საშარდე გზების ინფექციები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. საშარდე გზების ინფექციები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)
  2. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები
საშარდე გზების ინფექციები (თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები)

ჯანმრთელ ადამიანებში შარდის ბუშტში დაგროვილი შარდი სტერილურია – ბაქტერიებსა და სხვა ინფექციურ მიკროორგანიზმებს არ შეიცავს. შარდის ორგანიზმიდან გამომტანი მილი – შარდსადენიც არ შეიცავს ბაქტერიებს ან ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რომ ინფექცია გამოიწვიოს. თუმცა, ინფექცია საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს და მას საშარდე გზების ინფექციას უწოდებენ (სგი).

სგი ორ ჯგუფად იყოფა: ზედა და ქვედა, იმის მიხედვით, თუ რომელ ნაწილში განვითარდა. ქვედა სგი შარდსადენის ან შარდის ბუშტის ინფექციაა. ზოგი ექიმი თვლის, რომ წინამდებარე ჯირკვლის ინფექციაც (პროსტატიტი) ამ ჯგუფს უნდა მიეკუთვნოს. ზედა საშარდე გზების ინფექციები თირკმელში ვითარდება (პიელონეფრიტი). წყვილ ორგანოებში, მათ შორის თირკმლებშიც, ინფექციამ შეიძლება ერთი ან ორივე ორგანო დააზიანოს. სგი შეიძლება ბავშვებშიც განვითარდეს და ზრდასრულებშიც.

მიზეზები

ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ორიდან ერთი საშუალებით ხვდება. ყველაზე ხშირად ისინი ორგანიზმში საშარდე გზების უკიდურესი ქვედა ნაწილიდან – შარდსადენის გარეთა ხვრელიდან შეაღწევენ, რომელიც მამაკაცებში ასოს თავზე, ხოლო ქალებში ვულვაშია მოთავსებული. ინფექცია აღმავალი გზით მიემართება შარდის ბუშტისკენ და ზოგჯერ, თირკმლებისკენაც. მეორე გზა, რომლითაც მიკროორგანიზმები საშარდე გზებში ხვდება, სისხლის მიმოქცევაა. ამ დროს ისინი, როგორც წესი, თირკმელში ხვდებიან.

სგი-ები თითქმის ყოველთვის ბაქტერიებითაა გამოწვეული, თუმცა ზოგჯერ მიზეზი შეიძლება ვირუსი, სოკო ან პარაზიტიც იყოს. სგი-ების 85%-ზე მეტს ნაწლავებიდან ან საშოდან მოხვედრილი ბაქტერიები იწვევს. თუმცა, ჩვეულებრივ, საშარდე გზებში შეღწეული ბაქტერიები შარდის ნაკადით გამოიდევნება ბუშტის დაცლასთან ერთად.

ბაქტერიები: ქვედა საშარდე გზების, ანუ შარდსადენის და შარდის ბუშტის, ბაქტერიული ინფექციები ძალიან ხშირია, განსაკუთრებით ახალგაზრდა სქესობრივად აქტიურ ქალებში. ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიკროორგანიზმი ნაწლავის ჩხირია. როცა ადამიანს თირკმლის კენჭი აქვს, საშარდე გზებში შეიძლება სპეციფიკური ბაქტერია – პროტეუსი გამრავლდეს. 20-50 წლის ასაკში სგი-ები 50-ჯერ უფრო ხშირია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. ამის მიზეზი კაცებში შარდსადენის მეტი სიგრძეა, რის გამოც ბაქტერიებს უჭირთ იმდენად ზევით შეღწევა, რომ ინფექცია გამოიწვიონ. 50 წლის ზემოთ საშარდე გზების ინფექციები ორივე სქესში ხშირდება და გავრცელებაში განსხვავებაც ნაკლებია.

ვირუსები: შარდსადენი შეიძლება დააინფიციროს მეორე ტიპის მარტივმა ჰერპესის ვირუსმა (HSV-2), რაც იწვევს ტკივილს შარდვისას და აძნელებს შარდის ბუშტის დაცლას.

სოკოები: საშარდე გზების ინფექციების გამოწვევა ზოგიერთ სოკოს, მათ შორის საფუარასაც, შეუძლია (საფუარა სოკოები ვაგინიტსაც იწვევს). მათ შორის ყველაზე ხშირად მიზეზი სოკო კანდიდაა. კანდიდა საკმაოდ ხშირად იწვევს სგი-ს დაქვეითებული იმუნიტეტის ან შარდის ბუშტის კათეტერის მქონე ადამიანებში. იშვიათად სგი-ს მიზეზი შეიძლება სხვა სახის სოკოებიც იყოს, მაგ. ბლასტომიკოზისა და კოკციდიომიკოზის გამომწვევები, შესაბამისად Blastomycesდა Coccidioides.სოკოებსა და ბაქტერიებს იმავდროულად თირკმლების ინფიცირებაც შეუძლიათ.

პარაზიტები: საშარდე გზების ინფექციას რამდენიმე პარაზიტიც იწვევს, მათ შორის ზოგიერთი ჭია.

ტრიქომონიაზი სქესობრივად გადამდები დაავადებაა, რომელსაც მიკროსკოპული პარაზიტი იწვევს და ვლინდება საშოდან დიდი რაოდენობით მომწვანო-მოყვითალო, ქაფიანი გამონადენით. ზოგჯერ შარდის ბუშტისა და შარდსადენის ინფექციაც ვითარდება. ტრიქომონიაზს შარდსადენის დაინფიცირება კაცებშიც შეუძლია. როგორც წესი, ამ დროს სიმპტომები არ ვლინდება, თუმცაღა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის ანთება – პროსტატიტი განვითარდეს.

შისტოსომოზმა, ჭიით გამოწვეულმა ინფექციამ, შეიძლება დააზიანოს თირკმლები, შარდსაწვეთები ან შარდის ბუშტი. იგი ხშირად იწვევს თირკმლის მძიმე უკმარისობას აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და აზიაში მცხოვრებ ადამიანებში. შარდის ბუშტის ხანგრძლივი შისტოსომოზის დროს სისხლიანი შარდვა ვლინდება, შესაძლოა დაიხშოს შარდსაწვეთები და საბოლოოდ შარდის ბუშტის კიბო განვითარდეს.

ფილარიაზი, რომელსაც ძაფისებრი ჭია იწვევს, ლიმფურ ძარღვებს ახშობს, რის გამოც შარდში ლიმფა გადადის (ქილურია). ამ დაავადებამ ქსოვილების უზარმაზარი შეშუპება – გასპილოვნება შეიძლება გამოიწვიოს, რომელიც, მამაკაცებში შესაძლოა სათესლე პარკზეც გავრცელდეს.