუშტს.

ოპერაციის შემდგომი ტკივილი: ზოგიერთ ადამიანს აქვს ახალი ან განმეორებითი ტკივილის ეპიზოდები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის შეტევების მსგავსია, თუმცა ნაღვლის ბუშტი კენჭებთან ერთად უკვე ამოკვეთილია. აღნიშნულის მიზეზი უცნობია, მაგრამ ის შეიძლება იყოს ოდის სფინქტერის დისფუნქცია (კუნთები, რომლებიც აკონტროლებენ ნაღვლისა და პანკრეასის წვენის წვრილ ნაწლავში გადასვლას). ტკივილი შეიძლება გაჩნდეს იმიტომ, რომ სფინქტერის სპაზმი იწვევს სადინარებში წნევის გაზრდას, რაც აფერხებს ნაღვლისა და პანკრეასის წვენის დინებას. ტკივილი შეიძლება აგრეთვე გამოწვეული იყოს მცირე ზომის ნაღვლის კენჭებით, რომლებიც სადინარებში ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ რჩება. უფრო ხშირად ტკივილის მიზეზი სრულიად სხვა პრობლემაა, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ან წყლულოვანი დაავადება.

შეიძლება საჭირო გახდეს ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP) იმის განსასაზღვრად, არის თუ არა ტკივილის მიზეზი მომატებული წნევა სანაღვლე გზებში. ამ პროცედურისთვის დრეკადი, დასათვალიერებელი მილი (ენდოსკოპი) პირის ღრუს გავლით შეჰყავთ წვრილ ნაწლავში და მილში იდგმება წნევის გამზომი მოწყობილობა. თუ წნევა მომატებულია, მილში შეჰყავთ ქირურგიული ინსტრუმენტი და მისი მეშვეობით ხდება ოდის სფინქტერის გაჭრა და გაფართოება. ამ პროცედურას (ენდოსკოპიური სფინქტერექტომია) შეუძლია შეამსუბუქოს სიმპტომები იმ ადამიანებში, რომელთაც სფინქტერის პათოლოგია აქვთ.