ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზი | მკურნალი.გე
  1. ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზი
  2. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზი

ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზის დროს ძალიან მაღალი არტერიული წნევა (ავთვისებიანი ჰიპერტენზია) თირკმლების უწვრილეს არტერიებს აზიანებს, რაც სწრაფად პროგრესირებადი თირკმლების უკმარისობას იწვევს.

  • მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება მოკლე ხანში დააზიანოს ორგანოები, მათ შორის თირკმლები.

  • შესაძლოა თავის ტკივილი, აგზნებულობა, მხედველობის დაბინდვა, ცნობიერების დაბინდვა, გულისრევა და ძილიანობა.

  • დიაგნოზი სიმპტომებს, სისხლისა და შარდის ანალიზის შედეგებს ეფუძნება.

  • არტერიული წნევა სწრაფად ეცემა, შესაძლოა დიალიზი გახდეს საჭირო.

ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზი მაღალი არტერიული წნევის მქონე 200 ადამიანიდან ერთს ემართება, შავკანიანებს შორის უფრო ხშირია. ეს დაავადება მამაკაცებში უფრო ხშირად 40-60 წლის ასაკში გვხვდება, ხოლო ქალებში – 30 წლის ფარგლებში.

მაღალმა არტერიულმა წნევამ (ჰიპერტენზიამ) მრავალი ორგანო შეიძლება დააზიანოს. თუმცა, როგორც წესი, ამას თვეები ან წლები სჭირდება. ავთვისებიანი ჰიპერტენზიის დროს დაზიანება საათების ან დღეების განმავლობაში ვითარდება. სწორედ ამიტომ და არა კიბოსთან რაიმე კავშირის გამოა ის წოდებული ავთვისებიანად. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ცუდად ნამკურნალები მაღალი არტერიული წნევის დროს ვითარდება. მისი გამოწვევა სხვა დაავადებებსაც შეუძლია: გლომერულონეფრიტს, თირკმლების ქრონიკულ უკმარისობას, თირკმლების სისხლძარღვების ანთებას (ვასკულიტი) ან, იშვიათად, ჰორმონული ბალანსის დარღვევას, მაგალითად ფეოქრომოციტომას, პირველად ალდოსტერონიზმს ან კუშინგის სინდრომს.

სიმპტომები

საწყის სიმპტომებს იწვევს მაღალი არტერიული წნევის ტვინზე, თვალებსა და გულზე ზემოქმედება. ტვინისა და თვალის ქსოვილის შეშუპება აგზნებულობას, მხედველობის დაბინდვას, თავის ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ძილიანობასა და ცნობიერების დაბინდვას განაპირობებს. თუ შეშუპება ძალიან მძიმეა ან ტვინში სისხლი ჩაიქცა, შეიძლება კომა და გულყრებიც განვითარდეს. გულის უკმარისობა სუნთქვას აძნელებს. თირკმლების დაზიანების შედეგად, დროთა განმავლობაში, მათი უკმარისობის სიმპტომებიც იჩენს თავს: დაღლილობა, საერთო სისუსტე და ქავილი.

დიაგნოსტიკა

იმ ადამიანებში, რომელთაც ავთვისებიან ჰიპერტენზიასთან ერთად თირკმლის უკმარისობის სიმპტომები აქვთ (ან ეს ანალიზებით დასტურდება), სავარაუდოა ავთვისებიანი ჰიპერტენზიული ნეფროსკლეროზის არსებობა. თვალის ფსკერის ოფთალმოსკოპით დათვალიერებისას ექიმმა შესაძლოა სისხლმდენი ადგილები, დაგროვებული სითხე და მხედველობის ნერვის შეშუპება დაინახოს. შეიძლება ასევე დადგინდეს გულის გადიდება, მისი გადაძაბვა ან უკმარისობა. თვალსა და გულში აღმოჩენილი ეს ცვლილებები ავთვისებიანი ჰიპერტენზიის დამადასტურებელია. სისხლის ანალიზით ვლინდება კრეატინინისა და შარდოვანას მაღალი დონე, რაც თირკმლების უკმარისობის ნიშანია. შარდში შეიძლება იყოს თირკმლებიდან გამოჟონილი ცილა ან სისხლის თეთრი უჯრედები. სისხლის წითელი უჯრედების დაშლა და არასაკმარისი წარმოქმნა ანემიას იწვევს. ხშირია სისხლძარღვებში სისხლის გავრცელებული შედედებაც (დისემინირებული სისხლძარღვშიგა შედედება). არტერიული წნევის მარეგულირებელი ჰორმონების (რენინისა და ალდოსტერონის) დონე ძალიან მაღალია.

პროგნოზი

მკურნალობის გარეშე ავთვისებიანი ნეფროსკლეროზის მქონე ადამიანთა 40-50% ერთ წელიწადში იღუპება. თუმცაღა, მაღალი დონის სამედიცინო დახმარებით, არტერიული წნევის ადეკვატური კონტროლით, დიეტითა და მედიკამენტებით, თირკმლების უკმარისობის მკურნალობით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 12 წლამდე იზრდება. რაც უფრო მსუბუქია თირკმლების უკმარისობა, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა.

მკურნალობა

სამკურნალოდ გამოიყენება არტერიული წნევის დამაქვეითებელი მედიკამენტები. ამისთვის ცხოვრების წესის შეცვლა (დიეტა, ვარჯიში) შეიძლება ეფექტური აღმოჩნდეს, მაგრამ იშვიათად არის საკმარისი მედიკამენტების გამოყენების გარეშე. თირკმლების უკმარისობის მკურნალობაც აუცილებელია. ზოგჯერ, თირკმლების ფუნქცია იმდენად უმჯობესდება, რომ დიალიზი აღარ ხდება საჭირო.