უსიმპტომო ბაქტერიურიის დროს შარდში ბაქტერიები ნორმაზე დიდი რაოდენობითაა, მაგრამ სიმპტომები არ ვლინდება.
ამ მდგომარეობას, როგორც წესი, არ მკურნალობენ, რადგან გართულებები იშვიათია, ხოლო ბაქტერიების მოშორება – საკმაოდ რთული. ასევე, ანტიბიოტიკების მიღებამ შეიძლება ორგანიზმში მიკროორგანიზმების ბალანსის მოშლა გამოიწვიოს და ზოგჯერ ისეთი ბაქტერიები გამრავლდეს, რომელთა საწინააღმდეგო მკურნალობაც კიდევ უფრო რთულია.
გამონაკლისს წარმოადგენენ ისინი, ვისაც საშარდე გზების ინფექციის განვითარების დიდი რისკი აქვს. ასეთი მდგომარეობებია: ორსულობა, გადანერგილი თირკმელი, იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტების მიღება ან დაქვეითებული იმუნიტეტი (შიდსის, ზოგი სიმსივნის, სისხლის თეთრი უჯრედების ნაკლებობის გამო). მაგალითად, ცისტიტის დროს შეიძლება ინფექცია აღმავალი გზით, თირკმლებში გავრცელდეს და პიელონეფრიტი გამოიწვიოს, რაც ძალიან საშიშია ორსულებისთვის. ამ დროს შესაძლოა ნაადრევი მშობიარობაც კი დაიწყოს. საშარდე გზების ინფექციამ, ასევე შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი გადანერგვის შემდეგ. რაიმე მედიკამენტის მიღების ან დაავადების გამო იმუნიტეტის დაქვეითებისას საშარდე გზების ინფექციამ შეიძლება სისხლის ინფიცირებაც კი გამოიწვიოს, რაც პოტენციურად სასიკვდილოა. ზოგჯერ იმუნური სისტემა კიბოს ქიმიოთერაპიის შემდეგაც ითრგუნება. უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობა საჭიროა ადამიანებში, რომლებსაც თირკმლის კენჭების ზოგიერთი სახე აღენიშნებათ, მათი მოშორება ვერ ხერხდება და საშარდე გზების ინფექციები ხშირად ვითარდება.