ასაკობრივი ცვლილებები (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია) | მკურნალი.გე
  1. ასაკობრივი ცვლილებები (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ასაკობრივი ცვლილებები (თირკმლებისა და საშარდე გზების ბიოლოგია)

დაბერებასთან ერთად თირკმლების მასა თანდათან მცირდება. 30-40 წლის ასაკის შემდეგ ადამიანთა ორ მესამედში, დაავადების არქონის შემთხვევაშიც კი, თირკმლებში სისხლის გაფილტვრის სიჩქარე თანდათან იკლებს, თუმცაღა, დანარჩენ ერთ მესამედში სიჩქარე უცვლელია, რაც მიუთითებს, რომ, ასაკის გარდა, სხვა ფაქტორებიც უნდა მოქმედებდეს თირკმლების ფუნქციონირებაზე.

ასაკის მატებასთან ერთად თირკმლების სისხლით მომმარაგებელი არტერიები ვიწროვდება, რაც თირკმლების ზომების შემცირებას იწვევს. გლომერულაში შემავალი მცირე ზომის არტერიების კედლები სქელდება, რაც აუარესებს დარჩენილი გლომერულების ფუნქციონირებას. ამ დანაკარგს ისიც ახლავს თან, რომ მცირდება ნეფრონების უნარი, წარმოქმნას კონცენტრირებული ან განზავებული შარდი, გამოყოს მჟავა. ამ ასაკობრივი ცვლილებების მიუხედავად, თირკმლების ფუნქციონირება საკმარისია ორგანიზმის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ეს ცვლილებები თავისთავად არ იწვევს დაავადებას, მაგრამ თირკმლების რეზერვი მცირდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოზრდილობის ასაკში ყველა ფუნქციის სათანადოდ შესრულებას ორივე თირკმლის თითქმის სრული დატვირთვით მუშაობა სჭირდება. შესაბამისად, ერთი ან ორივე თირკმლის მსუბუქმა დაზიანებამაც კი შეიძლება მათი ფუნქციის მოშლა გამოიწვიოს.

ასაკთან ერთად შარდსაწვეთები დიდად არ იცვლება, მაგრამ შარდის ბუშტისა და შარდსადენის ფუნქციონირება, თირკმლების მსგავსად, იცვლება. მცირდება შარდის მაქსიმალური რაოდენობა, რომლის დატევაც შარდის ბუშტს შეუძლია. ქვეითდება ადამიანის უნარი, მოშარდვის სურვილის პირველად გაჩენის შემდეგ დროის რაღაც მონაკვეთის განმავლობაში მოითმინოს. შარდის ბუშტიდან შარდსადენში შარდის გადადინების სიჩქარე მცირდება. სიცოცხლის განმავლობაში შარდის ბუშტის კედელში კუნთების ერთეული შეკუმშვები მუდმივია, მოშარდვის საჭიროების ან სხვა გარემოებების მიუხედავად. ახალგაზრდებში ამ შეკუმშვების დიდი ნაწილი იბლოკება ზურგის ტვინისა და თავის ტვინის მიერ, მაგრამ ასაკთან ერთად არაკონტროლირებადი, დაუბლოკავი შეკუმშვების რიცხვი იზრდება. იმავდროულად იზრდება მოშარდვის შემდეგ შარდის ბუშტში დარჩენილი შარდის რაოდენობა (ნარჩენი შარდი). ქალებში შარდსადენი მოკლდება და მისი ამომფენი გარსი თხელდება. ამ ცვლილებების გამო სფინქტერი (შარდის ბუშტის ჩამკეტი) კარგად ვეღარ იხურება. მიზეზი, როგორც ჩანს, მენოპაუზის დროს ქალის ორგანიზმში ესტროგენების შემცველობის დაქვეითებაა.

კაცებში, ასაკთან ერთად, წინამდებარე ჯირკვალიც იზრდება ზომაში და ხელს უშლის შარდის დინებას.