1. თირკმლების მწვავე უკმარისობა
  2. თირკმლების უკმარისობა
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლების მწვავე უკმარისობა

თირკმლების მწვავე უკმარისობა თირკმლების მიერ მეტაბოლიზმის ნარჩენი პროდუქტებისგან სისხლის გაწმენდის უნარის სწრაფი, დღეების და კვირების განმავლობაში, დაქვეითებაა.

  • მიზეზები შეიძლება იყოს დაავადებები, რომლებიც იწვევს: თირკმლების სისხლით მომარაგების დარღვევას, თავად თირკმლების დაზიანებას, შარდის თირკმლებიდან გადინების შეფერხებას ან შეწყვეტას;

  • სიმპტომებიდან აღსანიშნავია: შეშუპება, გულისრევა, დაღლილობის შეგრძნება, ქავილი და სუნთქვის გაძნელება ძირითადი, უკმარისობის გამომწვევი, დაავადების სიმპტომებთან ერთად;

  • სერიოზული გართულებებია: გულის უკმარისობა და სისხლში კალიუმის მაღალი დონე;

  • დიაგნოზი ეფუძნება სისხლის, შარდის ანალიზებს და გამოსახულებითი კვლევების შედეგებს;

  • მკურნალობა მოიცავს გამომწვევი მიზეზის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, ზოგჯერ დიალიზს.

თირკმლების მწვავე უკმარისობა შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მდგომარეობამ, რომელიც თირკმლებისთვის სისხლის მიწოდების დაქვეითებას იწვევს; ნებისმიერმა დაავადებამ, რომელიც თავად თირკმლებს აზიანებს, საშარდე გზების ნებისმიერი ნაწილის დახშობის გამო შარდის დინების შეწყვეტამ. ხშირად თირკმლების მწვავე უკმარისობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. თირკმლების უკმარისობისას ორივე თირკმელია დაზიანებული.

სიმპტომები

სიმპტომები დამოკიდებულია თირკმლების უკმარისობის სიმძიმეზე, მისი გაღრმავების სიჩქარესა და გამომწვევ მიზეზზე.

ზოგჯერ თირკმლების მწვავე უკმარისობის პირველი ნიშანი ორგანიზმში წყლის შეკავებაა, რაც ტერფებისა და კოჭების შეშუპებას, სახისა და მტევნების შესივებას იწვევს. შარდმა შესაძლოა კოკა-კოლის ფერი მიიღოს და ეს რამდენიმე დაავადებაზე მიანიშნებს. დღიურად შარდის გამოყოფილი რაოდენობა (რომელიც ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანში 750 მლ-დან 2 ლიტრამდეა) მცირდება 500 მილილიტრზე ქვემოთ ან შარდი საერთოდ აღარ გამოიყოფა. გამოყოფილი შარდის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ოლიგურია ეწოდება, შარდის გამოყოფის სრულ შეწყვეტას კი – ანურია. თუმცა, ზოგჯერ თირკმლების მწვავე უკმარისობისას გამოყოფილი შარდის რაოდენობა ნორმალურია.

თირკმლების ფუნქციის დარღვევა ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტების დაგროვებას იწვევს, რის გამოც ადამიანი უჩივის საერთო სისუსტეს, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას, უმადობას, გულისრევას და გავრცელებულ ქავილს (პრურიტუსი). ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია) და გაბრუება.

თუ მიზეზი საშარდე გზების ობსტრუქციაა (დახშობა), შარდი უკან ბრუნდება თირკმლებში, იქ გროვდება და მათ გაფართოებას – ჰიდრონეფროზს – იწვევს. ამ პაციენტებს ხშირად აქვთ მუდმივი, ყრუ ხასიათის ტკივილი წელის არეში, ქვედა ნეკნების დონეზე. წელის ტკივილი შეიძლება ჭვალისმაგვარი, საშუალო სიმძიმის ან აუტანელიც კი იყოს. ჰიდრონეფროზის მქონე ზოგ ადამიანს სისხლიანი შარდვა აქვს. თუკი ობსტრუქცია შარდის ბუშტის ქვემოთაა, ბუშტი გადაივსება და ზომაში მოიმატებს. თუ მისი გაფართოება სწრაფად მოხდა, პაციენტი ძლიერ ტკივილს გრძნობს მენჯის არეში, ბოქვენის ძვლის ზემოთ. თუ ბუშტი თანდათან გადაივსო ტკივილი მსუბუქია, მაგრამ მუცლის ქვედა ნაწილი გამოიბერება ბუშტის გადიდების გამო.

თუ თირკმლების მწვავე უკმარისობა განუვითარდა პაციენტს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სავარაუდოა, რომ მიზეზი უახლოეს წარსულში ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, მედიკამენტი ან ესა თუ ის დაავადებაა, მაგალითად, ინფექცია. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გამომწვევი დაავადების სიმპტომები იყოს წინა პლანზე წამოწეული. მაგალითად, მაღალი ტემპერატურა, სისხლის წნევის სიცოცხლისთვის საშიში დაქვეითება (შოკი), გულისა და ღვიძლის უკმარისობის სიმპტომები შესაძლოა წინ უსწრებდეს თირკმლების უკმარისობის გამოვლენას, უფრო ნათლად იყოს გამოხატული და გადაუდებელ დახმარებას მოითხოვდეს.

თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი ზოგიერთი დაავადება სხეულის სხვა ნაწილებსაც აზიანებს. მაგალითად, გუდპასჩერის სინდრომის ან ვეგენერის გრანულომატოზის დროს როგორც თირკმლების, ისე ფილტვების სისხლძარღვები ზიანდება და შესაძლოა ხველა, ზოგჯერ სისხლნარევი ნახველი აღინიშნოს. ხანდახან გამომწვევი მიზეზი სპეციფიკური გამონაყრით გამოვლინდება, მაგლითად, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა, ტოქსიკური წამლის მიღება.

დიაგნოზი

დიაგნოზი ეფუძნება სისხლში კრეატინინისა და შარდოვანას რაოდენობის განსაზღვრის შედეგებს. კრეატინინის დონის ყოველდღიური, თანდათანობითი მატება თირკმლების მწვავე უკმარისობის დამადასტურებელი ნიშანია. გარდა ამისა, მისი დონე თირკმლების უკმარისობის სიმძიმისა და ხარისხის საუკეთესო მაჩვენებელია. რაც უფრო მაღალია სისხლში კრეატინინის დონე, მით უფრო მკვეთრად არის დარღვეული თირკმლების ფუნქციები. სისხლის ანალიზებში ამ მდგომარეობის თანმდევი სხვა დარღვევებიც შეიძლება გამოჩნდეს. ასეთებია: სისხლის მჟავიანობის გაზრდა (აციდოზი, რაც ნატრიუმის ბიკარბონატის დონის დაქვეითებას იწვევს), კალიუმის სიჭარბე (ჰიპერკალემია), ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპონატრიემია), ფოსფორის მაღალი დონე (ჰიპერფოსფატემია).

დიაგნოზისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური გასინჯვის შედეგებიც. მაგალითად, გადიდებული და მტკივნეული თირკმლები ობსტრუქციისა და ჰიდრონეფროზის არსებობას ადასტურებს. შარდის ანალიზების, სახელდობრ, შარდის საერთო ანალიზის, შარდში ელექტროლიტების რაოდენობის განსაზღვრის შედეგები ეხმარება ექიმს ამოიცნოს უკმარისობის მიზეზი – თირკმლების სისხლით მომარაგების დაქვეითება, თირკმლების დაზიანება თუ შარდის გამომტანი გზების ობსტრუქცია.

ზოგჯერ კვლევის გამოსახულებითი მეთოდები – ულტრასონოგრაფია ან კომპიუტერული ტომოგრაფიაც გამოსადეგია ჰიდრონეფროზის ან გადიდებული შარდის ბუშტის ამოცნობისთვის. მათი მეშვეობით თირკმლების ზუსტი ზომის განსაზღვრა არის შესაძლებელი. ამ ორგანოების სისხლძარღვების, არტერიებისა და ვენების კვლევა (ანგიოგრაფია) მაშინ ტარდება, როცა რომელიმე მათგანის დახშობაა საეჭვო. თუმცა, იმის გამო, რომ ანგიოგრაფია მოითხოვს იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების გამოყენებას, რომელმაც თავად შეიძლება თირკმლები დააზიანოს, ამ მეთოდს იმ შემთხვევებში მიმართავენ, როდესაც სხვა კვლევის მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც ინფორმაციული შეიძლება იყოს, თუმცა, დღეს ის ნაკლებად გამოიყენება, რადგან ამ კვლევისთვის სპეციფიკური ნივთიერების, გადოლინიუმის შეყვანაა საჭირო. ეს უკანასკნელი, მართალია იშვიათად, იწვევს ორგანიზმში ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას (თირკმლისმიერი ფიბროზული დერმოპათია). თუ სხვა კვლევებით ვერ ხერხდება თირკმლების უკმარისობის მიზეზის დადგენა, შესაძლოა ბიოფსია გახდეს საჭირო დიაგნოზის დადგენისა და პროგნოზის განსაზღვრისთვის.

პროგნოზი

თირკმლების მწვავე უკმარისობა და მისი თანმდევი გართულებები, როგორიცაა წყლის შეკავება, სისხლის მაღალი მჟავიანობა, სისხლში კალიუმისა და შარდოვანას სიჭარბე, მკურნალობას ექვემდებარება, გადარჩენის მაჩვენებელი 60%-ს აღწევს. იმავდროულად სხვა რამდენიმე ორგანოს უკმარისობის შემთხვევაში ეს რიცხვი 50%-ზე ნაკლებია. თუ თირკმლების უკმარისობის მიზეზია ორგანიზმში ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება ამა თუ იმ მიზეზით სითხეების დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო (სისხლდენა, ღებინება, ფაღარათი), გადარჩენის მაჩვენებელი 90%-ზე მეტია, რამეთუ მოხსენიებული მდგომარეობების მკურნალობა შესაძლებელია.

მკურნალობა

თირკმლების მწვავე უკმარისობის გამომწვევი ნებისმიერი განკურნებადი მიზეზი სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. მაგალითად, ობსტრუქციის დროს კათეტერის ჩაყენება შარდის ბუშტში, ენდოსკოპია ან ქირურგიული ჩარევა შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ხშირად, სპონტანური (თავისთავად, ჩარევის გარეშე) განკურნებაა შესაძლებელი, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ უკმარისობა 5 დღეზე უფრო მეტხანს არ გაგრძელდა და არ გართულდა რაიმე დამატებითი გარემოებით, მაგალითად ინფექციით. თუმცაღა, მითითებული დროის განმავლობაში მაინც აუცილებელია სამკურნალო ღონისძიებების კომპლექსი მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. სახელდობრ, საჭიროა:

  • ზოგიერთი მედიკამენტის მიღების შეზღუდვა;

  • სითხეების, საკვებში ნატრიუმისა და კალიუმის რაოდენობის შეზღუდვა;

  • კარგი კვება;

  • მედიკამენტებით მკურნალობა, თუ სისხლში კალიუმის ან ფოსფორის დონე ძალიან მაღალია;

  • დიალიზი.

მკაცრად უნდა შეიზღუდოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებსაც თირკმლები გამოჰყოფს, მათ შორის ბევრი მედიკამენტის, სუფრის მარილის (ნატრიუმი), კალიუმის შემცველი საკვების. დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორგანიზმიდან გამოყოფილ მოცულობას. ეს არ ეხება იმ შემთხვევებს, როცა თირკმლებისთვის სისხლის მიწოდებაა დარღვეული. აწონა საჭიროა ყოველდღიურად, ვინაიდან სხეულის წონა ორგანიზმში სითხის დაგროვების ან მისი დაკარგვის კარგი მაჩვენებელია.

თუ პაციენტის მდგომარეობა იძლევა საშუალებას, კვება ჯანსაღი უნდა იყოს. ამასთან, საკვებში ცილის საშუალო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 0,8-1 გრამს სხეულის მასის ერთ კილოგრამზე.

სისხლში კალიუმის მაღალი დონის სამკურნალოდ ნატრიუმის პოლისტერინ სულფონატი ინიშნება დასალევად ან სანთლის სახით. ფოსფორის დონის მომატებისას კალციუმის მარილები (კალციუმის კარბონატი, აცეტატი) ან სევალამერი გამოიყენება დასალევად.

ობსტრუქციით გამოწვეული თირკმლების მწვავე უკმარისობის გამოჯანმრთელების ფაზაში სითხეები არ იზღუდება. ამ დროს თირკმლები ჯერ კიდევ ვერ ახერხებს წყლისა და ნატრიუმის საკმარისი რაოდენობით უკუშეწოვას და ამიტომ, ობსტრუქციის მოხსნის შემდეგ, რაღაც პერიოდის განმავლობაში დიდი რაოდენობით შარდი გამოიყოფა. ამ დროს მიზანშეწონილია დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების – ნატრიუმის, კალიუმისა და მაგნიუმის – ჩანაცვლება.

თირკმლების მწვავე უკმარისობა შეიძლება გახანგრძლივდეს და საჭირო გახდეს ორგანიზმიდან ნარჩენი პროდუქტებისა და წყლის ხელოვნურად მოცილება, რაც დიალიზის, სახელდობრ – ჰემოდიალიზის მეშვეობით ხდება. თუ სავარაუდოა, რომ თირკმლების უკმარისობა დიდხანს გაგრძელდება, დიალიზი დიაგნოზის დასმიდან უახლოეს პერიოდში იწყება. ის შეიძლება მხოლოდ დროებით გახდეს საჭირო, მანამ, სანამ თირკმლების ფუნქცია არ აღდგება – რამდენიმე დღე ან კვირა. თუ ეს ორგანოები ისე დაზიანდა, რომ მდგომარეობა ვეღარ გამოსწორდება, თირკმლების მწვავე უკმარისობა ქრონიკული ხდება.