თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა განზავებული შარდი, ვინაიდან თირკმლები ადეკვატურად ვერ პასუხობს ანტიდიურეზული ჰორმონის ზემოქმედებას და კონცენტრირებულ შარდს ვერ წარმოქმნის.
უშაქრო და მოსახლეობისთვის უფრო ცნობილ შაქრიან დიაბეტს შორის მხოლოდ ის მსგავსებაა, რომ ორივე შემთხვევაში შარდი დიდი რაოდენობით გამოიყოფა. სხვა მხრივ ეს ორი დაავადება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.
უშაქრო დიაბეტის ორი სახე არსებობს. თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დროს თირკმლები ანტიდიურეზული ჰორმონის (ვაზოპრესინის) მოქმედებას არ პასუხობს და აგრძელებს დიდი რაოდენობით განზავებული შარდის გამოყოფას. უფრო გავრცელებულია მეორე ფორმა – ცენტრალური უშაქრო დიაბეტი, რომლის დროსაც ჰიპოფიზი ანტიდიურეზულ ჰორმონს არ გამოჰყოფს.
ნორმაში თირკმლებით გამოყოფილი შარდის რაოდენობა ორგანიზმის საჭიროებების მიხედვით იცვლება, რაც ანტიდიურეზული ჰორმონის მოქმედების საპასუხოდ ხდება. ეს ნივთიერება, რომელსაც ჰიპოფიზი გამოყოფს, სიგნალს აძლევს თირკმლებს, რომ საჭიროა წყლის შეკავება ორგანიზმში და უფრო კონცენტრირებული შარდის წარმოქმნა. თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დროს თირკმლები არ პასუხობს ჰორმონის მოქმედებას.
დაავადება შეიძლება მემკვიდრეობითი იყოს. გენი, რომელიც ამ დარღვევას იწვევს რეცესიულია და ერთ-ერთ სასქესო X ქრომოსომაზეა მოთავსებული. შესაბამისად, სიმპტომები მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანებში ვლინდება. თუმცა, ქალებმა, რომლებიც დეფექტური გენის მატარებლები არიან, დაავადება შეიძლება ვაჟებს გადასცენ. სხვა შემთხვევაში თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი შესაძლოა ზოგიერთი მედიკამენტით იყოს გამოწვეული, სახელდობრ, ანტიდიურეზული ჰორმონის დამთრგუნავი წამლით, მაგალითად – ლითიუმით. გარდა ამისა, სისხლში კალციუმის მაღალმა და კალიუმის დაბალმა დონემაც შეიძლება ნაწილობრივ შეუშალოს ხელი ამ ჰორმონის მოქმედებას. თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი მაშინაც ვითარდება, როცა თირკმლები ზიანდება პოლიცისტური დაავადების, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, ღრუბლისებური თირკმლის, მძიმე ინფექციის (პიელონეფრიტი), ამილოიდოზის, შოგრენის სინდრომის ან მიელომის გამო.
თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის სიმპტომებია: გაძლიერებული წყურვილი (პოლიდიფსია) და დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა (პოლიურია). როცა დაავადება მემკვიდრეობითია ეს სიმპტომები დაბადების შემდეგ მალევე ვლინდება. ახალშობილებს არ შეუძლიათ გამოხატონ, რომ სწყურიათ და ამის გამო მათ ძლიერი გაუწყლოება შეიძლება განუვითარდეთ. ამ დროს შესაძლოა სხეულის ტემპერატურამ იმატოს, დაიწყოს ღებინება და გულყრები.
თუ მემკვიდრეობითი თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი სწრაფად არ დაისვა და მკურნალობა დროულად არ დაიწყო, შეიძლება ტვინი დაზიანდეს, რაც გონებრივ ჩამორჩენას იწვევს. ხშირი გაუწყლოება აფერხებს ფიზიკურ განვითარებას. მკურნალობის ფონზე ამ დაავადების მქონე ახალშობილი ნორმალურად ვითარდება.
ანალიზებით ვლინდება შარდის განზავება და მასში ნატრიუმის დიდი რაოდენობა, ზოგჯერ წყლის დეპრივაციის ტესტი ტარდება დიაგნოზისთვის.
თუ თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დიაგნოზი მძიმე გაუწყლოების შემთხვევების გამოჩენამდე დაისვა, პროგნოზი კეთილსაიმედოა. თუ დაავადება მემკვიდრეობითი არ არის, გამომწვევი მდგომარეობის მკურნალობით თირკმლის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელია.
გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად უშაქრო დიაბეტის დროს ადამიანმა მოწყურებისთანავე უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით სითხე. გასათვალისწინებელია, რომ ახალშობილები, ბავშვები და ზოგჯერ მოხუცები მოხსენიებულის დამოუკიდებლად გაკონტროლებას ვერ ახერხებენ. ადამიანებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებენ, გაუწყლოების ნაკლები რისკი აქვთ, მაგრამ მისი ალბათობა იზრდება, თუ რამდენიმე საათის განმავლობაში არ დალევენ წყალს. საკვებში მარილის შეზღუდვაც ეფექტურია ხოლმე. დაავადების სამკურნალოდ ზოგჯერ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) და თიაზიდური შარდმდენები გამოიყენება. ისინი სხვადასხვანაირად მოქმედებენ, მაგრამ ორივე აძლიერებს თირკმლებში ნატრიუმისა და წყლის უკუშეწოვას, რის შედეგადაც შარდის ნაკლები რაოდენობა გამოიყოფა.