1. შარდის შეუკავებლობა (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
შარდის შეუკავებლობა (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)

შარდის შეუკავებლობა მის უნებლიე გამოყოფას ნიშნავს.

  • შარდის შეუკავებლობა შეიძლება გამოიწვიოს: შარდის ბუშტის ინფექციამ, ზოგმა მედიკამენტმა, თავისა და ზურგის ტვინის დაავადებებმა, შარდის ბუშტის ნერვების ან ქვედა საშარდე გზების დაავადებებმა (მაგ. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და გონებრივი ფუნქციის ან მოძრაობის უნარის დარღვევამ.

  • სიმპტომები დამოკიდებულია შეუკავებლობის სახეზე და შესაძლოა მოიცავდეს: მოშარდვის უეცარ, დაუძლეველ სურვილს ან შარდის მუდმივ ჟონვას.

  • ექიმი დაინტერესდება, თუ ზუსტად როდის და როგორ ხდება უნებლიეთ შარდვა; შესაძლოა სთხოვოს ადამიანს, აღნიშნოს და ჩაიწეროს ეს შემთხვევები; ასევე შეიძლება რამდენიმე ძირითადი კვლევა ჩაატაროს მიზეზის დასადგენად და მკურნალობის დასანიშნად.

  • ბევრ ადამიანს ეხმარება დროის განსაზღვრული ინტერვალებით მოშარდვა, სითხის მიღების რეგულაცია და მენჯის კუნთების ვარჯიში.

  • მკურნალობის სხვა მეთოდებიც არსებობს, მათ შორის მედიკამენტები და ქირურგიული პროცედურები.

შარდის შეუკავებლობა სამიდან ერთ მოხუც ადამიანს აწუხებს, შედარებით იშვიათად, ბევრ ახალგაზრდასაც. ასაკობრივ ჯგუფთა უმრავლესობაში, უნებლიე შარდვა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში.

შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად ვლინდება. იგი ახალგაზრდებში უფრო უეცრად იწყება და მალევე გაივლის მსუბუქი მკურნალობის ფონზე ან მის გარეშე. ასევე, ამ ასაკში შეუკავებლობის შემთხვევათა უმრავლესობაში კონტროლი ნარჩუნდება და შარდი არ გამოიყოფა. უფროსი ასაკის ადამიანებში შარდის შეუკავებლობა უფრო ხშირად და მძიმედ ვლინდება. ამასთანავე, უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ იგი თავისით, მკურნალობის გარეშე გამოსწორდება.

მიუხედავად იმისა, რომ შარდის შეუკავებლობა ხშირია, კარგად ექვემდებარება მკურნალობას და, ძალიან ხშირად, სრულიად იკურნება. შემთხვევათა დიდ ნაწილში მისი დიაგნოსტიკა ან მკურნალობა არც კი ხდება. ადამიანები ამ პრობლემით ცხოვრობენ და ექიმს არ მიმართავენ, რადგან ეშინიათ, რცხვენიათ ან ჰგონიათ, რომ ეს დაბერების თანმდევი, ნორმალური მოვლენაა. შეუკავებლობის მქონე ადამიანები ხშირად იზოლირებულად, დეპრესიულად გრძნობენ თავს. ხშირად ეს მდგომარეობა ადამიანების სპეციალურ დაწესებულებაში მოთავსების მიზეზი ხდება, რადგან საკმაოდ დიდი ტვირთია მომვლელებისთვის. მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებთა 50%-ზე მეტს შარდის შეუკავებლობა აქვს.

ამ მდგომარეობას შეიძლება ბევრი გართულება მოჰყვეს. მაგალითად, მისი არასწორად მკურნალობის დროს შესაძლოა შარდის ბუშტის ან თირკმლის ინფექცია განვითარდეს. მოხუცებში განსაკუთრებით იზრდება კანზე გამონაყარისა და ნაწოლების განვითარების რისკი (რადგან შარდი აღიზიანებს კანს) და ასევე, ტრავმებისაც (ტუალეტისკენ მიმავალი ადამიანი სიჩქარეში შეიძლება დაეცეს და რამე დაიზიანოს).

მოშარდვის კონტროლი

თირკმლები მუდმივად წარმოქმნიან შარდს, რომელიც სპეციალურ მილებში, შარდსაწვეთებში მიედინება შარდის ბუშტისკენ, სადაც იგი გროვდება. შარდის ბუშტის ყველაზე ქვემოთ მდებარე ნაწილს (ანუ ყელს) გარშემო სპეციალური კუნთი აკრავს (სფინქტერი), რომელიც შეკუმშულია და გასასვლელს ახშობს. შარდის ბუშტის გავსების შემდეგ კუნთი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდი მისი გავლით სხეულიდან გამოიყოფა.

როცა შარდის ბუშტი ივსება, მისგან ნერვული იმპულსები ნერვებით ზურგის ტვინისკენ მიემართება. შემდეგ სიგნალი თავის ტვინს გადაეცემა და მოშარდვის სურვილის გაცნობიერება ხდება. ადამიანებს, ნორმაში, შეუძლიათ ცნობიერად გადაწყვიტონ, მოშარდონ, თუ რაღაც დროის განმავლობაში კიდევ მოითმინონ. მოშარდვის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სფინქტერი დუნდება, შარდსადენი იხსნება და შარდის ბუშტის კედლები იკუმშება, რათა შარდი გარეთ გამოიყოს. შარდის ბუშტზე მეტი წნევის შესაქმნელად შეიძლება მუცლის კედლისა და მენჯის ფსკერის კუნთებიც შეიკუმშოს.

სახეები და მიზეზები

შარდის შეუკავებლობა ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: დროებითი (გარდამავალი) და ხანგრძლივი (ჩამოყალიბებული), რომელსაც რაიმე გრძელვადიანი პრობლემა იწვევს.

შარდის ბუშტის ინფექცია გარდამავალი შეუკავებლობის ყველაზე ხშირი მიზეზია. სხვა, გამოსწორებად მიზეზებს მიეკუთვნება: ცნობიერების მოშლა (მაგალითად, მძიმე ინფექციის, ფილტვების ანთების გამო), მოძრაობის უნარის დარღვევა (მაგალითად, ფეხის ან თეძოს ძვლის მოტეხილობის გამო), ალკოჰოლისა და კოფეინის შემცველი სასმლის ჭარბი მიღება, შარდის ბუშტის ან შარდსადენის გამაღიზიანებელი მდგომარეობები (ატროფიული ვაგინიტი), მძიმე შეკრულობა.

ჩამოყალიბებული შეუკავებლობა შეიძლება თავის ან ზურგის ტვინის დაზიანებით იყოს გამოწვეული, მაგ. ინსულტის, ალცჰაიმერის დაავადების ან მრავლობითი სკლეროზის შედეგად. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანება, საშარდე გზების ქვედა ნაწილის დაავადებები (გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი) და მდგომარეობები, რომლებიც გამოუსწორებლად არღვევენ გონებრივ ფუნქციებს ან მოძრაობის უნარს.

შარდის შეუკავებლობა სიმპტომების გამოვლენის მიხედვით ხუთ სახედ იყოფა:

  • მოშარდვის დაუძლეველი სურვილი;

  • დაძაბვა;

  • გადავსება;

  • ფუნქციური;

  • შერეული.

მოშარდვის დაუძლეველი სურვილი: ამ დროს ამ სურვილის გაჩენას, როგორც წესი, უნებლიე შარდვა მოჰყვება. ადამიანებს ძალიან ცოტა დრო აქვთ საჭირო ოთახამდე მისასწრებად. მოძრაობაში ხელის შემშლელი დაავადების ან ტრავმის დროს, მათთვის კიდევ უფრო ძნელია, მოასწრონ ტუალეტში შესვლა. შარდმდენების მიღებამ შეიძლება უფრო გაართულოს პრობლემა.

ეს ტიპი ჩამოყალიბებული შეუკავებლობის ყველაზე ხშირი სახეა და მოხუცებში ხშირად მიზეზის დადგენა ძნელია. ხანში შესულთა უმრავლესობაში შარდის ბუშტის კუნთები ზედმეტად აქტიურია (ისინი ბუშტის ავსებამდე იკუმშებიან უნებლიეთ). ამ პრობლემის მუდმივად არსებობის მიზეზი შეიძლება ტვინში, მოშარდვის დამთრგუნველ შუბლის წილში განვითარებული ცვლილებები იყოს. ისინი აქვეითებენ ნერვული სისტემის უნარს, შეაკავოს შარდის ბუშტი. ცვლილებები შეიძლება ტვინის დაავადებებმა, განსაკუთრებით კი ინსულტმა და დემენციამ გამოიწვიოს. შარდის ბუშტის ქრონიკული მოჭარბებული აქტივობა – ე.წ. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტი – ხშირია მოხუცებში და იწვევს როგორც ამ ტიპის შეუკავებლობას, ასევე ხშირ შარდვას დღისითა და ღამით. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა ატროფიულ ვაგინიტს იწვევს (საშოს ქსოვილის გათხელება), რაც აღიზიანებს საშარდე გზებს და შეიძლება კიდევ უფრო შეუწყოს ხელი მოშარდვის დაუძლეველ სურვილსა და შეუკავებლობას.

დაძაბვა: შარდის მცირე ულუფები უკონტროლოდ, უნებლიეთ გამოიყოფა ხველების, გაჭინთვის, ცემინების, სიმძიმის აწევის ან რაიმე მოქმედების დროს, რაც მუცლის ღრუში წნევას ზრდის. ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალებში შეუკავებლობის ეს სახე ყველაზე ხშირია. იგი შეიძლება საშარდე სფინქტერის სისუსტით იყოს გამოწვეული, რაც ზოგჯერ მშობიარობის და მენჯის ღრუზე ოპერაციის შემდეგ, შარდსადენის ან საშვილოსნოს უჩვეულო მდებარეობის გამო ვითარდება. მენოპაუზის შემდეგ ქალებში ესტროგენის ნაკლებობა შარდსადენის წინააღმდეგობის უნარს ამცირებს შარდის ნაკადის მიმართ. მამაკაცებში დაძაბვის შეუკავებლობა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდეგ განვითარდეს, თუ შარდსადენის ზედა ნაწილი ან შარდის ბუშტის ყელი დაზიანდა. ორივე სქესში სიმსუქნემ შეიძლება თავად გამოიწვიოს ან გააღრმაოს დაძაბვის შეუკავებლობა, რადგან ამ დროს ზედმეტი წონა აწვება შარდის ბუშტს.

ზოგ ადამიანს ეს პრობლემა ძალიან მძიმე ფორმით აქვს და შარდი თითქმის ყოველთვის უნებლიეთ გამოიყოფა (სრული შეუკავებლობა). მოზრდილებში ეს, როგორც წესი, იმიტომ ხდება, რომ საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იხურება.

გადავსება: ამ დროს შარდის მცირე ულუფები უნებლიეთ გამოიყოფა შარდის ბუშტიდან, რომელიც ბოლომდე კარგად ვერ იცლება. ამას, როგორც წესი, საშარდე გზების დახშობა, შარდის ბუშტის შემკუმშავი კუნთების სისუსტე ან მისი ნერვების დაზიანება იწვევს. როცა შარდის გადინება ფერხდება და შარდის ბუშტის კუნთებს უფრო ძლიერად შეკუმშვა აღარ შეუძლიათ, ბუშტი ივსება და ზომაში იზრდება. წნევა მასში იქამდე იმატებს, სანამ შარდის მცირე რაოდენობა არ გაიჟონება გარეთ.

მამაკაცებში გადიდებულმა წინამდებარე ჯირკვალმა შეიძლება შარდის ბუშტის შარდსადენთან დამაკავშირებელი ნაწილი დაახშოს. უფრო იშვიათად ამას შარდის ბუშტის ყელის ან შარდსადენის შევიწროება (სტრიქტურა) იწვევს, წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის ან მისი კიბოს დროს სხივური თერაპიის შემდეგ. ორივე სქესში შარდის ბუშტის გადავსება და შეუკავებლობა შეკრულობამაც შეიძლება გამოიწვიოს, თუკი განავლოვანი მასები იმდენად ავსებს სწორ ნაწლავს, რომ შარდის ბუშტის ყელსა და შარდსადენს აწვება. თავისა და ზურგის ტვინის ფუნქციონირებაზე, ნერვული იმპულსების გადაცემაზე მრავალი წამალი მოქმედებს, მათ შორის ანტიქოლინერგული საშუალებები (ბენზტროპინი, ანტიჰისტამინური საშუალებების უმრავლესობა, ზოგი ანტიდეპრესანტი, ზოგი ანტიფსიქოზური მედიკამენტი). მათ შეუძლიათ შარდის ბუშტის შეკუმშვის უნარი დააქვეითონ და გადავსების გამო შეუკავებლობა გამოიწვიონ. მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ნერვების დაზიანების გამო მისი დამბლაც (ნეიროგენული შარდის ბუშტი). ამ დაავადების ერთ-ერთ სახეს შაქრიანი დიაბეტიც იწვევს.

ფუნქციური შეუკავებლობა: ფუნქციური შეუკავებლობა მაშინ ვითარდება, როცა შარდი უნებლიეთ გამოიყოფა საჭირო ოთახის არ გამოყენების გამო, როცა ადამიანს არ შეუძლია (ან ზოგჯერ არ უნდა) ეს. ყველაზე ხშირი მიზეზია მოძრაობის უუნარობის გამომწვევი დაავადებები, ინსულტი ან მძიმე ართრიტი და ასევე, გონებრივი ფუნქციების დაქვეითება, მაგალითად, დემენცია ალცჰაიმერის დაავადების დროს. იშვიათ შემთხვევაში ადამიანებს იმდენად მძიმე დეპრესია ან ემოციური ფონის დარღვევა აქვთ, რომ ისინი არ იყენებენ საჭირო ოთახს. ამას ზოგჯერ ფსიქოგენური შეუკავებლობა ეწოდება.

შერეული შეუკავებლობა: ზოგჯერ შეუკავებლობა შერეული მიზეზებითაა გამოწვეული. ყველაზე ხშირად იგი მოხუც ქალბატონებში გვხვდება, რომელთაც ერთდროულად აქვთ მოშარდვის დაუძლეველი სურვილითა და დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობა. აგრეთვე, ზოგჯერ ხანში შესულ ადამიანებში შეუკავებლობის ორი ტიპი არსებობს ერთად: დაუძლეველი სურვილისა და ფუნქციური.

დიაგნოსტიკა

ექიმი გასინჯვისას, როგორც წესი, ინტერესდება, შარდის შეუკავებლობის პრობლემა არის თუ არა. წინააღმდეგ შემთხვევაში თავად ადამიანმა უნდა წამოჭრას ეს საკითხი. ექიმი შემდეგ რამდენიმე შეკითხვას დასვამს ამ მდგომარეობაზე მეტის გასაგებად. იგი იკითხავს, რამდენად ახდენს შეუკავებლობა გავლენას ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე, ჩვეულ საქმიანობებზე, რამდენი ხანია, რაც ეს პრობლემა არსებობს. ექიმმა შეიძლება სთხოვოს ადამიანს, 3 დღის მანძილზე ე.წ. შარდის ბუშტის დღიური აწარმოოს, ჩაინიშნოს როდის და როგორ მოხდა მოშარდვა. ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოსადეგი იყოს მიზეზის დასადგენად. ასევე მნიშვნელოვანია:

  • რა სიმპტომები ახლავს თან შეუკავებლობას? მაგალითად, არის თუ არა ამ დროს მოშარდვის უეცრად გაჩენილი და დაუძლეველი სურვილი? მისი გაჩენიდან დაახლოებით რამდენ ხანში ვითარდება უნებლიე შარდვა?

  • შეუკავებლობა სიცილის, ხველის, ცემინების ან წელში მოხრის დროს ხომ არ ვითარდება?

  • უნებლიე მოშარდვის შემდეგ ქვედა საცვალი ნოტიოა თუ სველი? ამის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, რა მოცულობის შარდი გამოიყოფა.

  • ამჩნევს თუ არა ადამიანი კავშირს უნებლიე შარდვასა და რაიმე მედიკამენტის, ალკოჰოლის, კოფეინის შემცველი სასმლის მიღებას შორის? საკვების ან სასმლის, წამლების მიღებისა და ძილის დროის დადგენა ეხმარება ექიმს, მიხვდეს, მოშარდვა რომელიმე მათგანთან ხომ არ არის დაკავშირებული.

  • დღეში დაახლოებით რამდენჯერ შარდავს ადამიანი და რამდენჯერ ვითარდება შეუკავებლობა ღამის განმავლობაში? თუკი შარდვა ღამით გახშირებულია, მაგრამ სიფხიზლის დროს ნაკლებია, მიზეზი შეიძლება ძილის დარღვევა იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანები იმიტომ შარდავენ, რომ ღვიძავთ და არა იმიტომ, რომ მოშარდვის სურვილი აღვიძებთ.

პრობლემის მიზეზის მისაგნებად გასინჯვაც მნიშვნელოვანია. სწორი ნაწლავიდან გასინჯვით შეიძლება დადგინდეს ადამიანს მძიმე შეკრულობა ხომ არა აქვს, შარდის ბუშტის ნერვები ხომ არაა დაზიანებული ან მამაკაცებში – წინამდებარე ჯირკვალი გადიდებული. ქალებში გინეკოლოგიური გამოკვლევით შესაძლებელია შეუკავებლობის გამომწვევი დაავადების დადგენა, მაგალითად, შარდსადენის ამომფენი გარსის ატროფიის, შარდის ბუშტის დაწევის (ცისტოცელე) და მისი ნერვების დაზიანების გამოვლენა. გასინჯვით ასევე დგინდება, მოძრაობის უნარის ან გონებრივი ფუნქციების დარღვევა ხომ არ არის შეუკავებლობის გამომწვევი.

დაძაბვის შეუკავებლობის დიაგნოზი ხშირად ჩახველების ან გაჭინთვის დროს ადამიანზე დაკვირვებით ისმება – ხომ არ ხდება უნებლიე შარდვა. ულტრასონოგრაფიული კვლევის საშუალებით შეიძლება დადგინდეს მოშარდვის მერე შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობა (ნარჩენი შარდი). ეს ბუშტში სპეციალური მილის, კათეტერის შეყვანითაც არის შესაძლებელი. დიდი რაოდენობით ნარჩენი შარდი საშარდე გზების დახშობის, შარდის ბუშტის ნერვების ან კუნთების პრობლემის მაჩვენებელია, რაც გადავსებასა და შეუკავებლობას იწვევს. ინფექციის დასადგენად შარდის ანალიზი კეთდება.

ექიმმა შესაძლოა სისხლისა და შარდის ანალიზები დანიშნოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ან საშარდე გზების ინფექციის აღმოსაჩენად. კვლევის ერთ-ერთი სახეა მოშარდვის შემდგომ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობის განსაზღვრა, რაც ულტრასონოგრაფიულად ან კათეტერის საშუალებით ხდება. ზოგჯერ სპეციფიკური კვლევებიც ინიშნება: უროდინამიკის შეფასება თავად მოშარდვის პროცესში ან ცისტოსკოპია. უროდინამიკური კვლევებით იზომება შარდის ბუშტში არსებული წნევა მის დაცლილ მდგომარეობაში და ავსებისას. შარდსადენის გავლით ბუშტში ჩადგმულ კათეტერში წყალი შეჰყავთ და პროცედურის განმავლობაში წნევას ზომავენ. ნორმაში, შარდის ბუშტში წნევა მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა იგი საკმაოდ ივსება. ზოგ ადამიანში წნევა ბიძგისებურად, სპაზმების გამო იმატებს ან ძალიან მკვეთრად იზრდება შარდის ბუშტის გავსებამდეც. ამ ცვლილებების დადგენა ეხმარება ექიმებს, შეუკავებლობის სახე და მკურნალობის საუკეთესო მეთოდი განსაზღვრონ. სპეციალური კვლევებით შეიძლება შარდის დინების სიჩქარეც გაიზომოს. ამის საშუალებით დგინდება, სადმე მისი ნაკადის შეფერხება ხომ არ არის ან შარდის ბუშტის კუნთებს ხომ შეუძლიათ საკმარისად ძლიერად შეიკუმშონ, რათა შარდი გამოიყოს სხეულიდან. დამატებით, ფასდება საშარდე სფინქტერის კუნთის ფუნქციონირება (მას ევალება, შარდი ბუშტში მოშარდვამდე შეაკავოს). სფინქტერის სისუსტემ შეიძლება გამოიწვიოს შეუკავებლობა ან დაამძიმოს იგი. ცისტოსკოპიის დროს ექიმს დრეკადი, კამერიანი მილი შეჰყავს შარდის ბუშტში და ათვალიერებს მას (კოლონოსკოპიის მსგავსად). ამ დროს შეიძლება დადგინდეს ისეთი პათოლოგიის არსებობა, რომელიც შეუკავებლობასა და მის სიმპტომებს უკავშირდება.

მკურნალობა

მკურნალობა შეუკავებლობის სახესა და მიზეზზეა დამოკიდებული. უმრავლესობაში პრობლემა განკურნებადია ან შესაძლებელია მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.

აუცილებელია პაციენტების ინფორმირება შარდის ბუშტის ფუნქციონირების, მედიკამენტებისა და სითხეების მიღების ეფექტის, მოშარდვისა და კუჭის მოქმედების რეჟიმის შესახებ. შეკრულობის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნაწლავთა გადავსება უფრო აღიზიანებს შარდის ბუშტს. მკურნალობა ხშირად საკმაოდ მარტივ ნაბიჯებს მოიცავს, მაგალითად, ყოველ 2-3 საათში ერთხელ მოშარდვას (ე.წ. რეგულარული შარდვა), რათა შარდის ბუშტი მუდმივად მეტ-ნაკლებად ცარიელი იყოს. შეიძლება კარგი ეფექტი ჰქონდეს მისი გამაღიზიანებელი სასმელების მიღების შეზღუდვასაც, მაგ. კოფეინის შემცველების. დღის განმავლობაში საჭიროა საკმარისი რაოდენობის სითხის დალევა (ადამიანთა უმრავლესობაში 6-8 ცალი 250 მლ-იანი ჭიქა), რათა შარდი მეტისმეტად კონცენტრირებული არ გახდეს, რაც გააღიზიანებს ბუშტს. შარდის ბუშტის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ეფექტის მქონე მედიკამენტები ხშირად შეიძლება მოიხსნას. ასევე, მათთვის, ვინც შარდმდენებს იღებს, მედიკამენტის დალევის დრო შეიძლება შეიცვალოს, რათა წამლის ეფექტის გამოვლენისას ადამიანი საჭირო ოთახთან ახლოს იყოს.

შეუკავებლობისთვის სპეციალურად შექმნილი საფენებისა და საცვლების გამოყენებით, ადამიანებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ კანის გაღიზიანება, შეინარჩუნონ სიმშრალე, კომფორტი და მისდიონ ცხოვრების აქტიურ წესს. ისინი შეუმჩნეველი და იოლად ხელმისაწვდომია.

საკმაოდ ეფექტური შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ვარჯიშები, მათ შორის მენჯის კუნთების (იხ. კეგელის ვარჯიში), განსაკუთრებით დაუძლეველი სურვილისა და დაძაბვის შეუკავებლობის დროს. სავარჯიშოები მოიცავს კუნთების დღეში მრავალჯერ შეკუმშვას, რათა ისინი გაძლიერდეს და საჭირო სიტუაციაში ადამიანმა შარდის შეკავება შეძლოს, მაგალითად ხველისას. მათ სწორად შესრულებას ექთანები ან სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალისტები ასწავლიან. მათ, ვისაც სავარჯიშოების სწავლა უჭირს, შესაძლოა ბიოუკუკავშირის მეთოდი დაეხმაროს. ამ დროს შარდის ბუშტის კუნთებთან ახლოს, ყითის გარეთ, დროებით ელექტროდები თავსდება. მათი მეშვეობით სიგნალები გადაეცემა კუნთებს და კუმშავს მათ. შედეგად, ადამიანები უკეთ ხვდებიან, რომელი კუნთები უნდა შეკუმშონ შარდის შესაკავებლად.

შეუკავებლობის ზოგიერთი სახის სამკურნალოდ შეიძლება მედიკამენტების გამოყენებაც. ცოტა უცნაურია, მაგრამ ამ პრობლემის გამომწვევი რამდენიმე მედიკამენტი, მაგალითად, ალფა-ადრენერგული აგონისტები, ალფა-ადრენერგული ბლოკერები და ანტიქოლინერგული ეფექტის მქონე წამლები შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდაც იხმარება. ექიმი წამალს შეუკავებლობის სახისა და ყველაზე შემაწუხებელი სიმპტომების მიხედვით არჩევს. ასე მაგალითად:

  • ალფა-ადრენერგული აგონისტები კუმშავენ შარდის ბუშტის სფინქტერს, რაც ეფექტურია დაძაბვით გამოწვეული შეუკავებლობის დროს, რომელიც სფინქტერის სისუსტით არის გამოწვეული.

  • ალფა-ადრენერგული ბლოკერები, პირიქით, ადუნებენ სფინქტერს. ეს შეიძლება ეფექტური იყოს მამაკაცებში, რომელთაც წინამდებარე ჯირკვალი აქვთ გადიდებული.

  • ანტიქოლინერგული საშუალებები შარდის ბუშტის შეკუმშვას ამცირებენ, რაც მოშარდვის დაუძლეველ სურვილს ასუსტებს და გამოსადეგია ამ სახის შეუკავებლობისთვის.

მოშარდვის დაუძლეველი სურვილით გამოწვეული შეუკავებლობის დროს შეიძლება ეფექტური იყოს შარდვა რეგულარული ინტერვალებით (შარდვა გრაფიკით), მოშარდვის სურვილის გაჩენამდე. მენჯის კუნთების კეგელის სავარჯიშოები აძლიერებს შარდის ბუშტის კუნთებს და უნებლიე შარდვის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ყველაზე ხშირად მედიკამენტებიდან ბუშტის მომადუნებელი საშუალებები ინიშნება, მაგალითად, ანტიქოლინერგული წამლები, კერძოდ, ტოლტეროდინი და ოქსიბუტინინი. ორივე მათგანის მიღება დღეში ერთხელ შეიძლება. ასევე არსებობს ოქსიბუტინინის კანზე დასაკრავი ფირფიტები, რომლებიც კვირაში ორჯერ იცვლება. მედიკამენტის შეყვანა ზოგჯერ პირდაპირ შარდის ბუშტშიც ხდება. ამ ჯგუფის უფრო ახალი წარმომადგენლებია: სოლიფენაცინი, დარიფენაცინი და ტროსპიუმი. ზედმეტად აქტიური შარდის ბუშტის კუნთების მოსადუნებლად, პირდაპირ მასში შეიძლება შეიყვანონ ბოტულიზმის ტოქსინი, რომელიც კუნთების დამბლას იწვევს. მკურნალობის ეს ხერხი ძალზე ახალია იმისთვის, რომ სტანდარტულად ინიშნებოდეს. თუმცა, როგორც სადღეისოდ არსებული შედეგები აჩვენებს, იგი 6-9 თვის მანძილზეა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მედიკამენტს შეუძლია შარდის ბუშტის გაღიზიანებადობის შემცირება და მოშარდვის ძლიერი სურვილის დაქვეითება, მათ შეიძლება გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეთ: პირის სიმშრალე, შეკრულობა, გასტროეზოფაგური რეფლუქსი და შარდის შეკავებაც კი.

დაძაბულობით გამოწვეული შეუკავებლობის დროს ეფექტურია ხოლმე ხშირი შარდვა, რათა შარდის ბუშტი არ გაივსოს და მენჯის კუნთების (კეგელის) ვარჯიში. დაძაბულობით განპირობებული შეუკავებლობის მქონე ქალებში, რომელთაც ესტროგენების ნაკლებობის გამო შარდსადენის ამომფენი გარსის გათხელება აქვთ, ექიმმა შეიძლება ესტროგენი დანიშნოს კრემის, საშოში შესაყვანი რეზინის რგოლის ან აბების სახით. ამ მკურნალობის უარყოფითი და დადებითი მხარეები დეტალურად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, საშოს კრემის, რგოლის ან აბის გამოყენებას არა აქვს იმდენი გვერდითი ეფექტი, რამდენიც ესტროგენის დალევას. სფინქტერის გამამაგრებელი სხვა საშუალებებიდან აღსანიშნავია ფსევდოეფედრინი და დულოქსეტინი. შეიძლება სპეციალური საფენების გამოყენებაც, რომელიც იწოვს დაძაბვის შეუკავებლობის დროს გამოყოფილი შარდის მცირე რაოდენობას.

შეუკავებლობის სხვა, უფრო მძიმე სახეები, რომლებიც მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება ქირურგიული გზით გამოსწორდეს. არსებობს რამდენიმე პროცედურა, რომლითაც ექიმებს შეუძლიათ შარდსადენის გარშემო არსებული ქსოვილები შეამჭიდროვონ. ზოგ ადამიანში ეფექტურია შარდსადენის გარშემო კოლაგენის შეყვანა, რომელიც მოცულობით მასას წარმოქმნის. თუკი საშარდე სფინქტერი ბოლომდე არ იკეტება, მისი ჩანაცვლება ხელოვნურით შეიძლება.

გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის ან სხვა მიზეზის გამო შარდის ბუშტის გადავსებით გამოწვეული შეუკავებლობის სამკურნალოდ, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. წინამდებარე ჯირკვლის ან მისი ნაწილის ამოსაკვეთად რამდენიმე მეთოდი არსებობს. თვეების განმავლობაში დუტასტერიდის და ფინასტერიდის მიღება წინამდებარე ჯირკვალს ზომაში ამცირებს ან აჩერებს მის ზრდას. შესაბამისად, ოპერაცია შეიძლება გადაიდოს ან სულ აღარ გახდეს საჭირო. ჯირკვლის მომადუნებელი საშუალებები – ალფუზოზინი, დოქსაზოზინი, პრაზოზინი, ტერაზოზინი და ტამსულოზინი, შარდის ბუშტს უფრო კარგად დაცლაში ეხმარება.

როცა შარდის ბუშტის გადავსება ბუშტის კუნთების სუსტი შეკუმშვითაა გამოწვეული, მედიკამენტები ხშირად ეფექტური არ არის. მუცლის ქვედა ნაწილზე, შარდის ბუშტის მიდამოში ხელებით მსუბუქად ზეწოლით იგი უფრო კარგად იცლება, განსაკუთრებით თუ პრობლემა მისი ბოლომდე დაცლაა. ზოგჯერ საჭირო ხდება შარდის ბუშტში კათეტერის ჩაყენება, რათა ნარჩენი შარდი გამოიღონ და გართულებები თავიდან აიცილონ (მაგალითად, განმეორებითი ინფექციები ან თირკმლის დაზიანება). კათეტერი შეიძლება ხანგრძლივად ჩაიდგას, ან დღეში რამდენჯერმე ჩადგან და ამოიღონ (ხანგამოშვებითი კათეტერიზაცია).

ფუნქციური შეუკავებლობის დროს მკურნალობა მოიცავს დახმარებას საჭირო ოთახის რეგულარულ გამოყენებაში. მაგალითად, პრობლემის მქონე ადამიანს შეიძლება სხვამ შეახსენოს მოშარდვა, როგორც წესი, 3-4 საათში ერთხელ, რათა შარდის ბუშტი უნებლიე შარდვის განვითარებამდე დაიცალოს. საჭირო ოთახამდე გადაადგილების გაძნელებისას შეიძლება სპეციალური ჭურჭლის ან სკამის გამოყენება. თუკი გამომწვევი მიზეზი დეპრესიაა, საჭიროა მისი მკურნალობა. შეიძლება სპეციალური საცვლებისა და საფენების გამოყენებაც, მაგრამ ადამიანი მათზე ზედმეტად დამოკიდებული არ უნდა გახდეს.