თირკმლისმიერი გლუკოზურიისას (იგივე გლიკოზურია), გლუკოზა (შაქარი), მიუხედავად იმისა, რომ მისი შემცველობა სისხლში ნორმალურია ან შემცირებულია, შარდთან ერთად გამოიყოფა.
ნორმაში ორგანიზმიდან გლუკოზა შარდით მხოლოდ მაშინ გამოიყოფა, როცა მისი დონე სისხლში ძალიან მაღალია. ჯანმრთელი მოზრდილების სხეულში თირკმელში სისხლიდან გაფილტრული გლუკოზა უმრავლეს შემთხვევაში მთლიანად უკან შეიწოვება. თირკმლისმიერი გლუკოზურიის დროს, მიუხედავად იმისა, რომ გლუკოზის შემცველობა სისხლში ნორმას არ აღემატება ან ნორმაზე დაბალია, ის შარდთან ერთად მაინც გამოიყოფა. ამისი მიზეზია მილაკების უჯრედების ფუნქციის დარღვევის გამო გლუკოზის უკუშეწოვის შეფერხება. ეს დაავადება შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს.
ამ მდგომარეობის დროს სიმპტომები არ ვლინდება და სერიოზული გართულებები არ ვითარდება. დიაგნოზი მაშინ ისმება, როცა სხვა მიზეზით ჩატარებულ შარდის ანალიზში გლუკოზა აღმოჩნდება, სისხლში მისი ნორმალური დონის მიუხედავად. პაციენტების მცირე ნაწილში თირკმლისმიერი გლუკოზურია შეიძლება შაქრიანი დიაბეტის ადრეული ნიშანი იყოს. მკურნალობა საჭირო არ არის.