ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი | მკურნალი.გე
  1. ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი
  2. ფილტრაციის დარღვევები თირკმელში
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი თირკმლების მილაკებისა და მათი მიმდებარე ქსოვილის (ინტერსტიციუმი) ანთებაა.

  • ის შეიძლება თირკმლების დამაზიანებელი დაავადებებით, მედიკამენტებით ან ტოქსინებით იყოს გამოწვეული;

  • სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მტკივნეული შარდვა, წელის ან გვერდის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი;

  • თირკმლების დაზიანების დასადგენად სისხლისა და შარდის ანალიზები ტარდება;

  • მავნე ნივთიერებებისა და ტოქსინების მიღების შეწყვეტამ, გამომწვევი დაავადების მკურნალობამ შესაძლოა გააუმჯობესოს თირკმლების ფუნქცია.

ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი შეიძლება მწვავე ან ქრონიკული იყოს, ის ხშირად იწვევს თირკმლების უკმარისობას. ბევრი დაავადება, ნივთიერება, ტოქსინი ან დასხივება შეიძლება გახდეს მისი განვითარების მიზეზი. მილაკების დაზიანება სისხლში ელექტროლიტების შემცველობას ცვლის ან თირკმლების მიერ შარდის კონცენტრირების უნარს აქვეითებს. მილაკები ორი ნაწილისგან შედგება: დისტალური და პროქსიმალური. როცა პროქსიმალური მილაკი ზიანდება, ნატრიუმის, კალიუმის, ბიკარბონატის, შარდმჟავას და ფოსფორის უკუშეწოვა სისხლში ირღვევა და მათი ნაკლებობა ვითარდება. დისტალური მილაკის დაზიანება თირკმლების მიერ შარდის კონცენტრირების უნარს აქვეითებს და შარდის მომეტებული რაოდენობა გამოიყოფა (პოლიურია).

მიზეზები

მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის ყველაზე ხშირი მიზეზი წამალზე ალერგიული რეაქციაა. ის შეიძლება გამოიწვიოს ანტიბიოტიკებმა, მაგალითად პენიცილინმა, სულფონამიდებმა, შარდმდენებმა და არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (აასს) – მათ შორის ასპირინმა. დროის შუალედი ალერგენის ორგანიზმში მოხვედრიდან მწვავე ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის განვითარებამდე 5 დღიდან 5 კვირამდეა.

მედიკამენტებს ამ დაავადების გამოწვევა არაალერგიული მექანიზმითაც შეუძლია. მაგალითად, აასს-ები თანდათან აზიანებენ ქსოვილებს და ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი დაახლოებით 18 თვეში ვითარდება.

თირკმლების ინფექციამ (პიელონეფრიტი) ასევე შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ან ქრონიკული ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი. თირკმლების უკმარისობის განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, თუ საშარდე გზები არ დაიხშო ან პიელონეფრიტი ორივე თირკმელში არ განვითარდა.

სიმპტომები და დიაგნოზი

ზოგ პაციენტს სიმპტომები მცირედ აქვს გამოხატული ან სულაც არაფერი აწუხებს. სხვა შემთხვევაში სიმპტომები მრავალფეროვანია და უეცრად ან თანდათან გამოვლინდება ხოლმე.

უეცრად განვითარებული ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის დროს შარდის რაოდენობა შესაძლოა ნორმალური ან შემცირებული იყოს. ზოგ ადამიანს პიელონეფრიტის სიმპტომები გამოაჩნდება: მაღალი ტემპერატურა, ტკივილი შარდვისას, ჩირქი შარდში, წელისა და გვერდის ტკივილი. თუ მიზეზი ალერგიული რეაქციაა, შეიძლება მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი აღინიშნოს.

როცა ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი თანდათან ვითარდება, პირველად თირკმლების უკმარისობის სიმპტომები ვლინდება: ქავილი, საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევა, ღებინება, სუნთქვის გაძნელება. დაავადების საწყის სტადიაზე არტერიული წნევა ნორმალურია ან ოდნავ მომატებული. გამოყოფილი შარდის მოცულობა შეიძლება გაზრდილი იყოს.

ანალიზების შედეგები თირკმლების უკმარისობას ადასტურებს, სახელდობრ, ნარჩენი ნივთიერებების დონე სისხლში მომატებულია, აღინიშნება მეტაბოლური აციდოზი, ჰიპოკალიემია, ჰიპოურიკემია ან ჰიპოფოსფატემია. ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის დიაგნოსტიკის ერთადერთი სარწმუნო საშუალებაა თირკმლის ბიოფსია, თუმცა იგი იშვიათად ტარდება. კვლევის ამ მეთოდს ძირითადად მაშინ მიმართავენ, როცა მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება ან ექიმი კორტიკოსტეროიდების დანიშვნას გეგმავს.

როცა ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი უეცრად ვითარდება, შარდში შეიძლება თითქმის არ იყოს ცვლილებები, ცილა ან ჩირქი მხოლოდ ნაკვალევის სახით ვლინდებოდეს, მაგრამ უხშირესად ცვლილებები, ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული, გამოხატულია. სახელდობრ, შარდში დიდი რაოდენობითაა სისხლის თეთრი უჯრედები, მათ შორის ეოზინოფილები. საერთოდ ეს უჯრედები შარდში იშვიათად თუ აღმოჩნდება ხოლმე და მათი არსებობა ალერგიული რეაქციით გამოწვეული ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტის დიაგნოზს ადასტურებს. ეოზინოფილების რაოდენობა შეიძლება სისხლშიც იყოს მომატებული.

როცა ალერგიაა მიზეზი, თირკმლები, როგორც წესი, გადიდებულია ანთების გამო, რაც რენტგენით ან ულტრასონოგრაფიულად დასტურდება.

პროგნოზი და მკურნალობა

გამომწვევი დაავადების მკურნალობის ან მედიკამენტის მოხსნის შედეგად, როგორც წესი, თირკმლების ფუნქცია აღდგება, თუმცა ნაწიბუროვანი ქსოვილი რაღაც მოცულობით მაინც წარმოიქმნება. ალერგიული რეაქციით გამოწვეული დაავადებისას კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა აჩქარებს თირკმლების ფუნქციონირების აღდგენას. თუ მდგომარეობა გაუარესდა და თირკმლების უკმარისობა განვითარდა, დიალიზის დაწყებაა საჭირო. ზოგჯერ ზიანი შეუქცევადია და თირკმლების უკმარისობა ქრონიკული ხდება.

როცა ანთება თანდათან ვითარდება, თირკმლების სხვადასხვა ნაწილი ეტაპობრივად ზიანდება და დამახასიათებელი ცვლილებებიც შესაბამისი მიმდევრობით ვითარდება. თუმცაღა, თირკმლების დაზიანება ხშირად ღრმავდება, მთელ ორგანოს ან მის დიდ ნაწილს მოიცავს და შეუქცევადი ხდება. ეს პროცესი, გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის საჭიროებით სრულდება.