თირკმლის ვენის თრომბოზი | მკურნალი.გე
  1. თირკმლის ვენის თრომბოზი
  2. თირკმლის სისხლძარღვების დაავადებები
  3. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
თირკმლის ვენის თრომბოზი

თირკმლის ვენის თრომბოზის დროს თრომბი ახშობს იმ სისხლძარღვს, რომელსაც სისხლი თირკმლიდან გააქვს.

  • თრომბმა შეიძლება თირკმელი დააზიანოს ან მოწყდეს ადგილიდან და სისხლის ნაკადს გაჰყვეს (ემბოლია).

  • თუ თრომბი უეცრად არ განვითარდა, სიმპტომები შეიძლება ძალიან მსუბუქად იყოს გამოხატული.

  • დიაგნოსტირება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული ან მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიით ხდება.

  • სამკურნალოდ გამოიყენება ანტიკოაგულანტები და, ზოგჯერ, თრომბის დამშლელი (ფიბრინოლიზური) მედიკამენტები.

მოზრდილებში თირკმლის ვენის თრომბოზი ნეფროზული სინდრომის გამომწვევი დაავადებების ფონზე ვითარდება (ამ დროს შარდით დიდი რაოდენობით ცილა იკარგება). მიზეზი ასევე შეიძლება იყოს თირკმლის კიბო, თირკმლის ვენაზე ან ქვემო ღრუ ვენაზე (რომელსაც თირკმლის ვენა უერთდება) რაიმე მიზეზით (მაგალითად, სიმსივნით) შეპირობებული ზეწოლა. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია: სისხლის შედედების დარღვევები (შედედების უნარის მომატება), ვასკულიტი, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან თირკმლების დაზიანებით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი, ჩასახვის საწინააღმდეგო დასალევი საშუალებები, ტრავმა, კოკაინის მოხმარება ან, იშვიათად, მიგრირებადი თრომბოფლებიტი, რომლის დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილების ვენებში წარმოიქმნება თრომბები.

სიმპტომები

თირკმლის ვენის თრომბოზი უპირატესწილად ზრდასრულების დაავადებაა.იწყება უსიმპტომოდ, პროგრესირებს ნელა. ეჭვი ამ დაავადების არსებობაზე მას შემდეგ იბადება, რაც თრომბს პატარა ნაწილი მოსწყდება და თირკმლის ვენიდან ფილტვში მოხვდება (პულმონური ემბოლიზმი). ფილტვის ემბოლიის დროს გულმკერდის არეში უეცრად იწყება ტკივილი, რომელიც ძლიერდება სუნთქვისას, გამოხატულია ქოშინი. ზოგჯერ თირკმლის ვენის თრომბოზი შეიძლება შარდის მოცულობის შემცირებით გამოვლინდეს.

ბავშვების უმრავლესობას და ზოგიერთ მოზრდილს დაავადება უეცრად ეწყება და სწრაფად პროგრესირებს. ტკივილი წელის არეში ან თეძოებთან ხშირად პირველი სიმპტომია. შესაძლებელია სხეულის მაღალი ტემპერატურა, შარდის რაოდენობის შემცირება და სისხლიანი შარდვა.

დიაგნოზი

სისხლის ანალიზებმა შეიძლება დაადასტუროს თირკმლების უკმარისობა. თირკმლის ვენის თრომბოზის დიაგნოზი კომპიუტერულ-ტომოგრაფიული და მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფიის მონაცემებს ეფუძნება. ეს კვლევები საკმაოდ ზუსტია და, იმავდროულად, არ საჭიროებს კათეტერის ღრმად მდებარე არტერიაში ან ვენაში შეყვანას. ამიტომაც უპირატესობა ამ მეთოდებს ენიჭება. ულტრასონოგრაფია არც ისე ზუსტია, მაგრამ სრულიად უსაფრთხოა. თუ ვენა უეცრად დაიხშო, ულტრასონოგრაფიით ფიქსირდება გადიდებული თირკმლები. დოპლერული ულტრასონოგრაფიით შეიძლება დადასტურდეს, რომ თირკმლის ვენაში სისხლი არ მოძრაობს. საკონტრასტო ნივთიერების არტერიაში ან ღრმა ვენაში შეყვანის შემდეგ ქვემო ღრუ ვენის ან თირკმლის ვენის რენტგენოგრაფია (ვენოგრაფია) ყველაზე ზუსტ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ შესაძლოა თრომბების მოწყვეტა, მათი სისხლის ნაკადში გადასვლა გამოიწვიოს. ამას ემბოლიზაცია ეწოდება, ის მრავალი გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს.

პროგნოზი

გამოსავალი დამოკიდებულია თრომბის წარმოქმნის მიზეზზე, გართულებებსა და თირკმლების დაზიანების ხარისხზე. თირკმლის ვენის თრომბოზის გამო პაციენტები იშვიათად იღუპებიან. ლეტალური გამოსავალი, როგორც წესი, თრომბოზის გამომწვევი სასიკვდილო დაავადების ან თავად თრომბოზის გართულებების, მაგალითად, პულმონური ემბოლიზმის შედეგია. თირკმლების ფუნქციის დაქვეითების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, ორივე მათგანი დაზიანდა თუ ერთი, სისხლის დინება აღდგა თუ არა და, აგრეთვე, როგორი იყო თირკმლების ფუნქციური მდგომარეობა თირკმლის ვენის დახშობამდე.

მკურნალობა

მკურნალობის ძირითადი მეთოდია ანტიკოაგულაციური (სისხლის შედედების საწინააღმდეგო) საშუალებების გამოყენება, რაც აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციონირებას, ამცირებს ახალი კოლტების ჩამოყალიბების და ფილტვის ემბოლიის ალბათობას. თრომბის დამშლელი (ფიბრინოლიზური) მედიკამენტები ახალი საშუალებებია და თანდათან უფრო ფართოდ გამოიყენება, მაგრამ არა ყოველთვის. ზოგჯერ, თუმცა არც ისე ხშირად, თირკმლის ვენიდან თრომბის მოსაცილებლად ქირურგიული ჩარევაც ტარდება. თავად თირკმლის ამოკვეთა იშვიათად ხდება საჭირო, ისიც მხოლოდ სხვა გართულებების, მაგალითად, მაღალი არტერიული წნევის არსებობისას.