თირკმლის ქერქის ნეკროზი ამ ორგანოს გარეთა შრის (ქერქის) ქსოვილის მკვებავი არტერიების დახშობით გამოწვეული კვდომაა (ნეკროზი). ეს კი, თავის მხრივ, თირკმლების მწვავე უკმარისობას იწვევს.
თირკმლის ქერქის ნეკროზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. შემთხვევათა 10%-ში იგი ახალშობილებსა და ბავშვებში გვხვდება. ამ დაავადების მქონე ახალშობილთა ნახევარზე მეტი პლაცენტის ნაადრევი აცლით გართულებული მშობიარობისას იბადება. შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზია სისხლის ბაქტერიული ინფექცია (სეფსისი). ბავშვებში თირკმლის ქერქის ნეკროზი შეიძლება მოჰყვეს რომელიმე მძიმე ინფექციას, მკვეთრ გაუწყლოებას, შოკს ან ჰემოლიზურ-ურემიულ სინდრომს.
მოზრდილებში ამ დაავადების შემთხვევათა ერთ მესამედს სეფსისი იწვევს. სხვა მიზეზებია: ორგანიზმის მიერ გადანერგილი თირკმლის მოცილება, დამწვრობა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ტრავმა, გველის ნაკბენი, ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება და ზოგი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლა.
ქალებში შემთხვევათა ნახევარი ორსულობის გართულებების შედეგია, სახელდობრ, პლაცენტის ნაადრევი აცლის ან პათოლოგიური მიმაგრების, საშვილოსნოდან სისხლდენის, მშობიარობის შემდგომი ინფექციის, სანაყოფე სითხით არტერიების დახშობის, ნაყოფის საშვილოსნოში სიკვდილის ან პრეეკლამფსიის.
ხშირად შარდს მასში არსებული სისხლი მოწითალოდ ან მუქ ყავისფრად შეფერავს. შესაძლოა გამოვლინდეს ტკივილიც ორივე გვერდში ან წელის არეში, მაღალი ტემპერატურა. ხშირია არტერიული წნევის ცვლილებები, მისი მცირედ მომატება ან დაქვეითება. შარდის გამოყოფა შესაძლოა შემცირდეს ან შეწყდეს.
თირკმლის ქერქის ნეკროზის დიაგნოზი რთულია, რადგან კლინიკური სურათი წააგავს სხვა მიზეზებით გამოწვეული თირკმლების მწვავე უკმარისობის დროს არსებულს. სიმპტომების შეფასებისას ექიმმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს ამ დაავადებაზე, განსაკუთრებით მისი განვითარების მაღალი ალბათობის მქონე პირებში. დიაგნოზი დასტურდება გამოსახულებითი კვლევებით, მაგალითად, კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ანგიოგრაფიით. ყველაზე ზუსტი მეთოდი თირკმლის ბიოფსიაა, მაგრამ თუ დიაგნოზი ნათელია, ამ დროს თირკმლის ქსოვილის ნიმუშის აღება საჭირო აღარ არის. შესაბამისად, ეს კვლევა პაციენტების უმრავლესობას არ უტარდება.
სისხლის ანალიზში შეიძლება აღმოჩნდეს დეფორმირებული წითელი უჯრედები. გამოყოფილი შარდის მოცულობა შემცირებულია, შარდში მცირე რაოდენობით არის ცილა, ჭარბად – სისხლის თეთრი და წითელი უჯრედები, თირკმლის უჯრედები.
უკანასკნელ ხანებში მკურნალობის მეთოდებთან ერთად პროგნოზიც გაუმჯობესდა. პაციენტების 80% ერთ წელზე მეტხანს ცოცხლობს, თუმცა უმრავლესობას მუდმივი დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა ესაჭიროება.
მკურნალობის მიზანია პაციენტის მდგომარეობის მაქსიმალურად შემსუბუქება ინტრავენურად სითხეებისა და სისხლის გადასხმით, ანტიბიოტიკებით, დიალიზით ან მოხსენიებულთა კომბინაციით.