კენჭები მყარი წარმონაქმნებია, რომლებიც საშარდე გზების ნებისმიერ ნაწილში შეიძლება წარმოიშვას და გამოიწვიოს ტკივილი, სისხლდენა, შარდის დინების შეფერხება ან ინფექცია.
ადგილმდებარეობის მიხედვით კენჭი შეიძლება იყოს თირკმლის, შარდსაწვეთის ან შარდის ბუშტის. მათი წარმოქმნის პროცესს უროლითიაზს ან ნეფროლითიაზს უწოდებენ.
აშშ-ში ყოველწლიურად ათასიდან ერთი ზრდასრული ადამიანი ხვდება საავადმყოფოში საშარდე გზების კენჭების გამო. ყველაზე ხშირად ისინი საშუალო და უფროსი ასაკის პირებს უვითარდება. ის უფრო ხშირია მამაკაცებში. კენჭები ზომით განსხვავებულია და შეიძლება იყოს იმდენად მცირე, რომ თვალით არც კი ჩანდეს ან მისი დიამეტრი 2,5 სმ-ს და მეტსაც აღწევდეს. ე.წ. მარჯნისებრი კენჭი შეიძლება თირკმლის მთელ მენჯსა და ფიალებს ავსებდეს (პატარა მილაკებს, ფიალისებურ ჩაღრმავებებსა და იმ სივრცეს, სადაც შარდი საბოლოოდ გროვდება თირკმელში).
საშარდე გზების დახშობის შედეგად ობსტრუქციის ზემოთ დაგროვილ შარდში შეიძლება ბაქტერიები გამრავლდეს და ინფექცია განვითარდეს. როცა კენჭები საშარდე გზებს ხანგრძლივად ახშობს, შარდი უკან მიედინება თირკმლის მილაკებში, წნევას ზრდის მასში და თირკმლის გაჭიმვას, გაფართოებას იწვევს. ამას ჰიდრონეფროზი ეწოდება და საბოლოოდ თირკმელს აზიანებს.
კენჭები ორი მიზეზით წარმოიშობა: შარდი ან გაჯერებულია კენჭების წარმომქმნელი მარილებით ან კენჭის წარმოქმნის დამთრგუნველი ნივთიერებების ნაკლებობაა მასში. ერთ-ერთი მათგანია ციტრატი, რომელიც ნორმაში კალციუმს უკავშირდება და ხელს უშლის მას კენჭებად დალექვაში. კენჭთა დაახლოებით 80% კალციუმისაა, დანარჩენი კი შარდმჟავას, ცისტინის და ან სტრუვიტისგან წარმოიქმნება. კენჭოვანი დაავადება უფრო ხშირია გარკვეული დაავადების მქონე ადამიანში (მაგალითად, ჰიპერპარათირეოზი ან მოკლე ნაწლავის სინდრომი) და ცილის ან C ვიტამინის ჭარბად შემცველი დიეტით კვებისას ან არასაკმარისი წყლისა და კალციუმის მიღების დროს. კალციუმის კენჭების წარმოქმნის რისკი უფრო დიდია, თუ ოჯახის წევრებსაც აღენიშნებოდათ ეს დარღვევა.
სტრუვიტის კენჭებს, რომლებიც მაგნიუმის, ამონიუმისა და ფოსფატის ნარევისაგან ყალიბდება, ინფექციურ კენჭებსაც ეძახიან, რადგან ისინი მხოლოდ ინფიცირებულ შარდში წარმოიქმნება.
კენჭებმა, განსაკუთრებით კი მცირე ზომისამ, შეიძლება სიმპტომები არც კი გამოიწვიოს. შარდის ბუშტში მათი არსებობა ზოგჯერ მუცლის ქვედა ნაწილში იწვევს ტკივილს. შარდსაწვეთის, თირკმლის მენჯის ან მისი რომელიმე მილაკის დახშობის შემთხვევაში წელის ტკივილი ან თირკმლის ჭვალი ვითარდება. ჭვლის დროს ტკივილი შეტევითი ხასიათისაა და გაუსაძლისია, როგორც წესი, წარმოიშობა გვერდში (სივრცე ნეკნებსა და თეძოს შორის), გადაეცემა მუცელში, საზარდულსა და ბარძაყის შიდა ზედაპირზე. ტკივილი მოვლითი ხასიათისაა, ნელ-ნელა იმატებს, აღწევს პიკს და მერე კვლავ იკლებს 20-60 წუთის განმავლობაში. იგი შეიძლება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულში, სათესლეებში ან ქალის გარეთა სასქესო ორგანოებში (ვულვაში) გადაეცემოდეს.
სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია გულისრევა და ღებინება, მოუსვენრობა, ოფლიანობა და სისხლიანი შარდვა. ადამიანს შეიძლება ხშირად აწუხებდეს მოშარდვის სურვილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა კენჭი შარდსაწვეთის დასწვრივ მოძრაობს. ზოგჯერ შემცივნება, მაღალი ტემპერატურა და მუცლის შებერილობაც ვითარდება.
ექიმებს ეჭვი კენჭების არსებობაზე თირკმლის ჭვლის დროს მიაქვთ. ზოგჯერ მაშინაც სავარაუდოა ამ დაავადების არსებობა, როცა ადამიანებს მტკივნეულობა აღენიშნებათ წელის ან საზარდულის არეში ან ტკივილი სასქესო ორგანოების მიდამოშია და მიზეზი უცნობია. ზოგჯერ, სიმპტომები და გასინჯვის შედეგები იმდენად კარგად მიანიშნებს კენჭის არსებობაზე, რომ დამატებითი კვლევები საჭირო არც არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანს ადრეც ჰქონია ეს პრობლემა. თუმცა, ადამიანთა უმრავლესობას ძლიერ ტკივილთან ერთად სხვა დაავადებებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებიც აქვთ და მათი გამორიცხვაც აუცილებელია. ამ დროს საუკეთესო კვლევაა სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT) საკონტრასტო ნივთიერების გარეშე. მისი საშუალებით შეიძლება ზუსტად განისაზღვროს კენჭის მდებარეობა და საშარდე გზების დახშობის ხარისხი. ეს კვლევა იმ ბევრი სხვა დაავადების სადიაგნოზოდაც გამოდგება, რომლებიც კენჭებით გამოწვეული ტკივილის მსგავს ტკივილს იწვევენ. კომპიუტერული ტომოგრაფიის ცუდი მხარე ის არის, რომ ადამიანი ამ დროს სხივდება. თუმცა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, როცა ტკივილის გამომწვევი მიზეზი შეიძლება რაიმე მძიმე დაავადება იყოს, რომლის დიაგნოსტიკაც ამ კვლევის საშუალებით მოხდება (მაგალითად, აორტის ანევრიზმა ან აპენდიციტი). კტ-ის ალტერნატიული მეთოდია ულტრასონოგრაფია, რომელიც არავითარ დასხივებას არ მოიცავს. თუმცა, ულტრასონოგრაფიის დროს კტ-სთან შედარებით შეიძლება უფრო ხშირად ვერ მოხერხდეს პატარა კენჭების აღმოჩენა (განსაკუთრებით თუ ისინი შარდსაწვეთშია), საშარდე გზების დახშობის ზუსტი ადგილის პოვნა ან რაიმე სხვა დაავადების დადგენა, რომელიც სიმპტომებს განაპირობებს.
ჩვეულებრივ, შარდის ანალიზიც კეთდება. შარდში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლი ან ჩირქი მიუხედავად იმისა, სიმპტომები გამოხატულია თუ არა.
როცა კენჭის არსებობა დადგენილია, ექიმი სპეციფიკურ ანალიზებს ატარებს კენჭის ტიპის დასადგენად. ადამიანი უნდა ეცადოს, რომ გამოდევნილი კენჭი შეინახოს. არსებობს სპეციალური ფილტრებიც, რომელშიც შარდი გადის და კენჭი ზედ რჩება, შემდეგ კი გამოსაკვლევად იგზავნება. კენჭის ტიპის დადგენის შემდეგ შეიძლება შარდის ანალიზის, აგრეთვე, სისხლის ბიოქიმიური და ჰორმონული ანალიზების გაკეთება გახდეს საჭირო.
ახალი კენჭების ფორმირების თავიდან აცილება სხვადასხვაგვარად ხდება, რაც კენჭის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.
ყველა შემთხვევაში სასურველია ყოველდღიურად დიდი რაოდენობით სითხის მიღება (8-10 ცალი 300-მილილიტრიანი ჭიქა), თუმცა ზუსტად არ არის დადგენილი, რამდენად ეფექტურია ეს. კალციუმის კენჭების მქონე ბევრ ადამიანს ჰიპერკალციურია აქვს, ანუ შარდით დიდი რაოდენობით გამოყოფენ ამ ნივთიერებას. მათთვის რეკომენდებულია ნატრიუმით ღარიბი და კალიუმით მდიდარი საკვების მიღება. მათ კალციუმი თითქმის ჩვეულებრივი რაოდენობით უნდა მიიღონ – 1000-1500 მილიგრამი დღეში. ცილისა და წითელი ხორცის შეზღუდვა კენჭების ფორმირების რისკს ამცირებს. თიაზიდური შარდმდენები, მაგალითად, ქლორთალიდონი ან ინდაპამიდი, ასევე აქვეითებს კალციუმის რაოდენობას შარდში და ახალი კენჭების წარმოქმნის რისკს ამცირებს. კალიუმის ციტრატი ინიშნება შარდში ციტრატის შემცველობის გასაზრდელად, რაც კალციუმის კენჭების ფორმირებას თრგუნავს.
კალციუმის კენჭების ფორმირებას შარდში არსებული დიდი რაოდენობით ოქსალატიც უწყობს ხელს, რაც შეიძლება ნაწლავის ზოგიერთი დაავადებით ან ოქსალატების ჭარბად შემცველი საკვების (მაგალითად, ისპანახი, რევანდის, კაკაო, ნიგოზი, წიწაკა, ჩაი) მიღებით იყოს გამოწვეული. შარდში ოქსალატის დონის შემცირება შესაძლებელია კალციუმის ციტრატის, ქოლესტირამინის მიღებით, საკვებში ოქსალატისა და ცხიმის შეზღუდვით. ეს ნივთიერება ორგანიზმშიც წარმოიქმნება, რასაც პირიდოქსინი თრგუნავს.
იშვიათად კალციუმის კენჭები ჰიპერპარათირეოზის, სარკოიდოზის, D-ვიტამინით მოწამვლის, თირკმლის მილაკოვანი აციდოზის ან სიმსივნის გამო წარმოიქმნება. ამ დროს საჭიროა შესაბამისი დაავადების მკურნალობა.
შარდმჟავას შემცველი კენჭების თავიდან ასაცილებლად სასურველია ნაკლები წითელი ხორცის მიღება, რადგან იგი ზრდის შარდმჟავას შემცველობას შარდში. თუკი ეს ეფექტური არ არის, შარდმჟავას წარმოქმნის დასაქვეითებლად ინიშნება ალოპურინოლი. შარდმჟავას კენჭები შარდის მაღალი მჟავიანობის დროს წარმოიქმნება. შესაბამისად, საჭიროა შარდის გატუტიანება, რაც კალიუმის ციტრატის მიღებით ხერხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიურად სითხის დიდი რაოდენობის მიღებაც.
ცისტინისგან წარმოქმნილი კენჭების დროს შარდში ამ ნივთიერების შემცველობის დაქვეითებაა საჭირო, რაც დიდი რაოდენობით სითხეებისა და ზოგჯერ ალფა-მეკაპტოპროპიონილგლიცინის (თიოპრონინის) ან პენიცილამინის მიღებით ხერხდება.
სტრუვიტის კენჭების განმეორებითი წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ანტიბიოტიკების რეგულარულად მიღება, რათა საშარდე გზების ინფექცია განიკურნოს. ამ დროს შეიძლება ასევე ეფექტური იყოს აცეტოჰიდროქსამის მჟავა.
პატარა კენჭებს, რომლებიც სიმპტომებს, საშარდე გზების დახშობას ან ინფექციას არ იწვევს, როგორც წესი, მკურნალობა არ სჭირდება. კენჭების გამოდევნისთვის რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის დალევა ან ინტრავენურად გადასხმა, მაგრამ ზუსტად არაა დამტკიცებული, ეფექტურია თუ არა ეს ხერხი. მედიკამენტებიდან შეიძლება დაინიშნოს ალფა-ადრენერგული ბლოკერები (მაგალითად, ტამსულოზინი) ან კალციუმის არხის ბლოკერები (დილთიაზემი, ნიფედიპინი, ვერაპამილი). კენჭის გამოდევნის შემდეგ რაიმე დაუყოვნებლივი მკურნალობა საჭირო არ არის. თირკმლის ჭვლის ტკივილის გაყუჩება შეიძლება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (ასას) ან ოპიოიდების გამოყენებით.
თირკმლის მენჯში ან შარდსაწვეთის ზედა ნაწილში მოთავსებული ერთი სანტიმეტრის ან უფრო მცირე დიამეტრის კენჭის დაშლა ბგერითი ტალღების მეშვეობითაა შესაძლებელი, რომელსაც სპეციალური გენერატორი გამოიმუშავებს და პირდაპირ კენჭისკენ მიმართავს (ექსტრაკორპორული დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია). კენჭის ნაწილები შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა. ზოგჯერ, კანის მცირე განაკვეთიდან შეჰყავთ ენდოსკოპი (სპეციალური კამერიანი მილი) და პინცეტით იღებენ კენჭს. მისი დაშლა კონტაქტური ლითოტრიფსიითაც შეიძლება და შემდეგ ნამსხვრევები შარდით გამოიდევნება.
პატარა კენჭები, რომლებიც შარდსაწვეთის ქვედა ნაწილებშია და მკურნალობას საჭიროებს, შეიძლება სპეციალური დრეკადი ენდოსკოპით – ურეტეროსკოპით გამოიღონ. იგი შარდსადენისა და შარდის ბუშტის გავლით შეჰყავთ საჭირო ადგილას. ზოგჯერ მას კენჭების დასაშლელადაც გამოიყენებენ, ნამსხვრევებს კი გამოიღებენ ან თავისით გამოჰყვება შარდს (ინტრაკორპორული ლითოტრიფსია). ყველაზე ხშირად ლაზერული აპარატი გამოიყენება. ამ შემთხვევაში პროცედურას ჰქვია ლითოტრიფსია ჰოლმიუმის ლაზერით.
შარდმჟავას კენჭები შეიძლება ნელ-ნელა დაიშალოს და გაიხსნას შარდის გატუტიანების შემთხვევაში (მაგ. 4-6 თვის მანძილზე კალიუმის ციტრატის დალევით), მაგრამ სხვა კენჭებს ეს არ ეხება. ზოგჯერ დიდი ზომის, საშარდე გზების ობსტრუქციის გამომწვევი კენჭების მოსაშორებლად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.
სტრუვიტის კენჭების მოსაცილებლად ენდოსკოპიური ქირურგია გამოიყენება. კენჭის მოშორების გარეშე საშარდე გზების ინფექციის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ეფექტური არ არის.