საშარდე გზების დახშობა | მკურნალი.გე
  1. საშარდე გზების დახშობა
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
საშარდე გზების დახშობა

საშარდე გზების ნებისმიერ ადგილას დახშობამ – დაწყებული თირკმლებიდან, სადაც შარდი წარმოიქმნება, დამთავრებული შარდსადენით, საიდანაც შარდი სხეულიდან გამოიყოფა – მასში წნევის გაზრდა და შარდის დინების შენელება შეიძლება გამოიწვიოს. დახშობა ანუ ობსტრუქცია შესაძლოა უეცრად ან თანდათანობით, დღეების, კვირების, თვეების მანძილზე განვითარდეს. იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ან სრული.

საშარდე გზების ობსტრუქციამ შესაძლოა თირკმლების გაფართოება გამოიწვიოს, რაც აზიანებს მათ. თუკი პრობლემა სწრაფად მოიხსნა, თირკმლები მძიმედ არ ზიანდება, მაგრამ ზოგჯერ მძიმე და გამოუსწორებელი ცვლილებებიც ვითარდება, რასაც საბოლოოდ თირკმლის ფუნქციის დარღვევა – თირკმლის უკმარისობა მოსდევს. ობსტრუქციამ, აგრეთვე, შეიძლება კენჭების წარმოქმნა და საშარდე გზების ინფექცია გამოიწვიოს. დახშობის დროს გზებში მოხვედრილი ბაქტერიები გარეთ არ გამოირეცხება, რადგან შარდის დინება დარღვეულია. შედეგად, ინფექცია ვითარდება.