თირკმლის ათეროემბოლიური დაავადება | მკურნალი.გე
  1. თირკმლის ათეროემბოლიური დაავადება
  2. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლის ათეროემბოლიური დაავადება

ამ დაავადების დროს ცხიმოვანი ნაწილაკები (ათეროემბოლები) სისხლით თირკმლების არტერიების უწვრილეს ტოტებში მიიტანება, ახშობს მათ და თირკმლების უკმარისობას იწვევს.

  • როგორც წესი, ათეროემბოლია ათეროსკლეროზით დაზიანებულ აორტაზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის ან სხვა რომელიმე პროცედურის გართულებაა.

  • შესაძლოა აღინიშნოს თირკმლების უკმარისობის სიმპტომები, აგრეთვე, ფეხის თითების გალურჯება, ტერფების და ფეხების კანის ბადისებრად, მოიისფროდ შეფერვა.

  • დიაგნოზის დასადასტურებლად თირკმლის ქსოვილის ნიმუშის აღება და კვლევა (ბიოფსია) შეიძლება გახდეს საჭირო.

ზოგჯერ სისხლძარღვების (ხშირად აორტის) გამკვრივებულ, ათეროსკლეროზით დაზიანებულ კედლებზე უმცირესი ცხიმოვანი ნაწილაკებია მიმაგრებული, რომლებიც კედელს მოწყდება ხოლმე და სისხლის ნაკადს მიჰყვება. ასეთ ნაწილაკს ემბოლია (ათეროემბოლია) ეწოდება. ზოგი ემბოლია თირკმლის არტერიების უწვრილეს ტოტებში ხვდება, ახშობს მათ, რაც ორგანოს შესაბამისი ნაწილისთვის სისხლის მიწოდებას აფერხებს. როგორც წესი, ეს ორივე თირკმელში ერთდროულად და დაახლოებით თანაბრად ხდება.

აორტის მძიმე ათეროსკლეროზის დროს ცხიმოვანი ნაწილაკები შეიძლება, სპონტანურად, ყოველგვარი ჩარევის გარეშე მოწყდეს კედელს, მაგრამ უფრო ხშირად ეს აორტაზე ჩატარებული ქირურგიული პროცედურის, ანგიოპლასტიკის ან გამოსახულებითი კვლევის (მაგალითად, არტერიოგრაფია) დროს ხდება. თირკმლის ათეროემბოლიური დაავადება უფრო ხშირად მოხუცების ხვედრია.

სიმპტომები

თირკმლის ათეროემბოლიური დაავადება ხშირად თირკმლების მწვავე ან ნელა მოპროგრესირე უკმარისობას იწვევს. თუ არტერიების დაცობა აორტაზე ქირურგიული ჩარევის ან გამოსახულებითი კვლევის ჩატარების შედეგია, თირკმლების უკმარისობა უეცრად, სწრაფად ვითარდება. შარდის მოცულობა ამ დროს ხშირად შემცირებულია. უკმარისობის ხანგრძლივობისა და სიმძიმის მატებასთან ერთად, სხვადასხვა სიმპტომი იჩენს თავს: საერთო სისუსტე, გულისრევა, უმადობა, ქავილი და კონცენტრირების უნარის დაქვეითება. თირკმლების უკმარისობა კუნთების, ტვინის, ნერვების, გულის, საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კანის დაზიანებასაც იწვევს, რაც შესაბამისი სიმპტომებით ვლინდება.

ათეროემბოლიამ შეიძლება სხვა ორგანოებიც დააზიანოს. თუ ცხიმოვანი ნაწილაკები ქვედა კიდურების სისხლძარღვებში მოხვდა, შეიძლება ფეხის თითები გალურჯდეს, კანის ბადისებრი, მოიისფერო შეფერილობა ან განგრენაც კი განვითარდეს. ათეროემბოლიის თვალის სისხლძარღვებში მოხვედრამ შესაძლოა მხედველობის უეცარი დაკარგვა გამოიწვიოს.

დიაგნოზი

ზოგჯერ მსგავს სიმპტომებს თირკმლის არტერიის დახშობაც იწვევს, რაც გამოსახულებითი კვლევის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს ან გამოირიცხოს. თირკმლების ათეროემბოლიური დაავადების სადიაგნოზოდ ყველაზე ზუსტი მეთოდი თირკმლის ბიოფსიაა. ქსოვილის ნიმუშის მიკროსკოპით გამოკვლევისას თვალსაჩინო ხდება, რომ უწვრილეს არტერიებში ცხიმოვანი ნაწილაკებია. კანის ან კუნთების ქსოვილის ნიმუშების კვლევამაც შეიძლება დაადასტუროს დიაგნოზი.

პროგნოზი და მკურნალობა

წარსულში თირკმლის ათეროემბოლიური დაავადების მქონე ადამიანები რამდენიმე კვირაში ან თვეში იღუპებოდნენ. ბოლო ხანებში მკურნალობის მეთოდები გაუმჯობესდა. პაციენტების უმრავლესობა ერთი წელი მაინც ცოცხლობს, ხოლო მათი ნახევარი – 4 წელს და მეტ ხანს. მკურნალობის მიზანია სიმპტომების მაქსიმალური შემსუბუქება, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის დაქვეითება. თირკმლების უკმარისობისას დიალიზია საჭირო. ზოგჯერ თირკმლების ფუნქცია აღდგება ხოლმე.